2016-03-22

სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრი „იდეა“ აგრძელებს მუშაობას ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაზე

მიმდინარე წლის 15 მარტს თსუ მაღლივ კორპუსში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური კვლევებისა და პროექტების ცენტრ „იდეა“-ს კაბინეტში (ოთახი #1211) გაიმართა საქმიანი შეხვედრა ყაზბეგის პროექტის გუნდის წევრებსა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, ბატონ თეიმურაზ ბერიძეს შორის.

2015 წლის 17 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი გახდა საფუძველი იმისა, რომ პროექტების ცენტრი „იდეას“ წევრებისგან დაკომპლექტებული საპროექტო გუნდი გასული წლის ნოემბრიდან მუშაობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმაზე, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათს ატარებს.



ყაზბეგის საპროექტო გუნდის შემადგენლობაში არიან ცენტრ „იდეას“ წევრი სტუდენტები: მარიამ ჯიბუტი (გუნდის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხი (ხელმძღვანელის მოადგილე),შოთა ჯიბუტი, სალომე სალია, ნიკა კახიძე, გვანცა კურატიშვილი, მარიამ მჭედლიძე, ტონი ძნელაძე, საბა ბერიაშვილი, ნიკა ჩახვაშვილი, ნია თოდუა, იულია ჯანაშვილი, გიორგი კალაიჯიშვილი. გუნდს  სამეცნიერო ხელმძღვანელობას უწევს ცენტრის დირექტორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებული პროფესორი გიორგი შიხაშვილი. პროექტზე მუშაობაში ჩართული არიან ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სხვა წარმომადგენლებიც.

შეხვედრაზე  ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა  თეიმურაზ ბერიძემ აღნიშნა, რომ ცენტრი „იდეას“-ს მიერ წამოწყებული პროექტი ახალი ნაბიჯია ქვეყნის განვითარებაში სტუდენტების მონაწილეობის სფეროში და დიდად  შეუწყობს ხელს სტუდენტებს პროფესიულ-სამეცნიერო წინსვლაში. ბატონმა თეიმურაზმა დასძინა : „თქვენს მიერ წამოწყებულ პროექტს, სხვა მნიშვნელოვან მხარეებთან ერთად  აქვს ისეთი რამ, რაც გაამდიდრებს თანამედროვე საინფორმაციო სივრცეს, რადგან პროექტში ასახული იქნება მონაცემები, რომლებიც ნაკლებად არის ცნობილი ფართო საზოგადოებისათვის“.



პროექტში მონაწილე სტუდენტები აპრილის დასაწყისიდან  საველე სამუშაოებზე გადავლენ, რომელთა განხორციელებაში ყაზბეგის თვითმმართველობის ორგანოები (საკრებულოს თავმჯდომარე - შალვა ელოშვილი; გამგეობის თავმჯდომარე - გივი ქირიკაშვილი) შეუწყობენ  ხელს. აღსანიშნავია, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საპროექტო გუნდს გამოუყო პასუხისმგებელი მუშაკი (ზურაბ ზილინაშვილი), რომელიც უშუალო კონტაქტში იქნება პროექტის მონაწილეებთან და ყოველმხრივ დაეხმარება მათ.
შეხვედრის მიმდინარეობისას ბატონმა თეიმურაზ ბერიძემ სტუდენტებს მიაწოდა სასარგებლო იდეები და რჩევები, რომლებიც მათ გამოადგებათ  პროექტზე მუშაობის დროს.

ცენტრ „იდეა“-ს  PR-მენეჯერი სალომე სალია.

Print

« იხ. ყველა სიახლე