ბეჭდვა |/ დახურვა
 
2014-10-08

აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის აუდიტორია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ინიციატივის შესაბამისად, უნივერსიტეტის მე-10 (ე.წ. „მაღლივი“) კორპუსის 208-ე აუდიტორიას დიდი ქართველი მეცნიერ-ეკონომისტის, აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელი მიენიჭა და „აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სახელობის აუდიტორია“ ეწოდა.

ამ მიზნით, 2014 წლის 8 ოქტომბერს, გაიმართა საზეიმო შეხვედრა, რომელიც გახსნა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ. მან ვრცლად ისაუბრა აკადემიკოს პაატა გუგუშვილის სამეცნიერო და პედაგოგიურ ღვაწლზე, გაიხსენა დიდი მოღვაწის ბიოგრაფიის ძირითადი მომენტები. ამის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ:
-ლეო ჩიქავა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი;
-იოსებ სალუქვაძე, თსუ ვიცე რექტორი, პროფესორი;
-რევაზ გოგოხია, თსუ სამეცნიერო ჟურნალის "ეკონომიკა და ბიზნესი" რედაქტორი;
-რამაზ აბესაძე, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი;
-ავთანდილ სულაბერიძე, დემოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი;
-ჯემალ ხარიტონაშვილი, თსუ ასოცირებული პროფესორი.

საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიკოს პაატა გუგუშვილის ოჯახის წევრები და შთამომავლები.


პაატა გუგუშვილი (1905-1987) - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა თსუ-ის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1930-1986 წლებში თსუ-ში კითხულობდა სახალხო მეურნეობის ისტორიის, პოლიტეკონომიის, სოციოლოგიისა და დემოგრაფიის კურსებს. მისი ძალისხმევით ჩამოყალიბდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ეკონომიკის ინსტიტუტი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა 1944-1976 წლებში. პაატა გუგუშვილის სამეცნიერო ნაშრომები ეძღვნება სახალხო მეურნეობის და ეკონომიკური აზრის ისტორიის, სტატისტიკის, გეგმაზომიერება-პროგნოზირების, ჟურნალისტიკის, დემოგრაფიის, სოციოლოგიისა და ბიბლიოგრაფიის აქტუალურ პრობლემებს. პაატა გუგუშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ეკონომიკური ტერმინოლოგიის შემუშავებაში. მისი რედაქტორობით გამოვიდა ეკონომიკის ინსტიტუტის შრომების 15 ტომი, იგი 1958-1967 წლებში იყო ჟურნალ „საქართველოს ეკონომისტის“ მთავარი რედაქტორი, 1958-1963 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული დემოგრაფიული პრობლემების შემსწავლელი სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, 1959-1963 წლებში - საერთაშორისო სოციოლოგთა ასოციაციის საბჭოსა და აღმასკომის წევრი. პაატა გუგუშვილმა, ფილიპე გოგიჩაიშვილთან ერთად, საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამეცნიერო-ეკონომიკურ სკოლას.

Print

« იხ. ყველა სიახლე