ბეჭდვა |/ დახურვა
 
2015-12-22

პროფესორ ნიკოლოზ იაშვილის დაბადებიდან 115 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა.

22 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორ ნიკოლოზ იაშვილის დაბადების 115 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა.

პროფესორ ნიკოლოზ იაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა რევაზ გოგოხიამ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თეიმურაზ ბერიძემ, პროფესორებმა ეთერ ხარაიშვილმა, პაატა კოღუაშვილმა, ომარ ქეშელაშვილმა, ნუგზარ პაიჭაძემ და იუბილარის ქალიშვილმა ნათელა იაშვილმა.











პროფესორი ნიკოლოზ იაშვილი (მცირე ბიოგრაფიული ცნობები)

მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ნიკოლოზ სოლომონის ძე იაშვილი დაიბადა 1900 წლის 28 ნოემბერს ქ. ქუთაისში - გარდაიცვალა 1981 წლის 10 აპრილს. ქუთაისის რეალური სასწავლებლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1920 წელს ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტის აგრონომიულ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1925 წელს. პროფ. გ.გეხტმანის წარდგინებით იგი დატოვეს უნივერსიტეტში საპროფესორო მოღვაწეობისთვის მოსამზადებლად. 1927 წელს იგი გააგზავნეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად მოსკოვის ტიმირიაზევის სახ. სოფლის მეურნეობის აკადემიის ეკონომიკურ ფაკულტეტზე.

1928-29 სასწავლო წლიდან ნ. იაშვილი თსუ-ში კითხულობდა აგროღონისძიებათა ორგანიზაციის კურსს. 1930 წელს არჩეულ იქნა დოცენტის თანამდებობაზე. ამიერიდან იგი თსუ-სა და საქართველოს სხვა უმაღლეს სასწავლებლებში კითხულობდა ლექციების კურსს სოფლის მეურნეობის ეკონომიკასა და ორგანიზაციაში, საორგანიზაციო-საწარმოო  გეგმების შედგენის მეთოდიკაში, სოფლის მეურნეობის გეოგრაფიის, დარაიონებისა და სპეციალიზაციის, წყალთა მეურნეობის ეკონომიკის, მიწის ეკონომიკური შეფასების და სხვ საგნებში.

ნ. იაშვილის მეცნიერული კვლევის არეალი ფართო და ბევრის მომცველია, რომელთაგან მსოფლიო აღიარება მოიპოვა მისმა სადოქტორო დისერტაციამ - ,,საქართველოს მიწის ფონდი და მისი გამოყენება“, რომელიც შემდგომ დაიბეჭდა ორ ტომად, რომელმაც სათავე დაუდო საქართველოში მიწის კადასტრის თეორიასა და პრაქტიკას. მის კალამს ეკუთვნის ასევე წიგნები და მონოგრაფიები: ,, სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა  და ორგანიზაციის საკითხები“,   ,,თესლბრუნვის ორგანიზაცია“,     ,, ტერიტორიის ორგანიზაცია“,  ,,საორგანიზაციო - საწარმოო გეგმის შედგენის მეთოდიკა“,     ,,მეაბრეშუმეობა საქართველოში“,  ,, მევენახეობის გაადგილება საქართველოში“,  ,, საგარეუბნო სოფლის მეურნეობის განვითარების საკითხები“ და მრავალი სხვ. სულ გამოყვეყნებული აქვს 300-ზე მეტი ნაშრომი 400-მდე საავტორო თაბახის (5000-ზე მეტი გვერდის მოცულობით) ქართულ, რუსულ, უკრაინულ, უზბეკურ ენებზე(მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, დამხმარე სახელმძღვანელოები, ბროშურები, სტატიები).

განსაკუთრებული ადგილი უკავია ნ. იაშვილის მეცნიერულ მოღვაწეობაში საქართველოს მეცნიერებათა  აკადემიის ეკონომიკის  ინსტიტუტს, სადაც იგი მუშაობდა 1944-1981 წ.წ. (ე.ი. ინსტიტუტის დაარსებიდან სიცოცხლის ბოლო წლამდე) ჯერ განყოფილების გამგედ, შემდგომ - უფროს მეცნიერთანამშრომლად, სადაც მან თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობის მრავალი თემა დაამუშავა.

1954 წლიდან იგი მიწვეული იყო საქ. მეცნიერებათა აკადემიის მწარმოებლური ძალების შემსწავლელ საბჭოში. საბჭოს მიერ გამოიცა ფუნდამენტური ხასიათის ექვსტომეული ნ. იაშვილის მონაწილეობით და თანაავტორობით.

ნ. იაშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქრთველოს ზოოვეტერინარული ინსტიტუტის ჩამოყალიბებაში და იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში.

ნ. იაშვილი ასევე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის სამეურნეო - აღმშენებლობით საქმიანობაში. მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დამუშავდა მრავალი საწარმოო - სამეურნეო გეგმის მეთოდოლოგიური საფუძვლები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყნის ეკონომიკური აღორძინების საქმეს.

დიდია იუბილარის დამსახურება ახალგაზრდა მეცნიერული კადრების მომზადებაში. მის მოწაფეთა შორის ქართველებთან ერთად არიან რუსები, აზერბაიჯანელები, სომხები, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, ოსები, ყაბარდოელები, ადიღელები, უკრაინელები და სხვა.

პროფ. ნ. იაშვილმა 15-მდე უცხო ქვეყანა მოიარა, როგორც მეცნიერმა და ლექტორმა და თავისი შთამბეჭდავი მოხსენებებით თუ ლექციებით, ყველგან ასახელა საქართველო, რამეთუ თავის პროფესიასთან ერთად, ღრმად ფლობდა საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიას, იყო ლიტერატურისა და ხელოვნების დიდი მოყვარული.


Print

« იხ. ყველა სიახლე