ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციაში – გაეროს ექსპერტის სტატუსით

     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის ასოცირებულმა პროფესორმა  ნინო აბესაძემ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ,,მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტი” და  როგორც გაეროს ექსპერტი, მიემგზავრება შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, სადაც  ა.წ. 30 მაისიდან 1 ივნისამდე გაეროს ევროკომისიისა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით იმართება ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენცია თემაზე: ,,სამომხმარებლო ფასების ინდექსები.”
     კონფერენციაზე დაგეგმილია ნინო აბესაძის მოხსენება: ,,სამომხმარებლო ფასების ინდექსის აგების პრაქტიკა საქართველოში და მისი სრულყოფის მეთოდოლოგიური საკითხები.”
     ქალბატონი ნინო აბესაძე გაეროს ექსპერტის სტატუსით უკვე მესამედ მონაწილეობს ანალოგიური დონის კონფერენციაში, რაც მეტად საამაყოა არა მხოლოდ ფაკულტეტის, არამედ მთლიანად ჩვენი უნივერსიტეტისთვის. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს ეკონომიკური სტატისტიკის კათედრის საერთაშორისო სასწავლო და სამეცნიერო რეიტინგზე.