Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 6

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში, თსუ კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებაზე ეპილეფსიის, აუტიზმის და მეტყველების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, 2013 წელს რამდენიმე კვლევა განხორციელდა. კვლევაში მონაწილეობდნენ თსუ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, რომელთა სამაგისტრო და სადოქტორო სამეცნიერო თემები კვლევის საკითხებთან იყო დაკავშირებული.

2005-2013 წლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბაზაზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლები „საქართველოს ტერიტორიაზე არსებული შავი ჭირის ბუნებრივი კერების ეპიზოოტიური აქტივობის“ საკითხს სწავლობდნენ. (ცენტრი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების საბაზო დაწესებულებაა). რამდენადაც დაავადების მოსახლეობაში გავრცელებას, როგორც წესი წინ უძღვის ეპიზოოტია (დაავადების გავრცელება დაავადების კერაში მობინადრე მღრღნელთა შორის), ამიტომაც მსგავსი კერების გაღრმავებულ შესწავლას დაავადების პრევენციის თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტეტის ენდოკრინოლოგი-ის დეპარტამეტის ბაზას საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ენდოკრინული პროფილის კლინიკა „ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი“ წარმოადგენს. ენდოკრინოლოგთა დიდი გუნდის გარდა, ინსტიტუტში ასევე მოღვაწეობენ: ქირურგები, გინეკოლოგები, კარდიოლოგები, ოფთალმოლოგები, ნევროპათოლოგები, ანდროლოგები და ა.შ. ინსტიტუტი შედგება ამბულატორიული, სტაციონარული და ქირურგიული ნაწილებისაგან. თსუ-ს ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ფარგლებში, თუ დონორი ორგანიზაციების დახმარებით, ინტიტუტის ბაზაზე მრავალი სამეცნიერო თუ კლინიკური კვლევა ტარდება. ამ დროისთვის ინსტიტუტში 20-მდე სამეცნიერო კვლევა მიმდინარეობს.

საქართველოს მოსახლეობის 51,3%-ს ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობის სხვადასხვა ვარიანტები აღენიშნება. ასეთი აზრი გამოთქვა თსუ-ს მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც საქართველოში ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა მორფოეპიდემიოლოგიის საკითხებს  სწავლობს.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერების კვლევა „ჰიპოთირეოზის (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის) სტრუქტურული და რეცეპტორული იდენტიფიკაცია საქართველოს რეგიონების ოპერაციულ მასალაზე დაყრდნობით“ წლების განმავლობაში მიმდინარეობს. კვლევაში გამოყენებულია მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, ასევე ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის კლინიკური და სადიაგნოსტიკო ლაბორატორიული (იმუნოფერმენტული, დენსიტომეტრიული) ბაზა.