Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 5

ალ. ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის კლინიკური პათოლოგიის ცენტრის ბაზაზე ჰისტოპათო-ლოგიური დიაგნოსტიკის (ოპერაციული მასალის მიკროსკოპული დიაგნოსტიკა) პარალელურად, სხვადასხვა კლინიკური თუ ექსპერიმენტული სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. დღეისათვის აქ მიმდინარე კვლევათა შორის ერთ-ერთი - „ადრეული დუქტულური რეაქციის ფენომენის“ საკითხს ეხება. ეს კვლევა ნაღვლის შეგუბების ადრეულ ვადებზე ღვიძლის მიკროსკოპულ პრეპარატებში ნაღვლის წვრილი სადინარების, იგივე დუქტულების რაოდენობის მომატების მიზეზის გარკვევას გულისხმობს. ეს სამეცნიერო პროექტი თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე 2009 წელს დაიწყო.

მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შეიქმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული მაღალი ენერგიების ბირთვული ფიზიკის პრობლემური სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის ბაზაზე 1980 წლის 9 ივნისს. მისი დაარსების ინიციატორები იყვნენ აკადემიკოსები ნოდარ ამაღლობელი, ალბერტ თავხელიძე, თეიმურაზ კოპალეიშვილი და რევაზ სალუქვაძე. ინსტიტუტი შეიქმნა როგორც დამოუკიდებელ ბალანსზე მყოფი ორგანიზაცია, რომლის მთავარ ამოცანად განისაზღვრა თეორიული და ექსპერიმენტული კვლევების წარმოება ელემენტარული ნაწილაკებისა და რელატივისტური ბირთვული ფიზიკის სფეროში, ველის კვანტურ თეორიაში. ინსტიტუტის პირველი დირექტორი იყო ნოდარ ამაღლობელი, რომელიც 1996 წლიდან შეცვალა ალბერტ თავხელიძემ. 2004 წლის მეორე ნახევრიდან დღემდე ინსტიტუტს ხელმძღვანელობს ფიზიკა-მათემატიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მიხეილ ნიორაძე.

ქართული გეოგრაფიული ცოდნა სათავეს ანტიკური ხანიდან იღებს. თუმცა, მისი აღმავლობის პერიოდად მე-18 საუკუნე ითვლება. ამ დროს შეიქმნა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომი“აღწერა სამეფოსა საქართველოსა”და საქართველოს ატლასი. ვახუშტი ბაგრატიონი იმ დროის მსოფლიო მეცნიერების სიმაღლეზე იდგა და მის შრომებს დღესაც არ დაუკარგავს სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა.  იუნესკომ ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილი ატლასი და საქართველოს გეოგრაფია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.  გეოგრაფიის ინსტიტუტმა ვახუშტის დაბადებიდან 300 წლის იუბილე, 1997 წელს, ვახუშტის ატლასის გამოშვებით და საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა. მნიშვნელოვანი სიახლე იყო ინსტიტუტის მიერ საქართველოს ახალი ატლასის გამოცემაც.