Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 4

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი დაფუძნდა. ინსტიტუტის მიზანია, ადმინისტრაციული მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარება-ხელშეწყობა. ასევე, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროსათვის მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული რეკომენდაციების გაწევა, როგორც ნაციონალურ, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში. ინსტიტუტის დაფუძნება თსუ-სა და ქ. შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგია.

საქართველოში სასურსათო უსაფრთხოების სფეროში არაერთი პრობლემა არსებობს: გადაუჭრელია სასურსათო დამოუკიდებლობისა და სურსათით თვითუზრუნველყოფის პრობლემა; გაუმართავია ინსტიტუციური და სამართლებრივი ბაზა; შესამუშავებელია სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ ეროვნული სტრატეგია; არაეფექტიანია მონიტორინგის სამსახურები; შეინიშნება მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის კლების ტენდენცია; სოფლის მეურნეობის კლებადი პროდუქტიულობა; მომხმარებელთა და მწარმოებელთა ინფორმირებულობის დაბალი დონე სასურსათო უსაფრთხოების საკითხებზე; არსებობს კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი; სახეზეა კვების ჯაჭვში რისკების მართვის პრობლემები და ა.შ. ასეთი დასკვნა გააკეთა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ეკა ლეკაშვილმა კვლევის ”სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხისათვის” დასრულების შემდეგ. კვლევის მიზანი ამ სფეროში არსებული პრობლემების და მათი გადაჭრის გზების იდენტიფიცირება იყო. იგი განხორციელდა 2011–12 წლებში და მისი შედეგები წარდგენილია ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე.

მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის დაძლევისა და სტაბილური ეკონომიკური აღმავლობის უზრუნველყოფის ამოცანა თანამედროვე ეკონომიკურ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ყველაზე უფრო აქტუალური საკითხია –  როგორც გლობალურ, ასევე ლოკალურ დონეზე. ამ პრობლემის დაძლევის ინოვაციური გზების ძიებას ისახავს მიზნად თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ეკონომიკის დოქტორის ია ნაცვლიშვილის კვლევა ”კეთილდღეობის გაუმჯობესება მსოფლიოში - გლობალურ ვაჭრობაში ინოვაციური მიდგომების საჭიროება”. კვლევა მეცნიერმა ფონდ „ღია საზოგადოების ინსტიტუტის“ სტიპენდიის მხარდაჭერით აშშ-ში ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში მოღვაწეობისას 2011-2012 წლებში დაამუშავა.

2012 წლის 11-13 აპრილს იტალიაში, რომის „Tor Vergata"-ს უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლაში ჩატარდა კონფერენცია თემაზე “წინააღმდეგობები საჯარო მმართველობაში არასტაბილურ პერიოდში”. კონფერენციის მონაწილე 69 ქვეყნის მეცნიერთა მოხსენებები გამოიცა კრებულად. მათ შორის არის თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის ასისტენტ-პროფესორის რუსუდან სეთურიძის სამეცნიერო ნაშრომი: „საქართველოს საბაჟო სისტემაში რეალიზებული რეფორმები და წინააღმდეგობები“ (თანაავტორი ეკონომიკური პოლიტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორი ეკა ლეკაშვილი).