Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 4

ქართველ მეცნიერ-გეოგრაფთა დასკვნით, XX საუკუნეში სხვადასხვა წელს გამოცემულ ტოპოგრაფიულ რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ზოგიერთი მონაკვეთი სხვადასხვანაირად არის ასახული. არსადაა ასევე მითითებული, თუ რა მასშტაბის რუკაზე მოხდა საზღვრის სიგრძის ოფიციალურად მიჩნეული მონაცემების განსაზღვრა, რომ ამით მისი სანდოობა დაზუსტდეს. ეჭვს იწვევს არაერთ სამეცნიერო ნაშრომში და წვრილმასშტაბიან (მათ შორის სასკოლო) რუკებზე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ აღნიშნული ზოგიერთი გეოგრაფიული ობიექტის ადგილმდებარეობის საკითხიც.

ბოლო წლებში ნანოტექნოლოგია ჩამოყალიბდა გახდა ერთ-ერთი პერსპექტიულ და დინამიურად განვითარებად ინტერდისციპლინარულ მეცნიერებად. ნანომასალათა პრაქტიკაში გამოყენების ვრცელ ნუსხაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დანერგვას მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში. იგი წარმოადგენს პრიორიტეტულ მიმართულებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვემსახუროთ საზოგადოების ყველაზე საჭირბოროტო პრობლემებს. თანამედროვე ნანოტექნოლოგიები იძლევა სამეცნიერო კვლევის ახალი მიმართულებების შექმნის აუცილებლობას. ნანოტექნოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის მეცნიერული მიღწევების გაერთიანებას მივყავართ ახალი დისციპლინის – ნანობიოტექნოლოგიის შექმნამდე, რომლის განვითარება მოგვცემს ისეთ ნანოკონსტრუქციებს , რომლებსაც უნარი შესწევთ ბიოსისტემები მართონ მოლეკულურ დონეზე. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით საყურადღებოა მაგნიტური ნანონაწილაკებისაგან შემდგარი ნანოსითხეები.

დნმ-ის შესწავლა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ამ დარგში მომუშავე მეცნიერებისთვის, რომლებიც მას მოლეკულის და ატომების დონეზე იკვლევენ. ატომის ბირთვის შემადგენელია პროტონი, რომლის გადატანის პროცესები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ ქიმიური და ბიოქიმიური რეაქციების მიმდინარეობაში. ამის დასტურია პროტოტროპული ტაუტომერია, ჰიდრირება, დეჰიდრირება და განსაკუთრებით პროტონის გადატანა ნუკლეოტიდურ ფუძეებს შორის, რომელიც განაპირობებს მუტაციურ პროცესებს დნმ-ში. მსოფლიო მეცნიერებში დიდ ინტერესს იწვევს ერთი, ორი და სამი ქიმიური ბმით დაშორებულ ატომებს შორის პროტონის გადატანის მექანიზმების კვლევა, რაც უშუალო კავშირშია ბიოლოგიურად აქტიურ ჰეტეროციკლურ ნაერთებში მიმდინარე მუტაციურ პროცესებთან. ორგანულ მოლეკულაში ხშირად ადგილი აქვს პროტონის გადატანას, მაგრამ არ არის ცნობილი ამ პროცესის მექანიზმები. ამ პრობლემაზე მუშაობს სხვადასხვა ქვეყნის მრავალი მეცნიერი და მათ შორის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური ქიმიის მიმართულების სამეცნიერო ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელია პროფ. ჯუმბერ კერესელიძე.

სტრესი თანამედროვეობის გლობალური პრობლემაა, რომელიც მჭიდროდაა დაკავშირებული ინდუსტრიალიზაციის პროცესთან. სტრესს შეუძლია გამოიწვიოს ან მნიშვნელოვნად გააღრმავოს ადამიანის ისეთი დაავადებები, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა, იმუნური სისტემისა და ნეიროდეგენერაციული პროცესები, ასევე ავთვისებიანი სიმსივნეები და სხვა. მისი გავლენა მკვეთრად უარყოფითად აისახება ადამიანის შრომისუნარიანობაზე. იგი იწვევს ხანმოკლე მეხსიერების დაქვეითებას, აბსენტიზმს, კონცენტრირების უნარის გაუარესებას, გაზრდილ აგრესიულობას და სხვა. "ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის" (American Psychological Association - APA) მიერ ქრონიკული სტრესი განიხილება, როგორც „წნეხი ორგანიზმზე, რომელიც დროში უსასრულო ჩანს.” იგი არის ზრდადი ყოველდღიური დაძაბულობა, რომელიც თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. სტრესთანაა დაკავშირებული ადამიანთა სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზები: გულისა და ფილტვის დაავადებები, კიბო, უბედური შემთხვევები, ღვიძლის ციროზი და თვითმკვლელობა. სწორედ ამიტომ სტრესი, მისი გამომწვევი მიზეზები და შედეგები მთელი მსოფლიოს მეცნიერთა ინტერესის საგანია. ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არც ქართველი მეცნიერები არიან.