Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

თსუ კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებაზე წარმოებული კვლევები

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში, თსუ კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებაზე ეპილეფსიის, აუტიზმის და მეტყველების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, 2013 წელს რამდენიმე კვლევა განხორციელდა. კვლევაში მონაწილეობდნენ თსუ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, რომელთა სამაგისტრო და სადოქტორო სამეცნიერო თემები კვლევის საკითხებთან იყო დაკავშირებული.

კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებაში ჩატარებული რამდენიმე კვლევის ხელმძღვანელი იყო თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თამარ გაგოშიძე. მათ შორის არის კვლევა – „მუშა მეხსიერება საფეთქლის და შუბლის ფოკალური ეპილეფსიების მქონე პირებში“.

კვლევა ჩატარდა შუბლის ეპილეფსიის მქონე 18 და საფეთქლის ეპილეფსიის მქონე 18 პირზე, ასევე 33 ჯანმრთელ პირზე. ჯანმრთელ პირებში გაკონტროლებული იყო ასაკი, სქესი და განათლება. შემუშავდა სპეციალური მეთოდიკა, რომლის საშუალებითაც ფასდებოდა მუშა მეხსიერების სამივე კომპონენტი როგორც აზრიან, ასევე უაზრო დავალებებში.
როგორც თამარ გაგოშიძე აღნიშნავს, მუშა მეხსიერება ხანმოკლე მეხსიერების ფორმაა, რომლის დანიშნულებაა მიმდინარე მოქმედების დროს საჭირო ინფორმაციის ხანგრძლივი მეხსიერებიდან ამოტანა და მოქმედების პროცესში გამოყენება. მას ოპერატიულ მეხსიერებასაც უწოდებენ. მუშა მეხსიერება 3 კომპონენტისგან შედგება:

  • ცენტრალური აღმასრულებელი, რომლის საშუალებითაც იგეგმება და კონტროლდება რა ინფორმაცია უნდა იქნას ამოტანილი ხანგრძლივი მეხსიერებიდან და რა დროს, ასევე მიმდინარე ქცევისას როგორ ხდება საჭირო ინფორმაციის გამოყენება.
  • ფონოლოგიური ყულფი – ვერბალური ინფორმაციის ამოსატანად;
  • ვიზუალურ-სივრცითი მატრიცა – არავერბალური ინფორმაციის ამოსატანად.

კვლევებით დადგინდა, რომ თავის ტვინის შუბლის წილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მუშა მეხსიერების ეფექტიან ფუნქციონირებაში. მისი ჰიპოთეზა კი შემდეგი იყო: მუშა მეხსიერების ფუნქციონირებას, გარდა შუბლის წილებისა, უზრუნველყოფს საფეთქლის წილებიც. კერძოდ, ცენტრალური აღმასრულებლის კომპონენტზე პასუხისმგებელია თავის ტვინის შუბლის ქერქი, ხოლო ოპერაციონალურ კომპონენტებზე – ინფორმაციის ვერბალურ და არავერბალურ გადამუშავებაზე საფეთქლის წილები.

„მუშა მეხსიერება საფეთქლის და შუბლის ფოკალური ეპილეფსიების მქონე პირებში“ კვლევის მეთოდური სიახლეა ის, რომ ერთდროულად კონტროლდებოდა მუშა მეხსიერების სამივე კომპონენტი.

„აღმოჩნდა, რომ როგორც შუბლის, ასევე საფეთქლის წილის ეპილეფსიის მქონე პირებს მნიშვნელოვნად დაქვეითებული მაჩვენებლები აქვთ მუშა მეხსიერების შესაფასებელ დავალებებში ჯანმრთელ პირებთან შედარებით. ამასთან, საფეთქლის ეპილეფსიის მქონე პირებს სტატისტიკურად მნიშვნელოვნად უფრო დაქვეითებული ჰქონდათ მუშა მეხსიერების დაქვემდებარებული სისტემები: ისინი უფრო ცუდად ასრულებდნენ ფონოლოგიური ყულფის თუ ვიზუალურ-სივრცითი მატრიცის კომპონენტების შესაბამის დავალებებს. დადასტურდა ჰიპოთეზა, რომ საფეთქლის წილის დეფიციტიც იწვევს მუშა მეხსიერების დარღვევას და უპირატესად მისი დაქვემდებარებული სისტემების. ამავე დროს, აღმოჩნდა, რომ შუბლის წილების დეფიციტის შემთხვევაში ბევრად უფრო რთულდება აზრიანი მასალის დამახსოვრება და გამოყენება, რაც მიუთითებს სემანტიკური გადამუშავების პრობლემაზე“, – აცხადებს თამარ გაგოშიძე.


მისი თქმით, კვლევის შედეგებს დიაგნოსტიკური მნიშვნელობა აქვს. ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტიკის დროს ფსი-ქოლოგიურ ტესტებში მიღებული შედეგებით ასკვნიან თავის ტვინის შესაბამისი სტრუქტურების დისფუნქციის შესახებ. კვლევის შედეგები ნეიროფსიქოლოგიური მონაცემების სხვანაირი ინტერპრეტაციის და, შესაბამისად, უფრო ზუსტი წინასწარმეტყველების საშუალებას იძლევა თავის ტვინის ქერქის ლოკალური დისფუნქციის თაობაზე. გარდა ამისა, კვლევის შედეგებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მუშა მეხსიერების დარღვევის ნეიროფსიქოლოგიური მოდელის უკეთ გაგებაში.
თამარ გაგოშიძე ასევე ხელმძღვანელობდა კვლევების სერიას: აუტიზმის და მეტყველების სპეციფიკური დარღვევების მქონე ბავშვების ნეიროფსიქოლოგიური მახასიათებლები:

  • ეგოცენტრული მეტყველება აუტიზმისა და მეტყველების სპეციფიკური დარღვევების მქონე ბავშვებში.
  • სენსორული ინტეგრაციის პრობლემები აუტიზმისა და რეცეპტული მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვებში.

ამ კვლევების მიზანი იყო აუტიზმისა და მეტყველების სპეციფიკური დარღვევების მქონე ბავშვების ნეიროფსიქოლოგი-ური ნიშნების დიფერენცირება.
„უკანასკნელ პერიოდში აუტიზმის გავრცელება დრამატულად გაიზარდა მსოფლიოში. გამონაკლისი არც საქართვე-ლოა. ამავე დროს, მოიმატა ისეთი შემთხვევების რაოდენობამ, როცა მკვეთრად არ არის გამოკვეთილი არც აუტიზმის და არც მეტყველების სპეციფიკური დარღვევის ნიშნები. განსაკუთრებით რთული მიმართული მეტყველების გაგების – რეცეპტული მეტყველების დარღვევისა და აუტიზმის მდგომარეობათა დიფერენცირება“, – აღნიშნავს თსუ სრული პროფესორი.

პირველი კვლევის ჰიპოთეზები შემდეგი იყო: 1. მეტყველების სპეციფიკური დარღვევების მქონე 3-5 წლის ბავშვებს მნიშვნელოვნად მეტი აქვთ ინტერაქციის მცდელობა თავისუფალი თამაშის დროს. 2. ეგოცენტრული მეტყველების პროდუქცია თავისუფალი თამაშის დროს მნიშვნელოვნად მეტი აქვთ მეტყველების სპეციფიკური დარღვევების მქონე ბავშვებს აუტიზმის მქონე ბავშვებთან შედარებით.

კვლევაში მონაწილეობდა მეტყველების პროდუქციის მქონე 10 აუტისტური სპექტრის აშლილობის ბავშვი, 11 მეტყველების სპეციფიკური დარღვევის მქონე და 20 ჯანმრთელი ბავშვი 3-დან 7 წლამდე. კვლვევის ავტორები, ბავშვებს თავისუფალი თამაშის სპეციალურ სიტუაციას უქმნიდნენ და აკვირდებოდნენ 15 წუთის განმავლობაში 5 წუთიანი ინტერვალებით. აღირიცხებოდა ბავშვების მოქმედებები, ვოკალიზაცია, მეტყველება, ინტერაქცია უფროსთან.

დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეგოცენტრულ მეტყველებას ყველაზე ნაკლებად იყენებდნენ აუტიზმის მქონე ბავშვები. მეტყველების სპეციფიკური დარღვევის მქონე და ჯანმრთელ ბავშვებში ეგოცენტრული მეტყველება ასრულებდა ქცევის დაგეგმვის ფუნქციას და ეხმარებოდა მათ პრობლემის გადაჭრაში. აუტიზმის მქონე ბავშვებს მნიშვნელოვნად უფრო ხშირად ჰქონდათ ვოკალიზაცია თვითსტიმულაციის მიზნით. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ მათ თითქმის არ აქვთ უფროსებთან ინტერაქციის მცდელობა თავისუფალი თამაშის დროს.

როგორც თამარ გაგოშიძე აცხადებს, აღნიშნული კვლევა ერთ-ერთი პირველია, რადგან იშვიათია ეგოცენტრული მეტყველების კვლევა აუტიზმისა და მეტყველების სპეციფიკური დარღვევების მქონე ბავშვებში და მის შედეგებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ასეთი ბავშვების დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციისათვის.

რაც შეეხება მეორე კვლევის ჰიპოთეზას: აუტიზმისა და რეცეპტული მეტყველების დარღვევების მქონე ბავშვების სენსორული ინტეგრაცია დარღვეულია, თუმცა მათი სენსორული პროფილები უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.

როგორც კვლევის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული მეტყველების განვითარების დარღვევის მქონე ბავშვის სენსორული გადამუშავებისა და ემოციურ-ქცევითი რეაგირების პატერნების კვლევის მიზნით. მსგავსი კვლევა ძალიან საინტერესო და სასარგებლო იქნებოდა როგორც დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას სხვადასხვა კლინიკურ მდგომარეობებს შორის, ასევე რეაბილიტაციის თვალსაზრისითაც.

კვლევაში მონაწილეობდა 15 აუტიზმის მქონე, 15 რეცეპტული მეტყველების დარღვევის მქონე და 15 ექსპრესიული დარღვევის მქონე ბავშვი. ყველა ბავშვს უტარდებოდა სენსორული პროფილის შესაფასებელი კითხვარი, ასევე ემოციურ-ქცევითი რეაგირების შესაფასებელი სპეციალური ცდა.

კვლევისას აღმოჩნდა, რომ 1. მეტყველების სპეციფიკური დარღვევისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ჯგუფები მეტწილად გვანან სენსორული გადამუშავებისა და სენსორული ინტეგრაციის მახასიათებლებით, თუმცა განსხვავდებიან სენსორული გადამუშავების ქცევითი გამოვლინებით, ანუ სენსორული გადამუშავების გამოსავლით.2. ამავე დროს, მეტყველების დარღვევისა და აუტიზმის მქონე ბავშვები განსხვავდებიან სემანტიკურად დატვირთულ სტიმულსა და ვერბალურ-არავერბალურ კომუნიკაციურ სტიმულებზე ემოციურ-ქცევითი რეაგირების პატერნებით.

აუტიზმის რეაბილიტაციის საწყის ეტაპზე აუცილებელია მარტივი სენსორული სტიმულებით მუშაობის დაწყება და ეტაპობრივად უნდა მოხდეს გადასვლა სემანტიკურად დატვირთულ, სტრუქტურირებულ სტიმულებზე. ეს ეფექტიანს ხდის ბავშვის კომუნიკაციის სტიმულირებას.

აუტიზმის და მეტყველების სპეციფიკური დარღვევების ერთმანეთისგან გამოდიფერენცირებისას უნდა ვიხელმძღვანელოთ თვისობრივი ანალიზით, უფრო ბუნებრივი და არა დასწავლილი ემოციური რეაქციებისა და სოციალური ჩვევების მიხედვით.

თამარ გაგოშიძის თქმით, აღნიშნული კვლევები, რომელიც ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის დაფინანსებით განხორციელდა, ამჟამად მზადდება პუბლიკაციების სახით გამოსაცემად.