სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში - სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბევრს საუბრობენ გენდერულ თანასწორობაზე, საქართველოში ჯერ კიდევ მყარად არის დაყოფილი ქალური და მამაკაცური საქმეები და ამ გადანაწილებით კაცების 86% და ქალების 72% კმაყოფილია. – ასეთია „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ კვლევის – „მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ შედეგები, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) დაკვეთით 2013 წელს განხორციელდა.
როგორც პროექტის აკადემიური ხელმძღვანელი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი აღნიშნავს, კვლევის მიზანი იყო გენდერული თანასწორობის მიმართ მამაკაცთა და ქალთა დამოკიდებულებების გამოვლენა; მათი გამოცდილების/ჩართულობის აღწერა საოჯახო საქმეებში და ისეთ სოციალურ პრაქტიკებში, რომლებიც მეუღლესთან/პარტნიორთან თანაცხოვრებას და გამოცდილების გაზიარებას მოითხოვს.
კვლევა მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. თვისებრივი კომპონენტი განხორციელდა ფოკუს-ჯგუფის მეთოდის გამოყენებით და მისი ფუნქცია იყო გენდერული თანასწორობის ემპირიული მაჩვენებლების (ინდიკატორების) გამოვლენა. რაოდენობრივი კვლევის გენერალურ ერთობლიობას შეადგენს საქართველოს მოსახლეობა (18 წლის და მეტი). შერჩევის მოცულობაა 2408 რესპონდენტი. რესპონდენტები გამოიკითხა პირისპირ ინტერვიუსა და ანკეტირების (კითხვარის მგრძნობიარე ნაწილის შევსების მიზნით) მეთოდებით. გამოკითხვა ჩატარდა საქართველოს 11 რეგიონში.
კაცების ჩართულობა საოჯახო საქმეებში
როგორც გამოკითხული რესპონდენტებისგან გაირკვა, საოჯახო საქმეების განაწილებისას „ქალურ“ საქმეებად ცხადდება ტანსაცმლის გარეცხვა, სახლის დალაგება, აბაზანის/საპირფარეშოს დასუფთავება, საჭმლის მომზადება და ბავშვების მოვლა. „კაცურ“ საქმედ, ტრადიციულად, საოჯახო ნივთების შეკეთება მიიჩნევა.
კვლევა აჩვენებს, რომ საოჯახო საქმეების გადანაწილების აღწერილი მოდელი ადამიანთა მიერ მოზარდობის პერიოდში დასწავლილ ქცევას ეფუძნება. „ქალურ საქმეებს“ მოზარდობისას გოგონათა დიდ უმრავლესობას (85-92%-ს) ასწავლიან. აქტივობები, რომელთა დასწავლაც ბიჭებისთვისაა წახალისებული, შემდეგია: პირადი ჰიგიენის დაცვა, სასოფლო-სამეურნეო საქმეები, ეზოს დასუფთავება და უმცროს და-ძმაზე ზრუნვა.
საოჯახო საქმეებში კაცების ჩართულობის ამჟამინდელი (რეალური) პრაქტიკები თანხვედრაშია რესპონდენტთა დამოკიდებულებებთან და მოლოდინებთან. ეს პრაქტიკები შეფასებულია დაოჯახებულ/პარტნიორთან მცხოვრები რესპონდენტების მონათხრობის საფუძველზე. ამასთან, ასეთი შეფასების მნიშვნელოვანი ასპექტია ქალებისა და კაცების მონათხრობების შედარება.
კაცები ყველაზე მეტად არიან ჩართულნი შემდეგ საქმეებში: საოჯახო ნივთების შეკეთება (ამაზე მიუთითებს კაცების 90%, ხოლო ქალების 84%), გადასახადების გადახდა (ამაზე მიუთითებს კაცების 84%, ხოლო ქალების 76%) და საჭმლის ყიდვა (კაცების 30% და ქალების 19%). რესპონდენტთა შეფასებით, კაცები გაცილებით ნაკლებად მონაწილეობენ სახლის დალაგებასა (ამაზე მიუთითებს კაცების 20% და ქალების 11%) და საჭმლის მომზადებაში (კაცების 30% და ქალების19%), ყველაზე ნაკლებად კი – სააბაზანოსა და საპირფარეშოს დასუფთავებაში (ამ ჩართულობაზე მიუთითებს კაცების 18% და ქალების 11%).
როგორც კვლევისას გამოიკვეთა, კაცების 86% და ქალების 72% კმაყოფილია საოჯახო საქმეების გადანაწილების არსებული მოდელით.
კაცების ჩართულობა ბავშვის აღზრდის პროცესში
რესპონდენტთა გამოკითხვისას გაირკვა, რომ ბავშვების აღზრდის პროცესში ქალები და მამაკაცები კოლექტიურ პასუხისმგებლობას არ იღებენ, საოჯახო საქმეები იმთავითვე ქალის პასუხისმგებლობად მიიჩნევა.
შემთხვევათა მნიშვნელოვან წილში (მერყეობს 30%-დან 42%-მდე), მამები 0-იდან 6 წლის ჩათვლით ბავშვებს არასდროს უმზადებენ საჭმელს, არ უცვლიან საფენებს, აბანავებენ. ბავშვის მოვლის კონტექსტში მამები უფრო მეტად ისეთ საქმეებს ასრულებენ, რომლებიც აბაზანას და სამზარეულოს არ უკავშირდება ან სახლიდან გასვლას მოითხოვს. ასეთი საქმეებია: ბავშვთან თამაში ან საუბარი, ბავშვის გასართობად წაყვანა, ბავშვებისთვის წიგნების წაკითხვა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ თამაშის/საუბრის გარდა, ბავშვის მოვლის აღნიშნულ აქტივობებს მამები თვეში რამდენჯერმე ასრულებენ და არა ყოველდღიურად. იმ მამაკაცთა ხვედრითი წილი, რომლებიც 0-იდან 6 წლის ჩათვლით ბავშვისთვის ყოველდღიურად ამზადებენ საჭმელს, უცვლიან ტანსაცმელს/საფენებს, აბანავებენ, მიჰყავთ ბაღში/სკოლაში, მიჰყავთ გასართობად და უკითხავენ წიგნებს, 18%-ს არ აღემატება.
7-დან 12 წლის ჩათვლით ბავშვის მოვლის პრაქტიკებში ჩართულობის შემთხვევაში, ბავშვთან თამაშს საუბარი ანაც-ვლებს. ეს უკანასკნელი ერთადერთი აქტივობაა, რომელშიც მამების უმრავლესობა, 81% ყოველდღიურად ერთვება. 7-დან 12 წლის ჩათვლით ბავშვზე ზრუნვის პროცესში ისეთ აქტივობებში, როგორებიცაა ბავშვისთვის საჭმლის მომზადება, ტანსაცმლის გარეცხვა და წიგნების წაკითხვა, მამაკაცთა ყოველდღიური ჩართულობა მცირდება და 7%-ს არ აღემატება. 34%-ს არ აღემატება იმ მამების ხვედრითი წილი, რომლებიც 7-იდან 12 წლის ჩათვლით ბავშვს კვირაში ერთხელ ან თვეში რამდენჯერმე ეთამაშებიან, მიჰყავთ სკოლაში, ეხმარებიან საშინაო დავალების მომზადებაში, უმზადებენ საჭმელს, ურეცხავენ ტანსაცმელს და ესაუბრებიან ბავშვის მასწავლებელს.
13-იდან 18 წლის ჩათვლით მოზარდის აღზრდის პროცესში მამების ჩართულობა, წინა ასაკობრივ კატეგორებთან შედარებით, კიდევ უფრო ნაკლებია: ამ ასაკობრივი ჯგუფის მოზარდისთვის საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში, მასწავლებელთან საუბარში, საჭიროების შემთხვევაში საშინაო დავალების მომზადებაში, დახმარებასა და ტანსაცმლის გარეცხვაში ყოველდღიურად ჩართულ მამაკაცთა ხვედრითი წილი 5%-ს არ აღემატება.
გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულება
როგორც კვლევა აჩვენებს, საზოგადოებაში სოციალური როლების განაწილება მკვეთრად მარკირებულია გენდერის ნიშნით, რაც ინდივიდებს სპეციფიკურ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს აკისრებს. კერძოდ, რესპონდენტთა უმრავლესობისთვის მისაღებია სხვადასხვა სახის გენდერული როლების არსებობა, როგორიცაა:
- ქალის მთავარ მოვალეობად ოჯახზე ზრუნვის მიჩნევა;
- ბავშვების მოვლის (საფენების გამოცვლა, დაბანა და გამოკვება) დედების პასუხისმგებლობად მიჩნევა;
- სახლში გადამწყვეტი სიტყვის კაცისთვის მიკუთვნება;
- ქალისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის თმენის ვალდებულება, ოჯახის შენარჩუნების მიზნით და ა.შ.
დებულებას, რომ ქალის მთავარი მოვალეობა ოჯახზე ზრუნვაა, რესპონდენტთა 89% ეთანხმება. მნიშვნელოვანია, რომ ამ დებულებას თანაბრად იზიარებენ როგორც კაცები, ასევე ქალები. მოსაზრებას: „ბავშვებისთვის საფენების გამოცვლა, მათი დაბანა და გამოკვება ძირითადად დედების პასუხისმგებლობაა„, გამოკითხულთა 77% იზიარებს. 78% ეთანხმება, რომ „სახლში გადამწყვეტი სიტყვა კაცს ეკუთვნის„; ქალების ჯგუფში აღნიშნულ მოსაზრებას უფრო ნაკლები ადამიანი 70% იზიარებს, ვიდრე მამაკაცების შემთხვევაში 88%.
70% მიიჩნევს, რომ ქალები არიან პასუხისმგებელნი თავი დაიცვან არასასურველი ორსულობისგან. აღნიშნულ მოსაზრებას კაცების 69% და ქალების 71% იზიარებს. 76% მიიჩნევს, რომ კაცმა და ქალმა ერთად უნდა გადაწყვიტონ, რა სახის კონტრაცეპტივს (ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას) გამოიყენებენ; კაცებს შორის აღნიშნულ მოსაზრებას 74%, ხოლო ქალებს შორის – 77% იზიარებს. 28% აცხადებს (კაცები: 30%; ქალები: 27%), რომ მათთვის მიუღებელი იქნება, თუ ცოლი/ქმარი მოსთხოვს პრეზერვატივის გამოყენებას.
რესპონდენტთა 56%-ის მოსაზრებით (კაცები: 64%; ქალები: 49%), კაცისთვის ქალთან ინტიმური ურთიერთობის დროს ერექციის არქონა სამარცხვინოა. 56% მიიჩნევს, რომ კაცებს უფრო მეტად სჭირდებათ სექსი, ვიდრე ქალებს; აღნიშნულ მოსაზრებას კაცების 57% და ქალების 55% იზიარებს.
პატრიარქალური სტერეოტიპები ძლიერია სექსუალური როლების განაწილების თვალსაზრისითაც: ჰომოსექსუალური/ლესბოსური კავშირების მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად ნეგატიურია; ასეთივეა ჰომოსექსუალთა/ლესბოსელთა სოციალურ რეპრეზენტაციასთან დაკავშირებული ატიტუდები. რესპონდენტთა 73% აცხადებს, რომ ჰომოსექსუალი კაცის/ლესბოსელი ქალის გვერდით ყოფნა მათთვის არაკომფორტულია. მხოლოდ 8.3% მიიჩნევს, რომ ჰომოსექსუალობა ნორმალურია; მხოლოდ 14.8% ეთანხმება, რომ ჰომოსექსუალ კაცებს/ქალებს ბავშვებთან მუშაობის უფლება უნდა ჰქონდეთ; იმ რესპონდენტთა წილი, რომლებიც ეთანხმებიან, რომ ჰომოსექსუალ კაცებს/ქალებს ბავშვის აყვანის უფლება უნდა ჰქონდეთ, 11.7%-ს არ აღემატება; მხოლოდ 8% ეთანხმება, რომ ჰომოსექსუალ წყვილებს ქორწინების უფლება უნდა ჰქონდეთ; 72% აცხადებს, რომ შერცხვება, თუკი ეყოლება ჰომოსექსუალი შვილი.
სექსუალური ცხოვრების გამოცდილება
საქართველოს მოსახლეობის 83%-ს, სანამ 18 წლის გახდებოდნენ, უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების წესების შესახებ მშობლები არ ესაუბრებოდნენ. სექსის თემაზე საუბარი ტაბუირებულია როგორც ბიჭებთან, ისე გოგონებთან. ქალების 85% და მამაკაცების 81%-ს, სანამ 18 წლის გახდებოდნენ, მშობლებთან უსაფრთხო სქესობრივ ცხოვრებაზე არ უსაუბრიათ. კვლევა აჩვენებს, რომ ბოლო 50 წლის განმავლობაში საქართველოში უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების შესახებ მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდების პრაქტიკა თანდათანობით იცვლებოდა: 65 და მეტი წლის ასაკობრივი კატეგორიის კაცების 91% და ქალების 90% აცხადებს, რომ მოზარდობის პერიოდში სქესობრივი ცხოვრების შესახებ მშობლები ინფორმაციას არ აწვდიდნენ; ხოლო 18-24 წლის ბიჭების 67% და გოგონების 82% ამბობს, რომ უსაფრთხო სქესობრივი ცხოვრების წესების შესახებ მშობლები არ ესაუბრებოდნენ. ამრიგად, გარკვეული პროგრესი მშობლების მხრიდან სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თვალსაზრისით სახეზეა, თუმცა, ეს მკვეთრად გამოხატული პროგრესი არ არის.
კვლევა აჩვენებს, რომ სქესობრივ ცხოვრებაზე „მონოპოლიას“, ტრადიციულად, მამაკაცები ფლობენ. ეს ეხება როგორც სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, ისე სქესობრივი ცხოვრების თავისუფლებას. 18 წლამდე სქესობრივი კავშირის გამოცდილება კაცების 69%-ს და ქალების 16%-ს აქვს. შემთხვევითი სექსუალური კავშირებისგან გაცილებით შორს დგანან ქალები (95% აცხადებს, რომ არ ჰყოლია სპონტანური პარტნიორი), ვიდრე მამაკაცები (49% უარყოფს შემთხვევითი სექსუალური კავშირების ქონას). დაოჯახებული კაცების 51% და ქალების 44% მიუთითებს, რომ მეუღლესთან/პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობა მათთვის სრულიად დამაკმაყოფილებელია.
სრულიად დელეგიტიმირებულია ჰომოსექსუალური/ლესბოსური კავშირები: 99.5% აცხადებს, რომ საკუთარი სქესის წარმომადგენელთან სექსი არასდროს ჰქონია.
„მამაკაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ კვლევისას გამოვლინდა, რომ საქართველოში საოჯახო საქმეებში არათანაბარი გენდერული მონაწილეობა სოციალურ-კულტურული სტანდარტია და ადაპტაციურობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა“, – აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი იაგო კაჭკაჭიშვილი.
* * *
კვლევის შედეგები დაიბეჭდა ცალკე ბროშურის სახით, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მიერ. ამ ტიპის კვლევა მანამდე არ ჩატარებულა, ეს პირველი პრეცედენტია. კვლევა მნიშვნელოვანია, რამდენადაც აჩვენებს საქართველოს საზოგადოების პატრიარქალური მოდელის და როლების გადანაწილების ტრადიციული სქემის არსებობას, რაც წინააღმდეგობაშია საქართველოს განზრახვასთან, იყოს ევროპული კულტურული და სოციალური სივრცის ორგანული ნაწილი. ამასთან, პატრიარქალური მოდელი არის ოჯახური ძალადობის გახშირებული შემთხვევების ძირითადი წყარო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ოჯახის წევრი (როგორც წესი, ქალი) პროტესტს გამოხატავს ამ მოდელის წინააღმდეგ. შესაბამისად, კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ დაიგეგმოს სოციალური პოლიტიკა სოციალური უთანასწორობის და გენდერული სტერეოტიპების დაძლევის თვალსაზრისით.