Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

ცოტამ თუ იცის, რომ პირველ ქართულ უნივერსიტეტს დაარსებიდან, 1918 წლიდან, კავშირები ჰქონდა იმდროისათვის ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან. უკვე ერთი წლის შემდეგ, სახელმწიფოს დაფინანსებით ძმები, ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, სასწავლებლად გოტინგენის უნივერსიტეტში (გერმანია) გაემგზავრნენ, სადაც უკვე მსოფლიოში გამორჩეული მათემატიკისა და ფიზიკის ინსტიტუტები ფუნქციონირებდა. ივანე ნიკურაძე მალევე გახდა თანამედროვე ჰიდროდინამიკისა და აეროდინამიკის ფუძემდებლის, პროფესორ ლუდვიგ პრანდტლის გამორჩეული სტუდენტი და წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე “დაკვირვებები ტურბულენტურ დინებაში სიჩქარის განაწილებაზე”. მან ხელძღვანელთან ერთად მონაწილეობა მიიღო კაიზერ ვილჰელმის, დღევანდელი მაქს პლანკის ინსტიტუტის დაარსებაში, მოგვიანებით კი ამ ინსტიტუტის განყოფილების უფროსი გახდა. ქართველი მეცნიერი ივანე ნიკურაძე ამ ქალაქში პირველი სტუდენტი იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ჩამოსული, რომელმაც საკუთარი შრომისმოყვარეობით საფუძველი ჩაუყარა ამ ორი უნივერსიტეტის ურთიერთობების წარმატებულ დასაწყისს. უმცროსი ძმა, ალექსანდრე მყარი სხეულების ფიზიკის ერთ-ერთი სახელგანთქმული პროფესორი გახლდათ ბერლინისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში.

ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტში, თსუ კოგნიტური და კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებაზე ეპილეფსიის, აუტიზმის და მეტყველების დარღვევების ნეიროფსიქოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით, 2013 წელს რამდენიმე კვლევა განხორციელდა. კვლევაში მონაწილეობდნენ თსუ კლინიკური ნეიროფსიქოლოგიის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები, რომელთა სამაგისტრო და სადოქტორო სამეცნიერო თემები კვლევის საკითხებთან იყო დაკავშირებული.

საქართველოში საკმაოდ იშვიათია ნაშრომი, რომელიც სამართლის ფილოსოფიური ასპექტების კვლევას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ, თსუ იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის ბესარიონ ზოიძის ნაშრომის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ საქართველოს სამართალმცოდნეობის განვითარებაში. ნაშრომის მთავარი თემაა - ადამიანი სამართალში.
თითქმის 250 გვერდიან წიგნში სახელწოდებით „სამართლის პრაქტიკული ყოფიერების შემეცნების ცდა, უპირატესად ადამიანის უფლებათა ჭრილში“, 93 ესეა გაერთიანებული და იგი 2013 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში დაიბეჭდა.

კულტურა უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ფორმირებაზე, მისი წარმოდგენებისა და, საზოგადოდ, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებაზე. რა ტენდენციებია დღეს თანამედროვე მეცნიერებაში კულტურული გავლენების შესწავლის თვალსაზრისით? ავლენს თუ არა თავს თანამედროვე ადამიანის ცნობიერებაში მისი მშობლიური კულტურის სპეციფიკური თავისებურებები? რა შედეგებს აჩვენებს კვლევები ამ მიმართულებით? –  ამ კითხვებზე პასუხის გაცემას თავისი კვლევებით ცდილობს თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ლალი სურმანიძე. მკვლევარი უკვე 20 წელზე მეტია მუშაობს ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის გასაყარზე, ინტერდისციპლინურ სფეროში.