Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 0

2014 წლის ოქტომბერს ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“ დააფინანსა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“. როგორც, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები განმარტავენ, პროექტზე მუშაობის საბაბი გახდა ის, რომ 2004 წლიდან საქართველოს კანონმდებლებს აშკარად დაეტყოთ ავტორიტარიზმის ზეგავლენა, რაც გამოიხატა ახალ ქმედებათა კრიმინალიზაციაში; გაფართოვდა უკვე მოქმედ დანაშაულთა შემადგენლობა; სასჯელები შეიცვალა იმგვარად, რომ მოსამართლეს შეეზღუდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის განხორციელების შესაძლებლობა; უსაზღვროდ და ზოგჯერ უსამართლოდ გაფართოვდა ჯარიმის, როგორც დამატებითი სასჯელის, გამოყენების შესაძლებლობა; ასევე, გაუქმდა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და დაკანონდა მისი შეკრების წესი.

რა როლს თამაშობს, „ფეისბუქი“, ან სხვა სოციალური ქსელი საქართველოში არსებული პოლიტიკური პარტიების ცხოვრებაში? რამდენად განსაზღვრავს ამ კუთხით პოლიტიკური პარტიების აქტივობა მათ წარმატებას? რომელი სოციალური ქსელია პოლიტიკურ პარტიებს შორის ყველაზე მეტად პოპულარული? მსგავსი კითხვების დასმა საქართველოში, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისგან განსხვავებით, მხოლოდ ბოლო წლებში დაიწყეს. პოლიტიკურ პროცესებში სოციალური ქსელების გამოყენების სამეცნიერო გააზრების მცდელობაა კვლევა „სოციალური ქსელების როლი ქართულ პარტიულ პოლიტიკაში“.

გლობალიზაციის პირობებში სულ უფრო აქტუალური ხდება მოქალაქეთა დაცვა უხარისხო, ჯანმრთელობისა და, ზოგიერთ შემთხვევაში _ სიცოცხლისათვის საშიში სასურსათო პროდუქტებისაგან. არასაიმედო, ფალსიფიცირებული, გენეტიკურად მოდიფიცირებული და სხვა საკვები პროდუქტის მზარდი რაოდენობა უარყოფითად მოქმედებს გარემოზე, ეკონომიკის განვითარებასა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.

სურსათის უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების მიზნით, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2012 წელს ჩატარდა კვლევა “სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიული მიმართულებები საქართველოში გლობალიზაციის პირობებში“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევა “კბილის კარიესის გავრცელება და პაროდონტის (კბილბუდე, ღრძილი) ქსოვილების მდგომარეობა საქართველოს ბავშვთა ასაკის სტომატოლოგიაში”, მიზნად ისახავდა სკოლის ასაკის ბავშვებში პირის ღრუს ეპიდემიოლოგიურ აღწერას. იგი 2011 წლის დეკემბერში დაიწყო და 6 თვის მანძილზე გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში გამოიკვლიეს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ახალციხეში და მარნეულში მცხოვრები ბავშვები. პროექტი თსუ სამედიცინო ფაკულტეტის სტომატოლოგიისა და ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის წარმოამდგენლების მიერ სტომატოლოგიური კვლევების საერთაშორისო ასოციაციის ისრაელის დივიზიონთან თანამშრომლობით და ამავე ასოციაციის რეგიონული განვითარების პროგრამის ნაწილობრივი ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.