Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში
20/11/2017

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით გაიხსნა ახალგაზრდა მეცნიერთა პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

„ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო სიმპოზიუმია ახალგაზრდა მკვლევრების, რომლებიც მუშაობენ ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. პოსტსოციალისტურ სივრცეში ძალიან ბევრი დაკარგა მეცნიერებამ ამ დარგში. ახლა არის ის დრო, როცა ახალი ხედვით მოდიან ახალგაზრდები. მნიშვნელოვანია, რომ ეს ღონისძიება ტარდება თსუ-ში, განსაკუთრებული მადლობა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს, რომელმაც დააფინანსა ეს ღონისძიება,“-აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის განცხადებით, „სიმპოზიუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობენ დოქტორანტები საქართველოს ყველა რეგიონიდან და მსოფლიოს 30 ქვეყნიდან. ვიმედოვნებთ, რომ ეს სიმპოზიუმი ხელს შეუწყობს ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებას, ჰუმანიტარული მეცნიერებებით ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესებას, და რაც მთავარია, ქართველოლოგიური დარგების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზებას მთელ მსოფლიოში.“

„მოხარული ვარ, რომ უნივერსიტეტი ხელს უწყობს ახალგაზრდა მეცნიერთა წინსვლას. სიმპოზიუმზე ძალიან საინტერესო კვლევების ანგარიშებია. საინტერესოა ახალგაზრდა მეცნიერთა ხედვა სხვადასხვა საკითხებისადმი. ჩემი მოხსენება ეხება 90-იანი წლების გარდამავალ საზოგადოებას, მიმდინარე მოვლენებს. ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის ამ თემაზე მუშაობა,“- აღნიშნა თსუ დოქტორანტმა სალომე ბობოხიძემ.

სიმპოზიუმის მიზანია ჰუმანიტარული ცოდნის გავრცელება, დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერების კვლევების პოპულარიზება და ქართველოლოგიური დარგების საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსში ჩართვის ხელშეწყობა. ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს რამდენიმე დარგობრივი სექცია და მრგვალი მაგიდა.

სიმპოზიუმში მონაწილეობს 150-მდე დოქტორანტი და ახალგაზრდა მეცნიერი საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან; ასევე, 30-მდე ახალგაზრდა მეცნიერი უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, მათ შორის, კემბრიჯის, სორბონას, პრაღის, ლისაბონის, ხარკოვის, ტარტუს, განჯის, თეირანისა და სხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.

სიმპოზიუმის ფარგლებში თსუ მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გამოფენა "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნება და მის მიერ გადადგმული პირველი ნაბიჯები" გაიმართა.