Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
გოჩა ჯაფარიძე

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიკოსი-აღმოსავლეთმცოდნე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ამ ფაკულტეტის პირველი დეკანი (2005-2006 წწ.). იყო აკად. გიორგი წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი, ახლო  აღმოსავლეთის ახალი და უახლესი ისტორიისა და შუა საუკუნეების ისტორიის განყოფილებების გამგე. მრავალი წელი მუშაობდა არაბულ ქვეყნებში. იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სპარსეთის ყურის 6 სახელმწიფოში, ეგვიპტესა და სირიაში (2007-2010 წწ.).

გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი: მონოგრაფიები და სტატიები აკადემიურ გამოცემებში - ქართულ, ევროპულსა და არაბულ ენებზე, რომელთა თემატიკაა: საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხები, ისლამი და მისი გავრცელება საქართველოში, საქართველოსა და ისლამური სამყაროს ისტორიული კონტაქტები, დიპლომატია და სხვ. ბოლო პერიოდში მის სამეცნიერო მუშაობაში გამოიყოფა ორი ძირითადი მიმართულება: "ქართველები წმინდა მიწაზე (XI-XVII სს.)" და "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში". ეგვიპტეში მივლინების დროს, საქართველოს ელჩთან, პროფ. ა. სილაგაძესთან ერთად, მიაკვლია ქართველი მამლუქების საფლავებს კაიროში. არის მრავალი ეროვნული და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე. მისი სცენარებით გადაიღეს ორი სამეცნიერო-დოკუმენტური ფილმი: "სირია ქართველების თვალით", და "ქართველი მამლუქები ეგვიპტეში". დაჯილდოებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით და ბრწყინვალების ორდენით.