Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.
კვლევა მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის მოდელზე

ადამიანისა თუ სხვა ცოცხალი ორგანიზმების ნორმალური არსებობისთვის, ორგანული და არაორგანული ნივთიერებების გარდა, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა 20 ქიმიური მიკროელემენტი და მათგან ერთ-ერთი ორვალენტიანი მანგანუმია. მისი დოზირებული რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში განსაზღვრავს ისეთ პროცესებს, როგორიცაა ორგანულ ნივთიერებათა მიმოცვლის რეაქციების მაკატალიზირებელი ენზიმების (ცილოვანი ფერმენტების)? გააქტიურება, სასქესო ჯირკვლებისა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნორმალური ფუნქციონირება, ნერვული უჯრედების მემბრანებისა და, ზოგადად, ნერვული სისტემის სტაბილურობა, სისხლის გასუფთავება და მრავალი სხვა.

„ზოგიერთი ნეიროპროტექტორის გამოყენების პერსპექტივა და ჰორმეზისის ფენომენის კვლევა მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის მოდელზე“ – ამ სახელწოდებით კვლევა სსიპ ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიისა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე ტარდება. იგი 2013 წლის იანვრიდან დაიწყო და 2016 წლის დეკემბერში უნდა დასრულდეს.

„მანგანუმის იონთა როგორც მცირე, ისე ზედოზირებული მომწამვლელი (ტოქსიკური) რაოდენობით მოხვედრა ორგანიზმში უარყოფითი შედეგების გამომწვევია (ზოგადად, ქიმიურ ნივთიერებათა ან იონთა ტოქსიკურობის ხარისხის საზომს წარმოადგენს დოზა, ანუ ნივთიერების ის რაოდენობა სხეულის მასის ერთეულზე, რომელსაც შეუძლია ორგანიზმის მოწამვლა გამოიწვიოს, ანუ შხამად იქცეს. იმისდა მიხედვით, თუ როგორია ერთი და იგივე ქიმიური ნივთიერების დოზა, ორგანიზმზე მისი მოქმედების ეფექტი შეიძლება იყოს ინდიფერენტული, სამკურნალო, მომწამვლელი და ლეტალური. შხამის ტოქსიკური დოზა იწვევს მოწამვლას სასიკვდილო შედეგის გარეშე, ხოლო ლეტალური დოზა-სიკვდილს). „ადამიანის ორგანიზმზე მანგანუმის მავნე ზეგავლენის აღმოჩენისა და შესწავლის ისტორია სათავეს 1837 წლიდან იღებს, როდესაც ჯონ კუპერმა (J.Couper, 1837) საფრანგეთში მანგანუმის მადნის დამფქველ საწარმოში მომუშავე მუშების გამოკვლევისას აღწერა პარკინსონის დაავადების მსგავსი სურათი (ე.წ. „მეორადი პარკინსონიზმი“, იგივე მანგანიზმი). იგი, როგორც პროფესიული დაავადება, შესაძლებელია დღესაც განუვითარდეს შავი და ფერადი მეტალურგიის, შედუღების, საღებავების, მინისა და საწვავის – ბენზინის მწარმოებელ საწარმოებში დაკავებულ ადამიანებს. მათ მანგანუმის შემცველი ნაერთების ტოქსიკური დოზა შეიძლება მიიღონ კანიდან, ორალურად ან ინჰალაციური გზით. მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან ყოფილი სსრკ-ს რესპუბლიკების (მათ შორის საქართველოშიც), ტოქსიკომანებსა და ნარკომანებში (დღეისთვის ევროპასა და აშშ-შიც) ფართო გავრცელება ჰპოვა იაფასიანი სუროგატული ნარკოტიკებისა და ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულატორის – მეთკათინონის („ჯეფი“) ინტრავენურმა მოხმარებამ, რომლის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ მანგანუმის შემცველი ნაერთია. იგი მომხმარებელთა უმძიმეს ინვალიდიზაციას – მანგანუმურ ენცეფალოპათიას, ანუ თავის ტვინის არაანთებით ტოქსიკურ დაზიანებას იწვევს. ამიტომ ამ პრობლემამ სამედიცინო და სოციალური ხასიათი შეიძინა“ – განმარტავს თემის თანახელმძღვანელი, თსუ მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ბიომედიცინის ცენტრის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი – თამილა ბაგაშვილი.

თანამშრომელთა ფუნდამენტური კვ-ლევა – „ზოგიერთი ნეიროპროტექტორის (ნერვული სისტემის დამცავი, დამზოგავი) გამოყენების პერსპექტივა და ჰორმეზისის ფენომენის კვლევა მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის მოდელზე“ ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიისა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დაიგეგმა. ჰორმეზისის ბიოლოგიური ფენომენი გულისხმობს სხვადასხვა წარმოშობის სტრესორებისადმი – მათ შორის ტოქსიკური აგენტებისადმი მაღალი დოზებით მიღებისას ცოცხალი ორგანიზმის გამძლეობის მკვეთრ მატებას.

კვლევაში ჩართულნი არიან: სსიპ ი.ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის თანამშრომლები: ნიკოლოზ პაპუაშვილი -მედიცინის დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, სამედიცინო ცენტრ „ურანტის“ ნევროპათოლოგი, თემის ხელმძღვანელი; გიორგი ანდრონიკაშვილი – მედიცინის დოქტორი, ლაბორატორიის ხელმძღვანელი; სენერა ჭიპაშვილი -ბიოლოგიის დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი; გიორგი კვერნაძე- ბიოლოგიის დოქტორი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; მიხეილ ოკუჯავა- მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერ- თანამშრომელი; თეა გურაშვილი – მედიცინის აკადემიური დოქტორი, მეცნიერ-თანამშრომელი; ქეთევან გოგეშვილი – მეცნიერ-თანამშრომელი. თსუ მედიცინის ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლები: თეიმურაზ ჯორბენაძე – მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს პათოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი; გიორგი პატარაია – მედიცინის დოქტორი, თსუ-ს პათოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; თამილა ბაგაშვილი – თსუ-ს პათოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,ბიომედიცინის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ბიოლოგიის დოქტორი,თემის თანახელმძღვანელი.

როგორც მედიცინის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს პათოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი თეიმურაზ ჯორბენაძე აცხადებს: „კვლევის ძირითადი მიგნება და სიახლე საექსპერიმენტო ცხოველებში, კერძოდ, ზრდასრულ თეთრ ვირთაგვებში კალიუმის პერმანგანატის შემცველი იზოტონური წყალხსნარის ინტრავენური, კანქვეშა, ინტრაპერიტონული შეყვანის გზით ტოქსიკური ენცეფალოპათიის ვალიდური მოდელის შექმნაა (იხ. ჟურნალი „ბიომედიცინის სერია“,2013,ტ.39,#5-6,237-249),რაც მნიშვნელოვანია მანგანუმისადმი ექსპოზიციის (ზღვრული სიდიდე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათია ზოომოდელში) დადგენისთვის. მანგანუმური ენცეფალოპათიის კვლევის შედეგად მიღებული ზოომოდელი მაქსიმალურადაა დაახლოვებული თავისი ფიზიოლოგიური და ქცევითი პარამეტრებით ადამიანში ეფედრონული ტოქსიკომანიისას ნანახ ცვლილებებთან. ამასთანავე, ხელატებით (იგივე ლიგანდური კავშირები, როცა მინერალები უკავშირდებიან ორგანულ მოლეკულებს, მათ შორის ამინომჟავეებს და ამ გზით ხდება მიკროელემენტების ტრანსპორტირება უჯრედის მემბრანაში და ქმნიან ე.წ. შიდაკომპლექსურ კავშირს, ანუ ხელატურ კავშირს) და ნეიროპროტექტორული პრეპარატებით ხდება მანგანუმური ენცეფალოპათიისთვის დამახასიათებელი მყარი ნევროლოგიური და ჰისტოპათომორფოლოგიური (ქსოვილთა სტრუქტურისა და ფუნქციის რღვევა) ცვლილებების კუპირება.

კვლევის ფარგლებში, მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის ვალიდურ მოდელზე ნაჩვენები იქნა, რომ ხელატის კალციუმ-მონოსოდიუმ-ედიტატის ხსნარის და ნეიროპროტექტორის-კორტექსინის ინტრამუსკულური ინექცია ორგანიზმს წმენდს ჭარბი მანგანუმისგან და კუპირებს მანგანუმური ინტოქსიკაციით ჩამოყალიბებულ მყარ ნევროლოგიურ დარღვევებს. ჰისტოპათომორფოლოგიური კვლევით დადგინდა მანგანუმის ტოქსიკური დოზით გამოყენებისას სიღრმისეული დესტრუქციული ცვლილებები თავის ტვინის ქერქში – მრავლობითი სისხლჩაქცევები, ზოგ უბანში თრომბოზი, პერივასკულური შეშუპება, ნეირონების ნეკროზი და ღრმა ცვლილებები შინაგანი ორგანოების ქსოვილებში (ღვიძლი, ფილტვი, გულის კუნთი, ლიმფური კვანძები), კერძოდ, საკმაოდ გადიდებულ ღვიძლის პრეპარატში დაფიქსირდა ჰეპატოციტების დისოციაცია და ცხიმოვანი დისტროფია; ფილტვის პრეპარატში აღინიშნა რიგი ალვეოლების გაგანიერება, ზოგიერთ უბანში ალვეოლების შრის ძგიდეების დაწყვეტა, ზოგიერთი ბრონქიოლის გაგანიერება, პერიბრონქული ლიმფური კვანძის ჰიპერპლაზია; გულის კუნთიდან აღებულ ანათალში მკვეთრად გამოიკვეთა ქსოვილის განბოჭკოების სურათი, ხოლო ლიმფური კვანძის პრეპარატში – ჰიპერპლაზია“ _ აღნიშნავენ მეცნიერები.

მათი განმარტებით, წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევა საშუალებას იძლევა სიღრმისეულად აიხსნას მანგანუმური ტოქსიკური ენცეფალოპათიის პათოგენეზი, რასაც დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს მკურნალობის სწორი ტაქტიკის შერჩევისთვის. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, კერძოდ, კუსტარული ნარკოტიკების მომხმარებელთა პოპულაციის საგანგაშო რიცხობრივი მატება, ე.წ „ჯეფის“, ანუ ეფედრონის ინტრავენური ტოქსიკომანების და პროფესიული პათოლოგიების ჩამოყალიბება (შავ და ფერად მეტალურგიაში დასაქმებული, შემდუღებელ და ბენზინის მწარმოებელ ადამიანებში), რაც ადამიანთა მძიმე ხარისხის ინვალიდიზაციას იწვევს, ბადებს ამ მიკროელემენტის დამაზიანებელი მოქმედების შესწავლის აუცილებლობას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი ზოგიერთი ორგანოს ჰისტოპათოლოგიურმა კვლევამ გვიჩვენა, რომ ორგანოთა ქსოვილურ შენებაში მომხდარი ცვლილებები სრულ კორელაციაშია ცხოველისა თუ ტოქსიკომან და ნარკომან ადამიანთა ორგანიზმში განვითარებულ ნევროლოგიურ თუ პათოლოგიურ ქცევით პარამეტრებთან (იხ.ჟურნალი „ბიომედიცინის სერია“,2013,ტ.39,#5-6,237-249). ამ ტიპის კვლევებს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ტოქსიკომანიისა და ნარკომანიის ეტიო-პათოგენეზის შესასწავლად და პრევენციული ღონისძიებების სარეკომენდაციოდ.

საკითხი კვლევის მონაწილეთა მიერ კომპლექსურად: კლინიკური და ექსპერიმენტული, ჰისტოპათო-მორფოლოგიური კუთხით შეისწავლება. ადამიანური რესურსის გარდა, კვლევა ექსპერიმენტული ნევროლოგიის ლაბორატორიის თანამშრომელთა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსების, ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის, ცენტრის ვივარიუმის ცხოველთა გამოყენებით და თსუ პათოლოგიის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებით ტარდება.

მეცნიერთა ჯგუფის მიერ მიღებული კვლევების შედეგების გარკვეული ნაწილის პრეზენტაცია მოხდა 2014 წლის 2-4 ოქტომბერს თბილისის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმზე („Neuro-plasticity: Neurous substrate for Health and Disease. New Approaches for Research“) ნ. პაპუაშვილის მიერ გაკეთებული მოხსენებით: The study of the Therapeutic Potential of Cortexin in the Treatment of Methcathione (Efedrone) Associated Manganese Encephalopathy. ასევე პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე რეოლოგიაში(10-11 ოქტომბერი,ქუთაისი,2015)-„As a result of the injection of manganese ions, may cause histopathological changes induced in some visceral organs“-T. Bagashvili, N.Papuashvili, T. Jorbenadze, G. Andronikashvili, T. Gurashvili, K. Gogeshvili, pp.34-35. 2015.

უახლოეს პერიოდში იგეგმება კვლევის შედეგების გამოქვეყნება იმპაქტ-ფაქტორიან სამეცნიერო ჟურნალში. აღნიშნული თემის კვლევა გრძელდება.