2016-06-10

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის განმარტება 2016-2017 წლის სასწავლო პროცესის ვადებთან დაკავშირებით

თსუ-ში სასწავლო წლის/სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და შიდასაუნივერსიტეტო სამართლებრივი აქტებით დადგენილი დირექტივების საფუძველზე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის  N3 ბრძანებაში განხორციელდა ცვლილებები, რაც იწვევს გარკვეულ ცვლილებებს საგანმანათლებლო პროგრამებში, სასწავლო კურსების სილაბუსებში და შესაბამისად, სასწავლო პროცესის ვადების დაგეგმვისას.

ზემოხსენებული ბრძანებით, ერთი კრედიტი (ECTS) უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობას (სტუდენტის დატვირთვას) 25 ასტრონომიულ საათს, ხოლო სასწავლო კვირაში დამოუკიდებელი და საკონტაქტო საათების ჯამური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 45 ასტრონომიულ საათს.

თსუ სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-5 მუხლის მე-2  პუნქტის მიხედვით, სტუდენტის დატვირთვა ერთი სემესტრის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 35 კრედიტს.
 
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თითოეულ სემესტრში სასწავლო პროცესის ვადების დაგეგმვისას გათვალისწინებული უნდა იყოს გარემოება, რომ სტუდენტს უფლება აქვს აირჩიოს 35 კრედიტი და შესაბამისად, სასწავლო პროცესის ვადები უნდა უზრუნველყოფდეს სტუდენტის მიერ სემესტრში 35 კრედიტის ფაქტობრივად ათვისებას. გამომდინარე იქედან, რომ ერთი კრედიტი (ECTS) თსუ-ში უტოლდება სტუდენტის სასწავლო საქმიანობის (სტუდენტის დატვირთვას) 25 ასტრონომიულ საათს, 35 კრედიტის შემთხვევაში სემესტრის განმავლობაში სტუდენტის დატვირთვა იქნება 875 ასტრონომიულ საათი სემესტრში. ზემოხსენებულიდან გამომდინარე სასწავლო კვირაში დამოუკიდებელი და საკონტაქტო საათების ჯამური ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 45 ასტრონომიულ საათს, რაც ნიშნავს რომ 35 კრედიტის აღების შემთხვევაში სემესტრში სასწავლო კვირა (ნიშნავს სააუდიტორიო კვირას+დასკვნითი გამოცდების პერიოდი) იქნება არანაკლებ 19,4 (875/45), ესეც იმ შემთხვევაში, თუ კვირაში დასაშვები ასტრონომიული საათები სრულად იქნება ათვისებული. ამას ემატება გარემოება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის  N3 ბრძანების მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კრედიტის გაანგარიშებისას არ უნდა იყოს გათვალისწინებული დამატებითი გამოცდისთვის განსაზღვრული დრო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოცემულია ფაქტობრივი მდგომარეობა, როდესაც 35 კრედიტის ათვისებისათვის სტუდენტს ესაჭიროება 19,4 კვირა (16 სააუდიტორიო მეცადინეობები + 3,4 დასკვნითი გამოცდები) და კვირების მოცემული რაოდენობა თავის მხრივ  არ/ვერ მოიცავს დამატებით გამოცდებს და იგი შედგება მხოლოდ სააუდიტორო მეცადინეობისა და დასკვნითი  გამოცდისაგან.

სასწავლო პროცესის ვადების გახანგრძლივებას ასევე იწვევს ზემოხსენებული ბრძანებაში შეტანილი ახალი ცვლილება, კერძოდ,  მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად: 41 - 50 ქულის მიღების შემთხვევაში, სტუდენტს ეძლევა დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის უფლება. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დამატებითი გამოცდა დანიშნოს დასკვნითი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 10 დღეში. მოგეხსენებათ, რომ თსუ-ში მოქმედებს გამოცდების ჩატარების ინსტრუქცია (რექტორის ბრძ. #84/01-01; 12.07.2012). მოცემული ინსტრუქციის მე-5 მუხლით დადგენილი ვადების ანალიზის საფუძველზე საგამოცდო ნაშრომების გადაცემის, გასწორების და ასახვის პროცედურა შესაძლებელია გაგრძელდეს მაქსიმუმ 10 დღე.  შესაბამისად, დამატებითი გამოცდებისათვის განსაზღვრული უკანასკნელი დღე უნდა დაინიშნოს დასკვნითი გამოცდის უკანასკნელი დღიდან არაუადრეს 20 დღისა, ვინაიდან სტუდენტს რომელმაც, დასკვნითი გამოცდების ბოლო დღეს დაწერა გამოცდა და მიიღო შეფასება - FX (41-50 ქულა), მოქმედი რეგულაციების თანახმად შეფასება აესახება არაუგვიანეს 10 დღისა და სწორედ შეფასების ასახვიდან 10 დღის შემდგომ შესაძლებელია დაენიშნოს მას დამატებითი გამოცდა.  

აღნიშნული ცვლილებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 5 იანვრის N3 ბრძანებაში ამოქმედდება 2016 წლის 1 სექტემბრიდან.

Print

« იხ. ყველა სიახლე