გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ მთავარი ამოცანა

     გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ არსობრივად განახლებული სახით 2006 წლის 5 ოქტომბრიდან გამოდის, განახლებული დიზაინით კი _ 2007 წლის 3 ოქტომბრიდან.
     გაზეთის მთავარი ამოცანა საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმის, საუნივერსიტეტო რეფორმის, უნივერსიტეტის მრავალმხრივი საქმიანობის საინფორმაციო კამპანიის წარმოება და საუნივერსიტეტო საზოგადოების (აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების) პოპულარიზაცია გახლავთ, რაც მოიცავს:
• საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმის შედეგად წამოჭრილი პრობლემური საკითხების, სწავლების ფორმებისა და მეთოდების დახვეწის კუთხით მიმდინარე პროცესების შეფასება-ანალიზს;
• უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების, ადმინისტრაციის, ფაკულტეტების, მიმართულებების საქმიანობის წარმოჩენას; განათლების სამინისტროსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებისა და სიახლეების გაშუქებასა და ანალიზს;
• უნივერსიტეტში სასწავლო პროცესების მიმდინარეობის, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული სიახლეებისა და პროცედურული საკითხების გაშუქებას;
• სხვადასხვა სამეცნიერო ფონდების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციისა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული სამეცნიერო პროექტების გაშუქებას;
• უნივერსიტეტის მეცნიერულ და ინტელექტუალურ მონაპოვართა (სამეცნიერო კვლევებისა და შრომების) მოძიებასა და მათ პოპულარიზაციას. პრაქტიკაში მათი დანერგვისა და გამოყენების შესაძლებლობების გარკვევას;
• უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებისა და ღონისძიებების (კონფერენციების, სიმპოზიუმების, იუბილეების, ბრიფინგების, პრეზენტაციების, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების და ა.შ.) გაშუქებას;
• ახალი სასწავლო პროგრამებისა და ინიციატივების გაშუქებას, მათ პოპულარიზაციას;
• ბოლონიის პროცესის მიზნების განხორციელების პროცესში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიციებისა და როლის წარმოჩენას;
• უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების გაშუქებასა და პოპულარიზაციას;
• პროფესორთა, მეცნიერ-მკვლევართა, წარმატებულ დოქტორანტთა, მაგისტრანტთა და ბაკალავრთა წარმოჩენასა და პოპულარიზაციას;
• ქვეყნისა და საზოგადოებისათვის მტკივნეულ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხთა გადაწყვეტის პროცესში (პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ-კულტურულ პრობლემებზე) საუნივერსიტეტო საზოგადოებრივი პოზიციის გაშუქებას;
• საზღვარგარეთის ქვეყნების საუნივერსიტეტო ცხოვრების წარმოჩენას, საგანმანათლებლო გამოცდილების გაზიარებას;
• საზღვარგარეთის უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებში სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის გაშუქებას;
• უნივერსიტეტის საყოფაცხოვრებო, სამეურნეო პრობლემების წარმოჩენას;
• უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის, სტუდენტური მოძრაობებისა და დამოუკიდებელ სტუდენტთა საქმიანობის, მათი ინიციატივების, შემოქმედებითი პროცესების გაშუქებასა და ანალიზს;
• ქართული პრესის ფურცლებზე უნივერსიტეტის შესახებ დაწერილ სტატიებზე გამოხმაურებას.

     გაზეთის ახალი კონცეფციის შესაბამისად, გაზეთში გაჩნდა ახალი რუბრიკები: ,,უნივერსიტეტში“ ,,ინოვაცია“, ,,აქტუალური“, ,,ექსპერტის აზრით“, ,,ინტელექტუალთა ბანკი“, ,,უნივერსიტეტის სტუმარი“,  ,,რა? სად? როდის?”, ჩანართი _ ,,სტუდენტური პრეს-კლუბი“ და სხვა.
    2008 წლიდან გაზეთი ,,თბილისის უნივერსიტეტი“ გაზეთის რედაქციის თანამშრომელთა ინიციატივითა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით დამოუკიდებელ სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბდა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლობითმა საბჭომ 2008 წელს დაამტკიცა გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქციის დებულება, რაც უზრუნველყოფს სარედაქციო დამოუკიდებლობასა და ჟურნალისტთა შემოქმედებით თავისუფლებას.