2016-12-01

ჟოაო პედრო როდრიგესის „ორნითოლოგი“ თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალზე

2 დეკემბერს, 21:00 საათზე, კინოთეატრ რუსთაველში, თბილისის მე-17 საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში პორტუგალიელი რეჟისორის ჟოაო პედრო როდრიგესის ფილმის „ორნითოლოგი“ ჩვენება გაიმართება.

„ორნითოლოგი“ (2016 | 117 წთ | ფერადი)

მარტოობის მოყვარული ორნითოლოგი ფერნანდო პორტუგალიის ჩრდილოეთით, შორეული მდინარის სანაპიროსთან, გაქრობის პირას მყოფ შავ ყარყატებს ეძებს. ამ დროს მას დინება გაიტაცებს. ფერნანდოს მოხეტიალე ჩინელი გოგონები გადაარჩენენ, რომელთაც გეზი სანტიაგო დე კომპოსტელასკენ აქვთ აღებული. ფერნანდო შიშისმომგვრელ, უღრან ტყეში გზის გაკვლევას ცდილობს. ის მოულოდნელ და უჩვეულო წინააღმდეგობებს აწყდება ადამიანების მხრიდან, რომლებიც მისთვის გამოცდად იქცევა. ფერნანდო უკიდურესობამდე მიდის. თანდათან ის სხვა ადამიანად გარდაიქმნება.

რეჟისორი: ჟოაო პედრო როდრიგესი
სცენარი: ჟოაო პედრო როდრიგესი
ოპერატორი: რუი პოსასი
მონტაჟი: რაფაელ ლეფევრი
მონაწილეობენ: პოლ ამი, შელუ კაჟიაუ, ჟოაო პედრო როდრიგესი, ჰან უეინი, ჩან სუანი, ჟულიან ელტინგი



ჟოაო პედრო როდრიგესი

ჟოაო პედრო როდრიგესი დაიბადა 1966 წელს, ლისაბონში. სწავლობდა ლისაბონის კინოსკოლაში, სადაც მიიღო დიპლომი. მისი კინოკარიერა ვენეციის 54-ე კინოფესტივალზე, 1997 წელს დაიწყო, მოკლემეტრაჟიანი ფილმით „გილოცავ!“, რომელმაც ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. 2000 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი „მოჩვენება“, რომელიც ვენეციის 57-ე კინოფესტივალზე, ოფიციალური კონკურსის სექციაში აჩვენეს. 2005 წელს მისმა ფილმმა „ორი მაწანწალა“ კანში, რეჟისორების ორკვირეულზე, Cinémas de Recherche-ის სპეციალური დიპლომი მოიპოვა. როდრიგესის სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის „მოკვდე, როგორც კაცი“ კანში, პროგრამა Cinéfondation-ის პროექტ „ატელიემ“ 2007 წელს შეარჩია და 2009 წელს გამოვიდა.




ფილმოგრაფია:

2016 The Ornithologist
2015 IEC Long (Documentary short)
2013 Venice 70: Future Reloaded (Short)
2013/I Mahjong (Short)
2012 The Kings Body (Short)
2012 The Last Time I Saw Macao
2012 Morning of Saint Anthonys Day (Short)
2011/I Red Dawn (Documentary short)
2009 To Die Like a Man
2007 China China (Short)
2005 Two Drifters
2000 O Fantasma
1998 Viagem à Expo (Documentary)
Print

« იხ. ყველა სიახლე