2016-04-11

სონია მენდეშის ვორქშოფი „თანამედროვე პორტუგალიური კულტურა - ჩანახატები“

პარასკევს, 15 აპრილს, 15:00 საათზე, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში (II კორპუსი, ოთახი 203), გაიმართება ვორქშოფი თანამედროვე პორტუგალიურ კულტურაზე. ვორქშოფზე, სონია მენდეში, შეეცდება (ინტერ)კულტურულ კონცეფციაზე დაყრდნობით გვამოგზაუროს ფერწერული და ვიზუალური ნავსადგურების გარშემო, რომლებმაც ზეგავლენა მოახდინეს და ჩამოაყალიბეს თანამედროვე პორტუგალიური საზოგადოება. მოგზაურობის მიზანია დაგვაბრუნოს პორტუგალიის იმ ხანგრძლივ წარსულში, ე. წ. „საზღვაო ერის“ კონცეფციაში, რომელმაც დასაბამი დაუდო იმას, რასაც დღეს ვუწოდებთ პორტუგალიურ იდენტობას. ეს იქნება მოგზაურობა „საუდადეს“ (სევდა, ნოსტალგია) თანხლებით ეროვნულ მითებში, მსგავსებებსა და განსხვავებებში, ადგილებში ევროპის შიგნით და გარეთ.

სონია მენდეში დაიბადა პორტოში (პორტუგალია). 2004 წელს დაამთავრა პორტოს უნივერსიტეტის თანამედროვე ენებისა და ლიტერატურის (ინგლისური და გერმანული) ფაკულტეტი ბაკალავრის დიპლომით, ხოლო 2010 წელს მაგისტრატურა განათლების მეცნიერებების განხრით. სონია ამჟამად ასრულებს თავის სადოქტოროს ნაშრომს, იმავე უნივერსიტეტში, თემაზე - პორტუგალიური, როგორც უცხო ენათა დიდაქტიკა.
2006-2012 წლებში იგი მუშაობდა კულტურის ატაშეს თანამდებობაზე ბუენოს-აირესში (არგენტინა), სადაც ჟუან რამეს ფერნანდეს სახელობის ინსტიტუტში ასწავლიდა პორტუგალიურ ენას და ლიტერატურას. ამავე წლებში ხელმძღვანელობდა კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტის ფილიალს ბუენოს-აირესში.
სონია ამჟამად მუშაობს კამოეშის ინსტიტუტში, პორტუგალიური ენის საგამოცდო ტესტების დიზაინერად. იგი აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში და არის მრავალი ნაშრომის ავტორი. ჩატარებული აქვს სემინართა და ვორქშოფთა სერიები არგენტინაში, ესპანეთსა და ურუგვაიში.


***
ღონისძიება არის კონფერენციათა და ვორქშოფთა მეორე სერიის ნაწილი, სახელწოდებით - „პორტუგალიური და ბრაზილიური კულტურა დამწყებთათვის“, რომელიც იმართება მიმდინარე აკადემიურ წელს, თსუ-ს პორტუგალიური ენის ცენტრში და ღიაა მათთვის, ვისაც სურს მეტი შეიტყოს პორტუგალიური და ბრაზილიური ტრადიციების, მუსიკის, ლიტერატურის, საზოგადოებისა თუ კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.

მომავალში დაგეგმილი კონფერენციებისა და ვორქშოფების შესახებ განახლებული ინფორმაციისათვის, გთხოვთ რეგულარულად ეწვიოთ თსუ-ს პორტუგალიური ენის facebook-ის გვერდს facebook.com/portugueseattsu

ადგილების დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ვერა პეიშოტოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vera.peixoto@tsu.ge

Print

« იხ. ყველა სიახლე