2016-12-15

ლუიშ პეიშოტუს "გალვეიაშის" პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან [18 დეკემბერი, 2016]

18 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, გაიმართება ლუიშ პეიშოტუს „გალვეიაშის პრეზენტაცია და შეხვედრა ავტორთან.

პორტუგალიელი მწერალი და პოეტი ჟოზე ლუიშ პეიშოტუ 1974 წელს დაიბადა გალვეიაშში. იგი თანამედროვე პორტუგალიური ლიტერატურის ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურაა. მისი რომანები და ლექსები ბევრ ენაზეა თარგმნილი. პირველი წარმატება 2001 წელს ხვდა წილად, როდესაც ჟოზე სარამაგუს სახელობის პრემია მოიპოვა რომანისთვის „არც ერთი მზერა. 2007 წელს რომანმა „პიანინოს სასაფლაო ესპანური პრემია „პრემიო კალამო“ დაიმსახურა, როგორც საუკეთესო უცხოენოვანმა წიგნმა, 2008 წელს კი იტალიაში „საუკეთესო ევროპული წიგნის“ ტიტული მიანიჭეს. მიღებული აქვს აგრეთვე რამდენიმე სხვადასხვა ჯილდო საფრანგეთში, ირლანდიასა და ბრაზილიაში.

„გალვეიაში თანამედროვე პორტუგალიელი მწერლის ჟოზე ლუიშ პეიშოტუს რომანია. გალვეიაში სოფელია პორტუგალიაში, სადაც მოქმედება XX საუკუნის მიწურულს ვითარდება. აქ აღწერილია სოფლის ცხოვრების ყველაზე ცოცხალი და მრავალფეროვანი სურათი. მკითხველი თავიდანვე ებმება იქაური ცხოვრების ყოველდღიურ რიტმში. უცნაური მოვლენის ფონზე თანდათანობით ჩნდება უამრავი პერსონაჟი, რომელთა ბედი თითო თავში ნელ-ნელა უკავშირდება ერთმანეთს. მწერალი იუმორით, ხშირად მკვეთრად, მწარე ენით აღწერს რეალობას. მაგრამ მთავარი ამ ხალხის დამოკიდებულებაა სამყაროსა და, ზოგჯერ, მივიწყებული სიცოცხლის მიმართ. რომანის დასასრულს კი აუცილებლად ყველას გაგვახსენდება, რომ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ და არჩევანი ჩვენზეა.

გალვეიაში პირველი რომანია, რომელიც პორტუგალიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა. მისი მთარგმნელია გურანდა ფაჩულია.
წიგნი გამოცემულია ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და კამოეშის თანამშრომლობისა და ენის ინსტიტუტის მხარდაჭერით.

ავტორთან შეხვედრის პარალელურად მოეწყობა წიგნის გამოფენა-გაყიდვა.

Print

« იხ. ყველა სიახლე