Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

სამეცნიერო ინსტიტუტები

თსუ ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი

ქართული გეოგრაფიული ცოდნა სათავეს ანტიკური ხანიდან იღებს. თუმცა, მისი აღმავლობის პერიოდად მე-18 საუკუნე ითვლება. ამ დროს შეიქმნა ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომი“აღწერა სამეფოსა საქართველოსა”და საქართველოს ატლასი. ვახუშტი ბაგრატიონი იმ დროის მსოფლიო მეცნიერების სიმაღლეზე იდგა და მის შრომებს დღესაც არ დაუკარგავს სამეცნიერო და პრაქტიკული მნიშვნელობა.  იუნესკომ ვახუშტი ბაგრატიონის მიერ შექმნილი ატლასი და საქართველოს გეოგრაფია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.  გეოგრაფიის ინსტიტუტმა ვახუშტის დაბადებიდან 300 წლის იუბილე, 1997 წელს, ვახუშტის ატლასის გამოშვებით და საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნა. მნიშვნელოვანი სიახლე იყო ინსტიტუტის მიერ საქართველოს ახალი ატლასის გამოცემაც.

ისტორია

გეოგრაფიის ინსტიტუტი 1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრების ბაზაზე დაარსდა. მისი დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი 29 წლის მანძილზე იყო ქართული გეოგრაფიული სკოლის ფუძემდებელი ალექსანდრე ჯავახიშვილი.

ინსტიტუტში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ ცნობილი მეცნიერები, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები: ალექსანდრე ჯავახიშვილი, თეოფანე დავითაია; აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ალექსანდრე ასლანიკაშვილი, ვახტანგ ჯაოშვილი, ზურაბ ტატაშიძე, არჩილ კიკნაძე; პროფესორები: გიორგი გეხტმანი, ლუარსაბ კარბელაშვილი, ლევან მარუაშვილი, დავით წერეთელი, მიტროფანე კორძახია, დავით უკლება, გივი გიგინეიშვილი და სხვ.

არსებობის პირველსავე წელს ინსტიტუტმა გამოსცა 13 დასახელების შრომა, რომელსაც ერთვოდა 50 სხვადასხვა თემატური რუკა.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისთანავე ინსტიტუტი მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში გაერთიანდა. ამავე წელს გეოგრაფიის ინსტიტუტს ქართველი მეცნიერის ვახუშტის სახელი ეწოდა. თსუ-ს ინსტიტუტი 2010 წელს დაუბრუნდა.

ინსტიტუტის დაარსებისთანავე დიდი ყურადღება დაეთმო ცალკეული ადმინისტრაციული რაიონების ფიზიკურ-გეოგრაფიულ და ეკონომიკურ-გეოგრაფიულ კვლევებს და შესაბამისი რუკების შედგენას.

პირველად იყო შესწავლილი საქართველოს კლიმატის ძირითადი მახასიათებლები (ჰაერის ტემპერატურული რეჟიმი, ატმოსფერული ნალექები). 60-იანი წლებიდან ინსტიტუტს და კლიმატოლოგიურ კვლევებს სათავეში ჩაუდგა გამოჩენილი მეცნიერი, კლიმატოლოგი, აკადემიკოსი თეოფანე დავითაია.

ამ პერიოდში ინსტიტუტი საკმაოდ აქტიურ როლს ასრულებდა მაშინდელი საბჭოთა კავშირის გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებაში.

ამ პერიოდში ინსტიტუტში დამუშავებული გარემოს გაჭუჭყიანების დისტანციური მეთოდი, წარმატებით გამოიყენებოდა კოსმოსური სივრცის კვლევისას. ასევე შეიქმნა ბუნებრივი პროცესების მოდელირების ლაბორატორია. იგი სამუშაოებს ასრულებდა როგორც ხმელეთის, ისე ზღვისზედა ატმოსფეროში. ამ მიზნით ინსტიტუტთან სპეციალურად შეიქმნა ბათუმის სტაციონარი. მუშავდებოდა გამოყენებითი კლიმატოლოგიისა და ბიომეტეოროლოგიის საკითხები; ადამიანის ორგანიზმში სითბოს წარმოშობა და გაცემა, მეტეოროლოგიური ელემენტების ზეგავლენა ადამიანის ორგანიზმზე და ა.შ.

1973 წელს დაისტამბა ყოფილი საბჭოთა კავშირის აგროკლიმატური რესურსების რუკა, რომელმაც სრულად განსაზღვრა ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელი ტერიტორიის სოფლის მეურნეობის შემდგომი განვითარების პოტენციური შესაძლებლობები.

რამდენიმე წლის განმავლობაში თეოფანე დავითაია მუშაობდა კუბის მეცნიერებათა აკადემიაში და ხელმძღვანელობდა საბჭოთა მეცნიერ-კონსულტანტთა დიდ ჯგუფს, რომელშიც გეოგრაფიის ინსტიტუტის თანამშრომლებიც იყვნენ. ამ ჯგუფმა დიდი სამუშაო ჩაატარა კუბის ეროვნული ატლასის შესაქმნელად.

გეოგრაფიის ინსტიტუტის შექმნისთანავე საფუძველი ჩაეყარა ჰიდროლოგიურ გამოკვლევებსაც. შეიქმნა საქართველოს მდინარეთა გენეტიკური კლასიფიკაცია, შესრულდა შავი და აზოვის ზღვების სანაპიროების, მდინარეების, ტბებისა და ლიმანების აღწერილობა.

1964 წელს მსოფლიო ფიზიკურ-გეოგრაფიული ატლასისათვის შეიქმნა კავკასიის ჩამონადენის რუკა. 1980-იანი წლების ბოლოს კი ჰიდროლოგიის განყოფილებამ დაიწყო კავკასიის წყლის რესურსებისა და ბალანსის კვლევა.

ინსტიტუტში 1960 წლიდან მიმდინარეობს გლაციოლოგიური კვლევები. შესწავლილია კავკასიონის მრავალი მყინვარი. კავკასიონის მყინვარული ჩამონადენის რუკები შესულია მსოფლიოს თოვლ-ყინულოვანი რესურსების ატლასში.

მე-20 საუკუნის 70-იანი წლებიდან ინსტიტუტის სამეცნიერო-კვლევით თემატიკაში უმთავრესი ყურადღება დაეთმო მთიანი მხარეების გეოგრაფიული კანონზომიერებების კვლევას. 1972 წელს შეიქმნა ზღვის სანაპირო ზონის ლაბორატორია, რომელმაც 1974-80 წლებში პრაქტიკულად შეისწავლა საქართველოს ზღვის სანაპირო ზონის ძირითადი ავარიული უბნები. ნაპირების დასაცავად შემუშავებული ახალი მეთოდებით წალეკვას გადაურჩა საქართველოს შავიზღვისპირეთის პლაჟების მნიშვნელოვანი ნაწილი.

1958 წელს, გეოგრაფიის ინსტიტუტში კარსტოლოგიისა და სპელეოლოგიის ლაბორატორიის დაარსებით საქართველოში საფუძველი ჩაეყარა კარსტული მღვიმეების სისტემატიურ და გეგმაზომიერ კვლევას, რითაც საქართველოში 1300-ზე მეტი მიწისქვეშა ძეგლის _ კარსტული მღვიმე-უფსკრულების აღრიცხვა და ნაწილობრივ გამოკვლევა მოხერხდა (შ. ყიფიანი, თ. კიკნაძე, ზ. ტატაშიძე და სხვ.).

1961 წელს კი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა ახალი ათონის მიდამოებში, რამაც არნახული რეზონანსი გამოიწვია ყოფილი სსრ კავშირის მასშტაბით. მიწისქვეშ აღმოჩნდა სიცარიელე, რომლის ფსკერის ფართობი 50000 მ2, საერთო მოცულობა 1,5 მლნ მ3-ია. 80-იან წლებში ახალი მნიშვნელოვანი აღმოჩენა მოხდა წყალტუბოს კირქვულ მასივზე.

სხვათა შორის, მსოფლიოს ზეღრმა კარსტული უფსკრულების პირველი ათეულიდან ოთხი საქართველოშია _ სიღრმული ჩაღწევის მსოფლიო რეკორდი (2197 მ) საქართველოს (აფხაზეთი) კარსტულ ზოლში დაფიქსირდა.

1982 წელს ინსტიტუტის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს წითელი წიგნის” სრულიად ახალი განყოფილების (მსოფლიო მასშტაბით) „არაორგანული ბუნების ძეგლები” შექმნაში. მნიშვნელოვანი კვლევებია შესრულებული ისტორიული გეოგრაფიის მიმართულებით, გამოცემულია _ ზემო, შიდა და ქვემო ქართლის, ასევე კახეთის ისტორიული გეოგრაფიები.

ინსტიტუტში შემუშავდა და მეცნიერულად დასაბუთდა საქართველოს ეკონომიკური დარაიონების სქემა; გამოიცა სამაგიდო წიგნად ქცეული ორტომეული „საქართველოს ეკონომიკური გეოგრაფიის ძირითადი საკითხები“; საქართველოს ტერიტორიის რეკრეაციული დარაიონების სქემა და ა.შ.

დღეს

გასული საუკუნის 90-იან წლებში ქვეყანაში მიმდინარე ცნობილმა მოვლენებმა მკვეთრად შეამცირა ინსტიტუტის სამეცნიერო აქტივობა, რაც გამოწვეული იყო მწირი დაფინანსებით, ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა ლაბორატორიები და თემატური ჯგუფები, თანამშრომელთა უმეტესობამ ინსტიტუტი დატოვა. შეიძლება ითქვას, რომ ინსტიტუტის არსებობის მანძილზე ეს პერიოდი ყველაზე მძიმე იყო. 2006 წელს ინსტიტუტი გამოეყო აკადემიის სისტემას, მას ჯერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაექვემდებარა, ხოლო 2010 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, შეუერთდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტი.

2010 წელს ინსტიტუტის შენობა გაიყიდა, არსებული ინფრასტრუქტურის მოშლამ მნიშვნელოვნად დააზარალა სამეცნიერო კვლევები, განსაკუთრებით დაზარალდა ბიბლიოთეკა და მუზეუმი.

როგორც გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი ნანა ბოლაშვილი აღნიშნავს, მიუხედავად მრავალი სიძნელისა, ბოლო ხანებში ინსტიტუტის ცხოვრებაში გარკვეული სასიკეთო ძვრები დაიწყო, რაც განაპირობა დაფინანსების სხვადასხვა წყაროების მოძიებამ (ინტასის და რაფორდის საერთაშორისო გრანტები, მსოფლიო ბანკის, რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მკვლევართათვის და სხვ. ).

კომპიუტერულმა ტექნიკამ და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიებმა ძირეულად შეცვალა ინსტიტუტის მუშაობის სტილი. დღეს ინსტიტუტი მჭიდროდ თანამშრომლობს გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების მწარმოებელ ფირმა EშღI-სა და მათ დისტრიბუტორ DAთA+-თან. ინსტიტუტში მომზადდა საქართველოში პირველი 3-განზომილებიანი ციფრული რუკა (ვ. გელაძე, ა. ჯავახიშვილი, დ. ქართველიშვილი). გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით შეიქმნა და დაიბეჭდა საქართველოსა (მასშტაბი 1:500000) და კავკასიის (მასშტაბი 1:800000) ზოგად გეოგრაფიული 3-განზომილებიანი ციფრული რუკები, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცა განათლების სამინისტროს საჯარო სკოლებისთვის. შეიქმნა სხვადასხვა მასშტაბის გეო საინფორმაციო სისტემის საფუძვლები და თემატური რუკები, მყარ მატარებელზე არსებული თემატური რუკები გადაყვანილია ციფრულ ფორმატში.

ინსტიტუტში მომზადდა და გამოიცა 150-ზე მეტი მონოგრაფია, მათ შორის დიდი შემაჯამებელი მონოგრაფიები. გამოიცა 80-ზე მეტი შრომათა კრებული, ტარდება საერთაშორისო კონფერენციები.

მომავალი

ინსტიტუტის საქმიანობაში პრიორიტეტული ადგილი უკავია გეოგრაფიული რუკებისა და ატლასების შედგენას. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს სასწავლო გეოგრაფიული ატლასის შედგენაზე. ასევე პრიორიტეტულია სპელეოლოგიური და გლაციოლოგიური კვლევები.

მომავალ წელს დაგეგმილია ლიტველ სპელეოლოგებთან ერთად საერთაშორისო სპელეოლოგიური ექსპედიციის ჩატარება სამეგრელოსა და რაჭის კირქვულ მასივებზე; ასევე მომზადებულია პროექტი, რომლის მიზანია წყალტუბოს მღვიმეში ანთროპოგენური დატვირთვის შეფასება. ამ საკითხზე იგეგმება ერთობლივი კვლევები იტალიელ კოლეგებთან ერთად.

მყინვარები წარმოადგენენ გლობალური დათბობის შეფასების ყველაზე თვალსაჩინო ინდიკატორებს. ამიტომ, მომავალშიც გაგრძელდება საველე და კამერალური კვლევები საქართველოს თოვლ-მყინვარების მონიტორინგზე. ამ თემაზე რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენილია პროექტი.

ამჟამად დოქტორ მარჯით შვიკოვსკისთან (პაულ შერერის ინსტიტუტი, შვეიცარია) მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო პროექტის განსახორციელებლად, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ჰაერის ტემპერატურისა და ატმოსფერული ნალექების რეკონსტრუქციას ყინულის კერნის ანალიზით.

ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის ინფორმაციით, გაგრძელდება კვლევები ღვარცოფული პროცესების შესასწავლად; მიმდინარეობს საქართველოს წყლის რესურსების საინფორმაციო სისტემის შექმნა. დაგეგმილია კვლევები საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლის მორფოლოგიური და ლითოდინამიკური პროცესების შესასწავლად. ასევე, გაგრძელდება კვლევები საქართველოს ლანდშაფტების ბუნებრივი და ანთროპოგენური ტრანსფორმაციის და დინამიკის დასადგენად, როგორც ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში, ასევე სხვადასხვა ბუნებრივ-ლანდშაფტურ ზონებში. დაგეგმილია მონოგრაფიის მომზადება - „ტურიზმის გეოგრაფია“ და ა.შ. გეოგრაფიის ინსტიტუტს რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში წარდგენილი აქვს ათამდე პროექტი.