Logo

თსუ მეცნიერება

Main IMG
თსუ - პირველი უნივერსიტეტი კავკასიაში. კვლევისა და სწავლების საუკუნოვანი ტრადიცია. დაფუძნებულია 1918 წელს.

ჟურნალი ნომერი: 7

უსაფრთხოების თემები თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო აქტუალური ხდება. ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს კარგად აქვს გასააზრებელი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ძლიერი და სუსტი მხარეები და მისი შესატყვისობა ევროპის უსაფრთხოების კონცეფციასათან მიმართებაში. ამიტომ კვლევა სახელწოდებით: „საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ევროპეიზაცია“, რომელიც თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ლელა ჯანაშვილიმა განახორციელა, უდავოდ იმსახურებს საზოგადოების ინტერესს.

ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა სტუდენტთა დაინტერესება პენიტენციური და პრობაციის სამსახურების მიმართ, რაც გახდა „პრობაციის სამართლის სახელმძღვანელოს“ შექმნის მიზეზი. როგორც სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორი თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მორის შალიკაშვილი განმარტავს, წიგნის შექმნის იდეა, 2014 წელს გამოცემული „სასჯელაღსრულების სამართლის“ წიგნის პოპულარობამ გამოიწვია (ავტორები: მორის შალიკაშვილი, გივი მიქანაძე, მაია ხასია), რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც მეცნიერულ წრეებში, ასევე პრაქტიკოსებსა და სტუდენტებში. საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში სასჯელაღსრულების სამართლის სწავლება სწორედ ამ წიგნით მიმდინარეობს.

2014 წლის ოქტომბერს ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველო“ დააფინანსა თსუ იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტი „სისხლის სამართლის კანონმდებლობის ლიბერალიზაციის ტენდენციები საქართველოში“. როგორც, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ლექტორები განმარტავენ, პროექტზე მუშაობის საბაბი გახდა ის, რომ 2004 წლიდან საქართველოს კანონმდებლებს აშკარად დაეტყოთ ავტორიტარიზმის ზეგავლენა, რაც გამოიხატა ახალ ქმედებათა კრიმინალიზაციაში; გაფართოვდა უკვე მოქმედ დანაშაულთა შემადგენლობა; სასჯელები შეიცვალა იმგვარად, რომ მოსამართლეს შეეზღუდა სასჯელის ინდივიდუალიზაციის განხორციელების შესაძლებლობა; უსაზღვროდ და ზოგჯერ უსამართლოდ გაფართოვდა ჯარიმის, როგორც დამატებითი სასჯელის, გამოყენების შესაძლებლობა; ასევე, გაუქმდა დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და დაკანონდა მისი შეკრების წესი.

ვარძიის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან ახლოს, ზღვის დონიდან 1300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და ადმინისტრაციულად ისტორიულ მესხეთის რეგიონის – ასპინძის მუნიციპალიტეტში შედის. ძეგლი დათარიღებულია XII-XIII საუკუნეებით (1156-1203 წწ). 2007 წლიდან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარდგინებით იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის წინასწარულ ნუსხაშია შეტანილი. დღეს ამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის არსებობას სერიოზული საფრთხე ემუქრება.