გაცვლითი პროგრამები



საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმთავრეს ამოცანას და პრიორიტეტს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუციებში უნივერსიტეტის როლის ზრდა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობა. თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტებისვის, სამეცნიერო და აკადემიური პერსონალისთვის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო გრანტების, კერძო თუ სამთავრობო სტიპენდიების, სეზონური სკოლების, სხვადასხვა საგანმანათლებლო და განვითარების პროგრამების შეთავაზებას, ცოდნის გაღრმავებას და უმაღლესი ხარისხის სწავლის მიღებას.

თსუ მსოფლიოს 200-მდე წამყვანი უნივერსიტეტის პარტნიორია. აქ სხვადასხვა მიმართულების, უცხოენოვანი პროგრამების ფართო არჩევანია, რომლის საშუალებით ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ გაცვლით და ერთობლივ საერთაშორისო სასწავლო პროგრამებში და მოიპოვონ ორმაგი აკადემიური ხარისხი.

2006 წლიდან დღემდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 872 სტუდენტს მისცა შესაძლებლობა უფასოდ ესწავლა ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლების სხვადასხვა საფეხურზე. გასულ სასწავლო წელს თსუ-ს 200-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მობილობაში მონაწილეობა. უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლობენ იტალიის, ფინეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიის, პორტუგალიის, ევროპის სხვა ქვეყნებისა და ჩინეთის უნივერსიტეტებში.

საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტს 2016-2018 წლებში ევროპის 19 ქვეყნის 45 წამყვან უნივერსიტეტთან დაფინანსდა მობილობები ყველა საფეხურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის. ეს კი მიმდინარე სასწავლო წელს დაახლოებით 300-ზე მეტი დაფინანსებული საერთაშორისო გრანტია. აქედან 270-მდე გრანტი სტუდენტებისთვისაა გათვალისწინებული.

გამოქვეყნების თარიღი:2017-04-07 18:16:46
loading