2018-05-14

თსუ-ში X-XVIII საუკუნეების ბულგარულ ხელნაწერთა გამოფენა გაიხსნა

 თსუ-ში X-XVIII საუკუნეების ბულგარულ ხელნაწერთა გამოფენა გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით, გამოფენა „ხელნაწერთა სინათლე“ გაიხსნა, რომელზეც წარმოდგენილი იყო X-XVIII საუკუნეების პერიოდის დეკორირებული ხელნაწერები.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი მანუსკრიპტები ხაზს უსვამს შუა საუკუნეებში ბულგარეთის, როგორც კულტურული ცენტრის მნიშვნელობას. „ძალიან საინტერესო გამოფენას სტუმრობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გამოფენა ეხება ჩვენ მეგობარ ქვეყანას - ბულგარეთს. სწორედ ბულგარეთში ითარგმნებოდა სლავურად ქრისტიანული ლიტერატურა და ვრცელდებოდა რუსეთში, სერბეთში და ა.შ. ამდენად, მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის, როგორც კულტურული ცენტრის პოზიციონირება შუა საუკუნეების სლავურ სამყაროში. მსგავსი ღონისძიება შარშანაც ჩატარდა და უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა თსუ-ში ამ გამოფენის მასპინძლობა,“-  განაცხადა თსუ რექტორმა.

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დესისლავა ივანოვას თქმით, გამოფენა ეძღვნება ბულგარული კულტურის  დღეს, რომელიც 24 მაისს აღინიშნება ბულგარეთში: „მოხარულები ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა ჩვენი გამოფენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უკვე ჩატარდა. მოხარულები ვართ, რომ ბევრი დამთვალიერებელი მოვიდა. გამოფენა ეძღვნება დღეს, როდესაც ბულგარელები აღვნიშნავთ ბულგარული კულტურის, განათლებისა და ლიტერატურის დღეს.“

X-XVIII საუკუნეების ბულგარულ ხელნაწერთა გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში 17 მაისამდე გაგრძელდება.



Print

« იხ. ყველა სიახლე