2018-03-22

პროფესორ გოჩა ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია

პროფესორ გოჩა ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ გოჩა ჯაფარიძის მონოგრაფიის „ქართველთა სავანეები და სამონასტრო თემი წმინდა მიწაზე XI-XVIII საუკუნეებში (არაბული ნარატიული და დოკუმენტური წყაროების მიხედვით)“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

„ძალიან საინტერესო გამოცემაა ბევრი თვალსაზრისით - უამრავი სიახლეა წარმოდგენილი. მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტები: ეგვიპტის სულთნების და დიდგვაროვნების ბრძანებები, სამეცნიერო კომენტარები. ძალიან საინტერესოა ჩვენი წინაპრების მოღვაწეობა  წმინდა მიწაზე. მონოგრაფიას განსაკუთრებულად გამოარჩევს ის აკადემიზმი, ის სამეცნიერო სიზუსტე, რომელიც, ახასიათებს გოჩა ჯაფარიძეს,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.    

„პროფესორ გოჩა ჯაფარიძისნაირი ადამიანები ქმნიან სასწავლო-კვლევითი უნივერსიტეტის იმიჯს. ამ მონოგრაფიას წარმატებით გამოიყენებენ მომავალი თაობები, სხვა დარგის სპეციალისტები,“- აღნიშნა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა გაფრინდაშვილმა.   
 
წიგნის ავტორის, გოჩა ჯაფარიძის განცხადებით, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან იგი თვალ-ყურს ადევნებდა საქართველოს ისტორიის მასალებს არაბულ წერილობით და დოკუმენტურ წყაროებში: „ამ წიგნში შევძელი ადრე და ბოლო წლებში მოპოვებული მასალების თავმოყრა და რეალიზაცია. ნაშრომის მთავარი სიახლე არის გამოვლენა, სისტემატიზაცია და შესწავლა იერუსალიმის და სინას მთაზე წმინდა ეკატერინეს მონასტრის წიგნსაცავებში დაცული იმ არაბული დოკუმენტური წყაროებისა, რომელიც ეხება მამლუქთა და ოსმალთა ბატონობისდროინდელ პალესტინაში ქართული სამონასტრო ცხოვრების ისტორიას.“

ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია იერუსალიმის სხვადასხვა წიგნთსაცავებში დაცული ის არაბული დოკუმენტური წყაროები, რომლებიც ეხება წმინდა მიწაზე (პალესტინაში) ქართველთა სავანეებისა და სამონასტრო თემის ისტორიას XI-XVII საუკუნეებში. ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს XIII-XVI საუკუნეების 32 არაბული დოკუმენტის  (ეგვიპტის სულტნებისა და დიდმოხელეთა ბრძანებულებები, სასამართლო ოქმები და სხვ.) ტექსტის პუბლიკაცია ქართული თარგმანითა და კომენტარებით.


Print

« იხ. ყველა სიახლე