2020-08-04

თსუ რექტორის არჩევნებში გიორგი შარვაშიძემ გაიმარჯვა

თსუ რექტორის არჩევნებში გიორგი შარვაშიძემ გაიმარჯვა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძე აირჩია. (საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი)

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კახა ლორიას თქმით, „ფარული კენჭისყრის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან ხმის მიცემის პროცესში 37 წევრმა მიიღო მონაწილეობა.  გიორგი ბარამიძემ მიიღო - 1 ხმა, ცირა ბარამიძემ - 1 ხმა, გიორგი შარვაშიძემ -32 ხმა, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებს 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა. შედეგად, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მომდევნო 4 წლის ვადით რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია.“ მისივე თქმით, არჩევნების შედეგები გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს, რომელმაც გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება ცნო.

აკადემიური საბჭოს წევრის რევაზ შანიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს აკადემიურმა საბჭომ იხელმძღვანელა იმ კონცეფციებით, რომელიც რექტორობის კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი. „ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით კონცეფციებს და გავსაუბრებოდით კანდიდატებს. გიორგი შარვაშიძეს აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა ნამდვილად ქონდა. მან 4 წლის განმავლობაში კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების საინტერესო გეგმა.“ - აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე. თსუ რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები  ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გაესაუბრნენ, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა. 

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია საჯარო იყო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading