2018-03-27

„უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“

„უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“
საერთაშორისო არენაზე უკრაინისა და საქართველოს საერთო გამოწვევებსა და მათი გადალახვის გზებს, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავს ეძღვნება კონფერენცია, რომელიც  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“ ორგანიზატორია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

კონფერენციის გახსნას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იგორ დოლგოვი, ქართველი და უკრაინელი პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საქართველო და უკრაინა ერთნაირი გამოწვევების წინაშე დგანან. „ჩვენი ურთიერთობის ძალიან ვრცელი ჩამონათვალია: ლიტერატურული ურთიერთობა, თანამშრომლობა, სამეცნიერო კონტაქტები, სახალხო დიპლომატია. ჩვენ ერთნაირი გეოპოლიტიკური სიტუაცია გვაქვს, იმ ქვეყანათა ჯგუფში ვართ, რომელსაც ბოლო პერიოდში დიდი პრობლემები შეექმნა. ასე, რომ ძალიან საინტერესო კონფერენცია იქნება,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა.   

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა, რომ უკრაინასთან თანამშრომლობისთვის რამდენიმე მექანიზმია შექმნილი. „უკრაინის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ცენტრი რუსთველის სამეცნიერო ფონდთან თანამშრომლობს. ჰორიზონტი 2020-ის ფარგლებში საქართველოში ქართველ და უკრაინელ მეცნიერებს ერთობლივი საერთაშორისო პროექტების განხორციელება შეუძლიათ,“ - აღნიშნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ.

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა იმედი გამოთქვა, რომ კონფერენცია საქართველოსა და უკრაინას შორის ისტორიულად არსებულ  ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. „ჩვენ ორ ერს ყოველთვის გვინდოდა დემოკრატიული და დამოუკიდებელი ქვეყნის შექმნა და ჩვენ ეს შევძელით. მე ნამდვილად ამაყი ვარ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ვატარებთ ამ კონფერენციას. იმედი მაქვს, ეს ღონისძიება მხარს დაუჭერს ქართველ და უკრაინელ მეცნიერებს შორის კონტაქტების გამყარებას,“ - განაცხადა ელჩმა.   

კონფერენცია „უკრაინა და საქართველო: დიპლომატიური ურთიერთობების ასწლეული“ ორ დღეს გაგრძელდება. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება სხდომები თემებზე: კულტურული დიპლომატია, უკრაინულ-ქართული ურთიერთობების შესწავლის ისტორიული წყაროები, საქართველო-უკრაინის საერტო გამოწვევები საერთაშორისო ასპარეზზე და მატი მოგვარების გზები და სხვა.   
 
კონფერენცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში უკრაინის საელჩოს, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის, დიპლომატიური და საერთაშორისო ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო საზოგადოების, უცხოეთის წარმომადგენლობათა მომსახურების გენერალური დირექციის ორგანიზებით იმართება.   


Print

« იხ. ყველა სიახლე