2018-05-04

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

თავდაცვის მინისტრის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ თემაზე „საქართველო თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების პირისპირ,“ ლექცია წაიკითხა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. შეხვედრაზე ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც ტერიტორიულ თავდაცვაზე იქნება ორიენტირებული. მინისტრმა ასევე დაანონსა რეზერვის ახალი, ანაზღაურებადი სისტემის დანერგვა.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, „პირდაპირი კომუნიკაციის დამყარება სტუდენტებთან სწორი გზაა. შეხვედრაზე მინისტრის მხრიდან გაჟღერდა სიახლეები, მათ შორის ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შესახებ, რაც საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი სტუდენტებისთვის. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, დაისვა მწვავე შეკითხვები,“ - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები სტუდენტებთან მომავალშიც გაგრძელდება. „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებზე, განსაკუთრებით, ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ჩვენ დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად არის ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმები ნატოს სტრატეგიულ ამოცანებთან თანხვედრაში. ძალიან საინტერესო კითხვები დაისვა წვევამდელთა სისტემაზე, განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა ჩვენ მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებული ტოტალური თავდაცვის ახალი კონცეფცია, სადაც საგანმანათლებლო კომპონენტს მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამ კონტექსტში   ვააქტიურებთ სტუდენტებთან შეხვედრებს. პირველი შეხვედრა იყო სწორედ თბილისის სახელმწიფო უნვიერსიტეტში,   მივიღეთ კარგი იმპულსი და მუხტი, რომ ეს დისკუსიები სხვა უნივერსიტეტებში გავაგრძელოთ,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

ლექციის დასრულების შემდეგ სტუდენტებმა რეგისტრაცია გაიარეს 10 მაისს კოჯორ-ტაბახმელაში დაგეგმილ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად. თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით 10 მაისს კოჯორ - ტაბახმელაში ლაშქრობა გაიმართება, სადაც ეროვნული თავდაცვის აკადემიის, კადეტთა ლიცეუმისა და თსუ-ის სტუდენტები ტერიტორიაზე არსებულ სანგრებს დაათვალიერებენ. ისტორიკოსები და სამხედროები მათ სპეციალურ მაკეტს წარუდგენენ და 1921 წელს თბილისის შემოგარენში გამართული ბრძოლების ისტორიას დეტალურად გააცნობენ.

„შეხვედრა ძალაინ საინტერესო იყო, ვინაიდან, მნიშვნელოვანია როდესაც სტუდენტებს სახელმწიფოს შესახებ ინფორმაციას თავად პირველი პირები აცნობენ. შეხვედრაზე გავეცანით თავდაცვის სამინისტროში არსებულ მდგომარეობას, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს და სამომავლო გეგმებს, რომელთა წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაიზრდება. ამ ყველაფერში კი სტუდენტების ჩართულობა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და იქნება,“ - განაცხადა თსუ სტუდენტმა შოთა კეჟერაშვილმა.



Print

« იხ. ყველა სიახლე