2018-04-27

მემორანდუმი თსუ-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის

 მემორანდუმი თსუ-სა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მოაწერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით „საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, უნივერსიტეტი განახორციელებს ერთობლივ პროექტებს. საარქივო მასალაზე მუშაობით ჩვენი სტუდენტები უფრო სრულად გაეცნობიან საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამწლიან პერიოდს, დამოუკიდებლობისკენ მიმავალ  გზაზე გადადგმულ სამ ნაბიჯს: ავტოკეფალიის აღდგენას, უნივერსიტეტის დაარსებას და დამოუკიდებლობის მოპოვებას. ეს იყო პოლიტიკური განაცხადი, რომ ერი არის თავისუფალი და მას აქვს სურვილი და საშუალება იცხოვროს დამოუკიდებლად. ეს პროექტი ითვალისწინებს ურთიერთობას სხვადასხვა ქვეყანასთან, საარქივო მასალების ჩამოტანას, მათ შესწავლასა და დამუშავებას.“

ერთობლივი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აღნიშნავს 100 წლის იუბილეს. აგრეთვე, აღვნიშნავთ პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბების 100-წლისთავს. ამიტომ, საიუბილეო წელს გადავწყვიტეთ გამოვაცხადოთ კონკურსი, რომელიც ემსახურება პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის შესწავლას. მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა ისტორიის შესწავლის პროცესში. პირველი რესპუბლიკა ეფუძნებოდა დემოკრატიულ ფასეულობებს; მაშინაც ჩვენი მიზანი იყო ევროპული ინტეგრაცია და ეს არის ჩვენი ხალხის ისტორიული არჩევანი და მომავალი,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მემორანდუმის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა სტუდენტებისთვის გამოაცხადა ესსეების კონკურსი. ესეების კონკურსის თემატიკას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკა წარმოადგენს და ნამუშევარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ სფეროს, კონკრეტულ მოვლენას ან/და პიროვნებას უნდა შეეხებოდეს. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოში აკრედიტირებული უნივერსიტეტების  სამივე საფეხურის სტუდენტებს.


Print

« იხ. ყველა სიახლე