2015-07-22

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და ხელმძღვანელობის პროტესტმა შედეგი გამოიღო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, თბილისის მერიამ და ბიზნესის წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს თსუ რექტორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას, უნივერისტეტის აკადემიური საბჭოსა და სენატის, რაც მთავარია, სტუდენტების არაერთი განცხადება და  თსუ მეათე (მაღლივი) კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსდება საცხოვრებელი ბინები და კომერციული დაწესებულებები, რასაც უნივერსიტეტი მიესალმება.

როგორც ცნობილია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ, სადაც ორი სასწავლო კორპუსის გარდა, განთავსებულია ბიბლიოთეკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის თავმოყრის ადგილას გაზგასამართი სადგურის მშენებლობა იგეგმებოდა. გარდა იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ უკავშირდებოდა ახალგაზრდების უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფას, აფერხებდა საუნივერსიტეტო სივრცის განვითარების შესაძლო პროექტებს, ასევე იგნორირებული იყო უახლოეს წარსულში გამოცხადებული არაერთი საინტერესო ინიციატივა, მათ შორის ახალგაზრდული ცენტრის, კვების ობიექტების მშენებლობაზე, რაც სტუდენტობისთვის განსაკუთრებულ საჭიროებას წარმოადგენს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიას და ბიზნესის წარმომადგენლებს საუნივერსიტეტო საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებისთვის.














Print

« იხ. ყველა სიახლე