2018-05-29

წიგნების პრეზენტაცია

წიგნების პრეზენტაცია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოების სამეცნიერო პროექტის - „საბჭოთა უტოპიური ენობრივი თეორიები და ზოგადი ენთამეცნიერების პირველი ქართული სახელმძღვანელოები“ - ფარგლებში დაბეჭდილი სამი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ერთ-ერთი წიგნის -„ საბჭოთა ენათმეცნიერების ქართული სამკუთხედი: ნიკო მარი, ი. სტალინი, არნ. ჩიქობავა“ ავტორის, პროფესორ თინათინ ბოლქვაძის თქმით, წიგნებში თავმოყრილია საბჭოთა ენობრივი უტოპიური თეორიები და პირველი ქართული საენათმეცნიერო სახელმძღვანელოები. „ყველაზე უტოპიური თეორია, რომელიც საბჭოეთის დროს შეიქმნა, ეს იყო ნიკო მარის იაფეტური თეორია. ამ წიგნებში მოცემულია საარქივო მასალები საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან. ეს სამი წიგნი აერთიანებს, ერთი მხრივ, საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას, მეორე მხრივ, ყველა იმ მძიმე დაპირისპირებას, რომელიც არსებობდა საბჭოთა ენათმეცნიერებაში,“- აღნიშნა პროფესორმა თინათინ ბოლქვაძემ.

„ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კამპანია, რომელიც ჩაატარა სტალინმა, არის საბჭოთა ლინგვისტიკის პრობლემებთან დაკავშირებული.  წიგნში საარქივო მასალებზე დაყრდნობით განხილულია ნიკო მარის, ი. სტალინისა და არნ. ჩიქობავას როლი საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიაში. ეს თემა ძალიან საინტერესოა,- განცხადა პუბლიცისტმა გელა ჩარკვიანმა.

პროექტის ფარგლებში ასევე გამოიცა - "გიორგი ახვლედიანი, ენათმეცნიერების შესავალი 1918-1919", სამ ნაწილად. კრებულში აღდგენილია რარიტეტურლი წიგნი, ენათმეცნიერების პირველი სალექციო კურსი, რომელსაც გიორგი ახვლედიანი კითხულობდა თბილისის უნივერსიტეტის შექმნის პირველი დღეებიდან. წიგნს ტერმინთა საძიებელი ერთვის; ასევე გამოიცა წიგნი - " საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიიდან: საარქივო მასალები". კრებულში მოცემულია ახალგაზრდა მეცნიერთა სტატიები და სხვადასხვა არქივში მოძიებული დოკუმენტები, რომლებიც ასახავენ საბჭოთა ენათმეცნიერების ისტორიას 1950 წლამდე. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტების დიდი ნაწილი პირველად შემოდის სამეცნიერო მიმოქცევაში.

წიგნები მომზადდა და გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.


Print

« იხ. ყველა სიახლე
loading