2020-08-01

თსუ გამოშვება 2020

თსუ გამოშვება 2020
უნივერსიტეტის ეზოდან 3500  სახელობითი ბუშტის გაშვებით დასრულდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 2020 წლის კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიება. საქართველოსა და მსოფლიოში შექმნილი ეპიდსიტუაციის გამო ღონისძიების ძირითადი ნაწილი განსხვავებულ - ონლაინფორმატში გაიმართა.

ონლაინ ღონისძიების მსვლელობისას თსუ კურსდამთავრებულებმა ვირტუალური მანტია მოირგეს. კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, აკადემიური საბჭოს წარმომადგენლებმა, ფაკულტეტების დეკანებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, თსუ წარმატებულმა კურსდამთავრებულებმა მიულოცეს. ღონისძიების დასრულებისთანავე თსუ კურსდამთავრებულებს ვებგვერდიდან gifme.ge სამახსოვრო ვირტუალური დიპლომების გადმოწერისა და საკუთარ სოციალურ პლატფორმაზე გაზიარების შესაძლებლობა ჰქონდათ.  

„ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ნებისმიერი მიზნის მიღწევა თუ არის სოლიდარობა, გუნდურობის შეგრძნება,“ - განაცხადა ონლაინ ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და მადლობა გადაუხადა ყველა სტუდენტსა და პროფესორს პანდემიის გამო შექმნილ ახალ რეალობაში სწავლისა და სწავლებისთვის. „ეს უნივერსიტეტი შეიქმნა 102 წლის წინ სოლიდარობის, ღიაობის, დემოკრატიის პრინციპებზე; შეიქმნა, როგორც დემოკრატიის კუნძული. ეს არის გზა, რომელიც ირჩია უნივერსიტეტმა და რომელზეც ჩვენ ყველამ ვიარეთ. დღეს იწყება თქვენი დამოუკიდებელი ცხოვრების ახალი ეტაპი. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - იარეთ ჩვენთან ერთად და დარჩით თსუ-სთან თქვენი ცხოვრების ნებისმიერ მონაკვეთზე. მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ალმა მატერის კარი ყოველთვის ღიაა თქვენთვის“- ასე მიმართა თსუ რექტორმა კურსდამთავრებულებს.

„მადლობა უნივერსიტეტს იმისათვის, რომ პანდემიისგან გამოწვეული შეზღუდვების მიუხედავად შეძლო ეს დღეები ჩვენთვის დასამახსოვრებელი გაეხადა. მიხარია ისიც, რომ ამას საქართველოში პირველად აკეთებს თსუ. ყველა კურსდამთავრებულს წარმატებებს ვუსურვებ,“ - განაცხადა თსუ 2020 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულმა მარიამ ტატიშვილმა. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულის ალეკო სამადაშვილის თქმით, „ეს სემესტრი განსხვავებული აღმოჩნდა ყველასთვის, რადგან ყველას მოუწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. ეს იყო გამოწვევა სტუდენტებისთვის და პროფესორებისთვის. ერთობლივი ძალისხმევით ეს სემესტრი შედგა.“

საზეიმო ონლაინღონისძიება სხვადასხვა საინტერესო დეტალისგან შედგებოდა: 22 ივლისიდან თსუ პირველ და მეათე (მაღლივ) კორპუსებში რეალური ფოტოზონები მოეწყო, სადაც სტუდენტები სამახსოვრო ფოტოებს იღებენ.  31 ივლისს მოსიარულე ქარავანმა თბილისის ქუჩები მოიარა და საზოგადოებას თსუ გამოშვება 2020-ის შესახებ ამცნო. თსუ ეზოდან ქარავანი საზეიმოდ გააცილეს დრამერებმა მუსიკის თანხლებით და სტუდენტებმა სკუტერებით.

თსუ-ს კურსდამთავრებულებს უნივერსიტეტის დასრულება საქართველოს ჰიმნით მიულოცა მსოფლიოში ცნობილმა მეცო-სოპრანომ ნინო სურგულაძემ. სპეციალური ვიდეომიმართვით მიულოცა უნივერსიტეტის დამთავრება დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ცნობილმა მომღერალმა ქეთი მელუამ. 2020 წლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის შვიდივე ფაკულტეტის ყველაზე წარმატებულ კურსდამთავრებულებს თსუ სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 22 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს, წელს უნივერსიტეტი 3500-მდე სტუდენტმა დაამთავრა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი გამოშვება 1922 წელს ჰყავდა. ამ ხნის მანძილზე, თსუ-ს 300000-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს.

ახალი 2020-2021 სასწავლო წელს თსუ 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამაზე 5712 პირველკურსელს მიიღებს (წინა წელთან შედარებით 400 პირველკურსელით მეტს), მათ შორის, 24 უცხოენოვან პროგრამაზე. უახლოეს მომავალში სასწავლო პროგრამებს  კიდევ 10 უცხოენოვანი პროგრამა დაემატება.




Print

« იხ. ყველა სიახლე
loading