2018-05-05

ღია კარის დღე თსუ-ში

ღია კარის დღე თსუ-ში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღე გაიმართა. აბიტურიენტებსა და სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და თსუ კურსდამთავრებული, მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე მიესალმნენ. 

თსუ რექტორმა აბიტურიენტებს გააცნო ის შესაძლებლობები, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობს მათ, ისაუბრა სიახლეებზე, მათ შორის სასწავლო პროგრამების, საერთაშორისო და გაცვლითი პროგრამების, კვლევის, დაფინანსების და სტიპენდიების შესახებ. „იმედია, რომ ბევრი ახალგაზრდა, რომელიც ღია კარის დღეზე მოვიდა აირჩევს თსუ-ს. ამისთვის ბევრი მიზეზი არსებობს, თუ რატომ უნდა აირჩიონ თსუ. თუნდაც იმიტომ, რომ ის დღემდე არის უმაღლესი განათლებისა და კვლევის ფლაგმანი მთელ რეგიონში,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

"მოსწავლეებს ვურჩიე, რომ ისინი გამხდარიყვნენ იმ დიდი ისტორიის ნაწილი, რასაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰქვია და რომელიც გრძელდება წარმატებულად. ეს არის განსაკუთრებული პატივი და ეს პატივი მხოლოდ ტრადიციებით არ არის გამყარებული. ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ იმისთვის, რომ ეს სახელი იყოს ისევ საკუთარ სიმაღლეზე და ვხედავ, რომ ამ მიმართულებით სერიოზული ძვრები შეინიშნება,"- აღნიშნა გიორგი კეკელიძემ

„ვაპირებ, რომ გავხდე უნივერსიტეტელი. არჩეული მაქვს მხოლოდ ერთი პროგრამა-ეს არის სამართალმცოდნეობა  და შემოხაზული მაქვს მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რადგან ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით თსუ საქართველოში მოწინავეა,“- ასე ახსნა საკუთარი არჩევანი სკოლის მოსწავლემ დავით მაჭარაშვილმა

ღია კარის დღეზე ახალგაზრდებს შეხვდნენ თსუ-ს ფაკულტეტების დეკანები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელთაც  აბიტურიენტების კითხვებს უპასუხეს. 

2018 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტების მე-100 ნაკადს მიიღებს. თსუ-ს სტუდენტი 4000-მდე ახალგაზრდა გახდება.

100 წლის იუბილეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეხვდა როგორც ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულება, სადაც ყოველწლიურად 200–მდე ადგილობრივი და საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო საგრანტო პროექტი ხორციელდება, 7 ფაკულტეტზე 240-მდე საგანმანათლებლო პროგრამა მოქმედებს, მათ შორის 20-ზე მეტი უცხოენოვანი პროგრამა,  22 ათასამდე ქართველი და 600-მდე უცხოელი სტუდენტი სწავლობს. დღეს თსუ-ში  საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებთან ერთად  უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო, ასევე მოკლე და გრძელვადიანი სასერტიფიკატო პროგრამები ხორციელდება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უნივერსიტეტია არამარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონში, რომელიც 2018 წლის საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების 2%-ში შედის (The U.S.News&World Report).



Print

« იხ. ყველა სიახლე