2018-02-06

ვაშინგტონში საქართველოს თსუ-ს გუნდი წარადგენს ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში

ვაშინგტონში საქართველოს თსუ-ს გუნდი წარადგენს ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში
საქართველოს სახელით აშშ-ში ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის იმიტირებული პროცესების საერთაშორისო რაუნდებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იასპარეზებს.

თსუ-ს სტუდენტთა გუნდმა ეს უფლება საქართველოს მასშტაბით გამარჯვებების შედეგად მოიპოვა. საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ ეროვნულ რაუნდებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, თავისუფალი უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდებმა იასპარეზეს. თსუ-ს გუნდი იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და იურიდიული მიმართულების სტუდენტებს: გიორგი ბაიძეს, ნინო გოშხეთელიანს, ნანა ყრუაშვილსა და თამთა შამათავას აერთიანებს;  გუნდის მწვრთნელი თსუ დოქტორანტი თამთა ზაალიშვილია.

ფინალურ რაუნდში შეჯიბრის პატივი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის გუნდებს ერგოთ. მხარეთა ზეპირი და წერილობითი არგუმენტაციის შეფასების შედეგად, საერთაშორისო რაუნდებში ასპარეზობის უფლება თსუ-ს გუნდმა მოიპოვა. ამავე გუნდს ერგო პოზიციის წერილობით საუკეთესოდ წარმომდგენი გუნდის ტიტული; ამასთან, გიორგი ბაიძემ  შეჯიბრის საუკეთესო სპიკერის ჯილდოც დაიმსახურა.

ფილიპ ს. ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესები უკვე 59 წელია, საერთაშორისო სამართლის ყველაზე პრესტიჟულ კონკურსად მიიჩნევა. მასში 645 სამართლის ფაკულტეტი მონაწილეობს მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. კონკურსში გაეროს სამართლებრივი ორგანოს - მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს იმიტირებული სასამართლო პროცესის ფარგლებში ეჯიბრებიან სტუდენტები საერთაშორისო სამართლის ცოდნის წერილობითა და ზეპირი გამოსვლით დემონსტრირებით. თსუ გუნდის ჩამოყალიბება და მომზადება 2017 წლის ივნისში პროფესორ ქეთევან ხუციშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო. გუნდის წევრები კონკურსის წესით შეირჩნენ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის პროფესორების მიერ ჩატარებული ორი საზაფხულო სკოლის მონაწილეთაგან. 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი საერთაშორისო რაუნდებში ვაშინგონტში, აშშ, 2018 წლის 1-7 აპრილს იასპარეზებს.


Print

« იხ. ყველა სიახლე