2019-04-24

ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრის გახსნა თსუ-ში

 ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული კვლევითი ცენტრის გახსნა თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. თბილისის რეგიონული ცენტრის დაფუძნების თაობაზე თსუ-სა და ევროპის აკადემიას შორის ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმს ხელი უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და ევროპის აკადემიის პრეზიდენტმა სირდ ქლოეთინგმა მოაწერეს. ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი „აკადემია ევროპეას“ რეგიონული ცენტრების ქსელის ნაწილს წარმოადგენს და რიგით მეხუთეა ესპანეთის, ინგლისის, ნორვეგიისა და პოლონეთის შემდეგ.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ მინისტრი მამუკა ბახტაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, თსუ პროფესორები და სტუდენტები ესწრებოდნენ. 
„ევროპის აკადემია უდიდესი ქსელია, სადაც დაახლოებით 4 ათასი მკვლევარია გაერთიანებული. ცენტრი ნებისმიერი მეცნიერისთვის მნიშვნელოვან დაფინანსების წყაროს წარმოადგენს. ეს არის ევროპისკენ გადადგმული ძალიან მტკიცე ნაბიჯი და კარგია, რომ კვლევის მიმართულებით ასეთი ნაბიჯი გადაიდგა,“ - განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.
პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საზოგადოებას საქართველოში Academia Europaea -ს რეგიონული ცენტრის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ ცენტრი, როგორც აკადემიური, ისე პოლიტიკური მნიშვნელობისაა.  
„ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ისტორიითა და დიდი წარსულით, რომელიც სწორედ განათლებასა და კულტურაზე დგას.  განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ და ჩვენ წინაშე არსებული ყველა გამოწვევის დაძლევაში დაგვეხმარება. ჩვენი მიზანია საქართველომ განათლების კერის სტატუსი დაიბრუნოს. გვერგო პატივი ევროპის აკადემიის მეხუთე ჰაბი გაგვეხსნა. ეს არის ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ქართველი ერის არჩევანი, რომ საქართველო აუცილებლად დაუბრუნდეს თავის ევროპულ ოჯახს. ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციაზე და ფასეულობებზე დაყრდნობილი არჩევანი და დღევანდელი დღე ამის საუკეთესო მაგალითია. დღევანდელი დღე იქნება მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პროგრესის დასაბამი,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 
ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, თსუ-ში Academia Europaea -ს ცენტრალური მმართველობის, ევროპული რეგიონული ჰაბებისა და სამეცნიერო საბჭოს წევრების საქმიანი ვიზიტი ხორციელდება. ცენტრი  შეეცდება განავითაროს და განავრცოს სამეცნიერო კვლევისა და აკადემიური ცოდნის უმაღლესი ხარისხის სტანდარტები მეცნიერების ყველა დარგში.    
„ევროპის აკადემიური ცენტრი საშუალებას მისცემს ქართველ მეცნიერებს უფრო დაუახლოვდნენ ევროპის საგანმანათლებო კვლევით და სამეცნიერო სივრცეს. ცენტრი იქნება ერთგვარი ინსტრუმენტი, სადაც ქართველი მეცნიერები საკუთარი კვლევის შედეგებს გააცნობენ ქართულ-ევროპულ საზოგადოებას, ისინი ასევე ისარგებლებენ მრავალფეროვანი ევროპული დაფინანსებით. ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს ქართველი მკვლევარებისთვის  და ინოვატორებისთვის,“ - აღნიშნა ევროპის აკადემიური ცენტრის პრეზიდენტმა  სირდ ქლოეთინგმა. 
ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრის დირექტორის დავით ფრანგიშვილის თქმით, ქართული მეცნიერების ტრადიციებიდან,  საქართველოსა და  სამხრეთ კავკასიის თავისებურებებიდან გამომდინარე გადაწყდა, რომ საქართველოს განყოფილების აქცენტი გაკეთდება ბიო-კულტურული მრავალფეროვნებაზე.  
„საქართველოს განყოფილების მისია იქნება ხელი შეუწყოს ბიოლოგიური, ეკოლოგიური, კულტურული, ლინგვისტური მრავალფეროვნების კომპლექსურ კვლევას. საერთოდ ბიოლოგიურ და კულტურულ მრავალფეროვნებას შორის  კავშირების გამოვლენა და ანალიზი ძალიან მნიშვნელოვანია და ასეთი ანალიზის, ასეთი კვლევის მნიშვნელობა კაცობრიობის მომავლისთვის უფრო იკვეთება,“ - განაცხადა დავით ფრანგიშვილმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული - ევროპის აკადემიის თბილისის რეგიონული ცენტრი, დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული  ევროპული აკადემიისა (Academia Europea) და თსუ-ს ერთობლივი ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი მხარდაჭერით იხსნება. 
თსუ-ში ევროპის აკადემიის რეგიონული ცენტრის გახსნის გადაწყვეტილება  „აკადემია ევროპეას“ მმართველი საბჭოს წევრებმა ბარსელონაში გასულ წელს ყოველწლიურ შეკრებაზე ერთხმად მიიღეს.

Print

« იხ. ყველა სიახლე
loading