2020-07-03

თსუ ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს

თსუ ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემას აღადგენს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მწერლები შეიკრიბნენ და ლიტერატურული ალმანახის „პირველი სხივის“ აღდგენის შესახებ განაცხადეს. ლიტერატურული ალმანახი ტრადიციულად ახალგაზრდა შემოქმედთა პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ აღდგენილი ალმანახი ახალგაზრდებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის შესაძლებლობას მისცემს. „ათწლეულების განმავლობაში „პირველი სხივი“ უმნიშვნელოვანესი იყო ქართული ლიტერატურისთვის. ამ პერიოდის ქართული მწერლობის თითქმის ყველა თვალსაჩინო წარმომადგენელი დაკავშირებულია „პირველ სხივთან“. გადავწყვიტეთ ალმანახის აღდგენა, რომელშიც დაიბეჭდება არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ, გამოცდილი და გამოჩენილი პროზაიკოსების თუ პოეტების ნაშრომებიც. ეს იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა თაობა შეხვდება ერთმანეთს,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

ლიტერატურული ალმანახი წელიწადში ერთხელ გამოიცემა და თსუ სტამბაში დაისტამბება. აღდგენილი „პირველი სხივის“ მთავარი რედაქტორის, თსუ პროფესორის, მთარგმნელის გიორგი ლობჟანიძის თქმით, ალმანახი დიდ როლს თამაშობდა სტუდენტურ ცხოვრებაში, აყალიბებდა მომავალ მწერლებს, პოეტებს, იმათ, ვინც შექმნეს თანამედროვე საქართველოს კულტურა: „კარგი ტრადიცია უნდა გრძელდებოდეს. განახლებული ალმანახი უნდა იყოს ამბიციური, განსხვავებული იმისგან, რაც კეთდებოდა - თან აგრძელებდეს ტრადიციას და რაღაცით განსხვავდებოდეს. მაქსიმალურად გამოხატავდეს თანამედროვეობას, იმას, რაც საუკეთესო აქვს ახალ თაობას. მაქსიმალურად ღია ვართ თანამშრომლობისთვის. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის ალმანახი. „პირველი სხივი“ მინდა იქცეს ქართული სტუდენტობის, შემოქმედი ახალგაზრდობის ჟურნალად, სადაც ყველა თავს კარგად იგრძნობს.“

„პირველი სხივი“ იყო ის ადგილი, სადაც შეიძლებოდა ყველაფრის თქმა, სადაც შენ იყავი ნამდვილი შემოქმედი, სადაც შენ ხელს არ გიშლიდა არავინ, არავითარი საბჭოთა ხელისუფლება. მე ძალიან დიდხანს ლექსებს არ მიბეჭდავდნენ. „პირველი სხივი“ რომ არ ყოფილიყო, ძალიან გამიჭირდებოდა ცხოვრება. „პირველი სხივის“ აღდგენა იქნება ძალიან დიდი საქმე ახალგაზრდებისათვის და ჩვენთვის,“- განაცხადა პოეტმა ლია სტურუამ.

ჩემი თაობა, ჩემი თანაკურსელების სტუდენტური ცხოვრება პირდაპირ ასოცირდება „პირველ სხივთან“ და „93-ე აუდიტორიასთან“. ეს იყო პირველი ასპარეზი ჩვენი საჯარო ნაწერების, ჩვენი ნაფიქრის, ჩვენი განცდის საჯაროდ გამოქვეყნების. „პირველი სხივის“ აღდგენა უფრო საინტერესოს, უფრო შინაარსიანს გახდის სტუდენტურ ცხოვრებას დღეს,“- აღნიშნა პოეტმა დათო მაღრაძემ.

აღდგენილი ალმანახი, ამჯერად, მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტით არ შემოიფარგლება, მასში საკუთარი ნაწარმოებების გამოქვეყნება სხვა ახალგაზრდა პოეტებს, პროზაიკოსებს, ლიტერატურათმცოდნეებსაც შეეძლებათ. ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ ალმანახის ფურცლებიდან გააცნონ მკითხველს საკუთარი შემოქმედება.

ამასთან, თაობათა შორის კავშირის არსებობის ნიშნად, აღდგენილ ალმანახში უკვე ცნობილი პირველსხიველები დაბეჭდავენ ახალ ნაწარმოებებს.

„პირველი სხივის“ აღდგენა ნიშნავს ახალგაზრდობაში დაბრუნებას, იმ ასაკში დაბრუნებას, როდესაც „პირველ სხივში“ პირველად დავიბეჭდე,“- აღნიშნა პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა და ახალგაზრდა შემოქმედები დაარიგა „იყავით გაბედულები, ავტორიტეტები არ შექმნათ. ავტორიტეტები არის დამანგრეველი შემოქმედისთვის. უნდა იცოდეთ თქვენთვის, რომ ხართ თქვენ და კალამი. არ შეასრულოთ დროის დაკვეთა.“

2018 წლის ბოლოს თსუ-ში ცნობილი სტუდენტური ლიტერატურული წრის „93-ე აუდიტორიის“ აღდგენის შემდეგ თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, რომ განახლდება ალმანახ „პირველი სხივის“ გამოცემაც.

„პირველი სხივის“ პირველი ნომერი 1950 წელს გამოვიდა. მისი ინიციატორი უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორი ნიკო კეცხოველი იყო. ალმანახში უნივერსიტეტის ახალგაზრდა მწერალთა წრის წევრების ალმანახის ახალი ნომერი ყოველ წელს გამოდიოდა. 2004 წლამდე „პირველი სხივის“ 30 ნომერი დაისტამბა.
Print

« იხ. ყველა სიახლე
loading