2018-02-15

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ,,ვივამედს“ შორის

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ,,ვივამედს“ შორის
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპს “ვივამედს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ და „საუნივერსიტეტო კლინიკის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ მოაწერეს. მხარეთა ურთიერთთანამშრომლობა მოიცავს კლინიკური დისციპლინების სწავლების გაუმჯობესებას, ახალგაზრდა სპეციალისტთა დახელოვნებას და კლინიკურ ბაზაზე აკადემიური საქმიანობის გაშლას.     

თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა „კლინიკა „ვივამედთან“ ძალიან მნიშვნელოვანი მემორანდუმი გაფორმდა. ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენმა სტუდენტებმა პრაქტიკები გაიარონ თანამედროვე კლინიკურ სივრცეში, სწავლების პერიოდში ჩართული იყვნენ აქტივობაში, რომელიც მათ პროფესიას უკავშირდება და ეს არის შანსი კარგი პროფესიონალები გავზარდოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.“

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კლინიკა „ვივამედს“ შორის გაფორმებული მემორანდუმი ისეთ მნიშვნელოვან თარიღს დაემთხვა, როგორიც უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი კლინიკისგან მაღალი სტანდარტების თანამშრომლობას ითხოვდა. როდესაც საბოლოოდ დავრწმუნდით ორივე მხარე, რომ მზად ვიყავით სტუდენტების მისაღებად, მხოლოდ ამის შემდეგ დოკუმენტურად დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობა,“ - განაცხადა „ვივამედის“გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ.    

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას განცხადებით, „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პოტენციალს შეემატა ახალი მნიშვნელოვანი ძალა და მუხტი - კლინიკა „ვივამედი“ საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსით გახდა უნივერსიტეტის პარტნიორი. კლინიკა „ვივამედის“ ინფრასტრუქტურა, მისი განყოფილებების მრავალფეროვნება და იქ დასაქმებული პედაგოგიური გამოცდილების მქონე პერსონალი, იძლევა კლინიკურ დისციპლინებში ჩვენი სტუდენტების სწავლების პოტენციალის გაძლიერების ძალიან კარგ საფუძველს და ეს ეხება არამარტო ქართველ სტუდენტებს, არამედ იმ უცხოელ კონტინგენტსაც, რომელიც ამჟამად მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს.“   

ხელშეკრულების საფუძველზე საუნივერსიტეტო კლინიკა უზრუნველყოფს თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების და რეზიდენტების მიერ სასწავლო-პრაქტიკული კურსების გავლას. აღნიშნული კურსის გავლაში ჩაერთვება საუნივერსიტეტო კლინიკის პერსონალი, არსებული სამედიცინო აღჭურვილობა და სხვა აუცილებელი რესურსები.    


Print

« იხ. ყველა სიახლე