2013-12-10
ბრძანება №:166/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ბრითიშ ამერიქენ თობაქო ჯორჯია ლიმითედის“ საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების მაგისტრანტურის სტუდენტებისათვის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის, შეფასების ფორმების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.  დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ბრითიშ ამერიქენ თობაქო ჯორჯია ლიმითედის“ საქართველოს, თბილისის წარმომადგენლობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში  სტიპენდიის მიღების კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმები  და შეფასების ფორმები დანართი N1 და                      დანართი  N2-ის შესაბამისად.
2.  სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია (შემდგომში - „კომისია“) დამტკიცდეს შემდეგი შემადგენლობით:
ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი - ნოდარ ხადური (კომისიის თავმჯდომარე) ;

ბ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი – მარინე  ჩიტაშვილი (კომისიის წევრი); 
გ) საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ხმალაძე (კომისიის წევრი); 

დ) საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი - დავით ონოფრიშვილი (კომისიის წევრი); 

ე) ,,Millennium Challenge Account“-ის აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე (კომისიის წევრი);

ვ) საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატის ვიცე პრეზიდენტი - კახა კოხრეიძე (კომისიის წევრი);

ზ) ,,British American Tobacco“-ს კორპორატიულ და მარეგულირებელ საკითხთა დირექტორი კავკასიაში - ზვიად სხვიტარიძე (კომისიის წევრი); 

თ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინატორი - მარიამ რაზმაძე (კომისიის მდივანი).

3. კომისია უფლებამოსილია მიიღოს წინამდებარე ბრძანებით დაკისრებული გადაწყვეტილებები  თუ  მას  ესწრება 5 წევრი მაინც. 
4. კომისიამ წინამდებარე ბრძანებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება და 12 სტიპენდიანტი სტუდენტის გამოვლენა უნდა მოახდინოს  არაუგვიანეს 30 დეკემბრისა. 
5. იურიდიული და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტების ადმინისტრაციის მიერ 24 კანდიდატიდან შერჩეული 12 - 12 ფინალისტი სტიპენდიით დაფინანსებისათვის წარედგინება კომისიას. თავის მხრივ, კომისია თითოეული ფაკულტეტიდან 6 სტიპენდიანტის შერჩევას ახდენს გასაუბრების გზით ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
6. სტიპენდიით დაფინანსდება 12 ყველაზე მაღალი ქულის მქონე სტუდენტი, რომლებიც გამოვლინდებიან კომისიის წევრების მიერ შეფასების ფორმაში მითითებულ ქულათა დაჯამების შედეგად.
7.  კანდიდატთა შეფასების ფორმის კომისიის ყველა წევრის მიერ შევსებისა და დაჯამების შემდეგ ორ ან მეტ სტუდენტზე თანაბარი ქულების არსებობის შემთხვევაში გამარჯვებულის გამოვლენის გადაწყვეტილებას იღებს კომისიის თავმჯდომარე.
8. კომისიის მიერ კანდიდატთა შეფასების კრიტერიუმებია:
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • აკადემიური მოსწრება
  • ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა
  • სამუშაო გამოცდილება
  • კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
  • მოტივირებულობა

შეფასების კრიტერიუმების მაჩვენებლები და შესაბამისი ქულებია
  • ძალიან სუსტი ფასდება 1 ქულით
  • სუსტი - 2  ქულით
  • ძლიერი - 3 ქულით
  • ძალიან ძლიერი  - 4 ქულით
9.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
10. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
11.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორი, აკადემიკოსი                                                                               ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება