2014-12-05
ბრძანება №:20/04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ და ,,ზ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის,  57-ე მუხლის და 61-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-10 პუნქტის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ზ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-12 პუნქტების,  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“, ,,გ“, ,,ნ“ და ,,პ“ ქვეპუნქტების დებულებების,  აგრეთვე ’’თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014” სამუშაო ჯგუფის მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა - კომისიის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი;
ბ) იოსებ სალუქვაძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე; 
გ) დავით ჩომახიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი; 
დ)   ლევან ალექსიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
ე)   მერაბ ელიაშვილი - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე;
ვ)  თამარ ვეფხვაძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
ზ) ალექსანდრე ცისკარიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; 
თ) დარეჯან თვალთვაძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; 
ი)  თამარ მახარაძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; 
კ)   თეიმურაზ ბერიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი; 
ლ)  ირაკლი ბურდული - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
მ) რამაზ ბოჭორიშვილი - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ნ) თამარ გაგოშიძე - კომისიის წევრი, უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ო)   არჩილ კუკულავა - კომისიის წევრი, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი;
პ) გიორგი ღვედაშვილი - კომისიის წევრი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი; 
ჟ) დალი კანდელაკი - კომისიის წევრი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი; 
რ)  ირაკლი საღარეიშვილი - კომისიის წევრი, საფინანსო დეპარტამენტის უფროსი;
ს) ნათელა ლაცაბიძე - კომისიის წევრი, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი;
ტ) ტარიელ ზარანდია - კომისიის წევრი, საინფორმაციო ტექნოლოგების  დეპარტამენტის უფროსი;
უ) თეა გერგედავა - კომისიის წევრი, საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი.  
ფ)   ნუნუ ოვსიანიკოვა - კომისიის წევრი, კანცელარიის უფროსი.
2. კომისია პასუხისმგებელია შეიმუშაოს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების გეგმა (მოკლევადიანი, 2016-2018 წ.წ.) არაუგვიანეს 2015 წლის 31 მარტისა და განსახილველად წარუდგინოს ფაკულტეტების საბჭოებს, აკადემიურ და წარმომადგენლობით საბჭოებს. მოკლევადიანი სტრატეგიული განვითარების გეგმა უნდა მოიცავდეს საქმიანობის წარმართვის დეტალურ გეგმას შემდეგი მიმართულებებით: 
- უნივერსიტეტის არსებული სტრუქტურული მოწყობისა და ფუნქციონირების (ცენტრალური ადმინისტრაცია, ძირითადი და დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულები, კვლევითი ცენტრები) სრულყოფა, საგანმანათლებლო და კვლევითი პროცესის ადმინისტრირების რეგულაციების გადასინჯვა, სისტემატიზაცია და გაუმჯობესება (მაგალითად, სწავლების, სერვისისა და კვლევითი პროცესის მართვის პროცედურების დაზუსტება-დახვეწა და პრაქტიკაში დანერგვა, უნივერსიტეტში საქმეთა წარმოების დაჩქარების, მომსახურების ეფექტურობა ამაღლებისა და შეცდომების თავიდან აცილების მიზნით); სამეცნიერო, სასწავლო და სერვის კომპონენტების შინაარსის მკაფიოდ განსაზღვრა და ეფექტური მართვის პროცედურების დანერგვა; თსუ-ს ვებგვერდის განახლება, მართვისა და მომსახურების პროცედურების, ასევე სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადეკვატური ასახვა და გამოქვეყნება თსუ-ს ვებგვერდზე როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე, რამაც უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ადგილობრივი მომხმარებლისათვის და საერთაშორისო პარტნიორებისა თუ პოტენციური უცხოელი სტუდენტებისთვის.
- უნივერსიტეტის  საკადრო პოლიტიკის სრულყოფა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისათვის, რაც გულისხმობს მინიმალური მოთხოვნების განსაზღვრას როგორც საშტატო, ისე მოწვეული აკადემიური და სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად, სასწავლო, სამეცნიერო და სერვისის კომპონენტების მკაფიო დეფინიცას, აღნიშნულ საქმიანობათა შორის ბალანსის განსაზღვრას და ასახვას შრომით ხელშეკრულებებში, ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებისა და პროცედურების განსაზღვრას, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კონკურსების პროცედურების სრულყოფას, სამუშაო დროის აღრიცხვისა და სამუშაოს შეფასების პროცედურების შემუშავებასა და დანერგვას, სამუშაო აღწერილობების შედგენას და კვალიფიკაციის შესაბამისობის განსაზღვრას, გაწეულ სამუშაოზე ანგარიშვალდებულების დაკისრების პირობებების განსაზღვრას და სხვ.
- გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის შემუშავება, რამაც უნდა მოიცვას 2016-2030 წლები და ჰქონდეს ეტაპობრივი პრიორიტეტების განსაზღვრისა და განხორციელების ზოგადი გეგმა. თსუ-ს საერთაშორისო დონეზე ფართომასშტაბიანი ინტეგრირება, უნივერსიტეტში სწავლებისა და კვლევის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა და საერთაშორისო სტანდარტთან გათანაბრება საფუძვლად უნდა დაედოს თსუ-ის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიას. განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობა მისი დეტალიზაციისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით უნდა გაგრძელდეს აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული პერიოდის შემდგომაც.
3. კომისიას ევალება უნივერსიტეტის შესახებ სპეციალური კანონის პროექტის სამუშაო ვერსიის შემუშავება და წარდგენა თსუ აკადემიური საბჭოსათვის არაუგვიანეს 2015 წლის 1 ივნისისა. კანონპროექტის შემუშავებაზე ხელმძღვანელობა დაევალოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს იოსებ სალუქვაძეს.
4. მოკლევადიანი სტრატეგიის სტრუქტურული მოწყობისა და ფუნქციონირების  მიმართულების მომზადება და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება დაევალოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს იოსებ სალუქვაძეს, კომისიის წევრებთან დავით ჩომახიძესთან და არჩილ კუკულავასთან ერთად. 
5. მოკლევადიანი სტრატეგიის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის საუნივერსიტეტო საკადრო პოლიტიკის შემუშავება  და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება დაევალოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს იოსებ სალუქვაძეს, კომისიის წევრებთან დავით ჩომახიძესთან, ნათელა ლაცაბიძესთან, არჩილ კუკულავასა და გიორგი ღვედაშვილთან ერთად. 
6. გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვის მოსამზადებელი გეგმის შემუშავება და სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება დაევალოს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს იოსებ სალუქვაძეს.  
7. სამუშაო ჯგუფი თავად განსაზღვრავს მუშაობის რეგლამენტს და ვადებს. საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო ჯგუფის დროებით წევრად შესაძლებელია მოწვეულ იქნას თსუ-ს თანამშრომელი, ან შტატგარეშე სპეციალისტი, რომელიც არ არის კომისიის წევრი. წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2014 წლის 18 ივლისის №12/04 ბრძანება.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
9. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფის დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
10. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა   
                                                                                    
ადმინისტრაციის ხელმღვანელი                                                                 დავით ჩომახიძე

« უკან დაბრუნება