2010-12-20
ბრძანება №:121/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის       51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61–ე მუხლის პირველი, მე–3 და მე-6 ნაწილების, ,,განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების პროგრამის” ქვეპროგრამის -,,პრეზიდენტის სტიპენდიები ბაკალავრიატის წარჩინებულ სტუდენტებს” დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 მარტის №151 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე,   
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის (განსაკუთრებით ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის სტიპენდიებისა და გრანტების მინიჭების პროგრამით) კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

ა) აკადემიური მოსწრება;
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება;
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა;

2.  კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს 100 ქულიანი სისტემით:
ა) აკადემიური მოსწრება შეფასდეს 80 ქულით, რომელიც გამოითვლება წინა სემესტრში პროგრამით გათვალისწინებული საგნების (არანაკლებ 30 კრედიტი) ჩაბარების და  მიღებული ქულების საშუალო არითმეტიკულის გამოთვლით.
ბ) სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (მიიღება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გამოქვეყნებული ნაშრომები).  
გ) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა შეფასდეს მაქსიმუმ 10 ქულით (ჩაითვლება 2009-2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში ჩატარებული კონფერენციები).  

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის ნიჭიერ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 29 მარტის №25/01-01 და 2009 წლის  21 აპრილის №41/01-01 ბრძანებები.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.   ბრძანება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი                       ა. კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება