2012-04-20
ბრძანება №:61/02-01

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი
პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის, მე-2 პუნქტის, "სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის #80/02-01 ბრძანების და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის ქ. ცინცაძის 2012 წლის 29 მარტის #7659/02, კანცელარიის უფროსის ნ.ოვსიანიკოვას 2012 წლის 3 აპრილის #8083/02, გაზეთ "თბილისის უნივერსიტეტის" რედაქტორის ნ. კაკულიას 2012 წლის 6 აპრილის #8468/02, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის შ. ჭანტურიძის 2012 წლის 6 აპრილის #8481/02, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის      ნ. ბელქანიას 2012 წლის 3 აპრილის #8067/02, ეკონომოკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მ/შ 2012 წლის 5 აპრილის #8258/02, პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2012 წლის 5 აპრილის #78275/02 განცხადებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შერჩევის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცემათ არანაკლებ უმაღლესი განათლების მქონე პირებს, ასევე ბაკალავრიატის საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს.


3. სტაჟორთა შესარჩევი კონკურსი გამოცხადდეს თსუ-ის შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
    ა) აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრი – 1 (ერთი) სტაჟიორი – სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 15 მაისიდან 2012 წლის 15 ივლისამდე;
    ბ) კანცელარია – 2 (ორი) სტაჟიორი: - სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის პირველი ივლისიდან 2012 წლის პირველ ოქტომბრამდე;
    გ) გაზეთი "თბილისის უნივერსიტეტი" - 4 (ოთხი) სტაჟიორი – სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 7 მაისიდან 2012 წლის 20 ივლისამდე;
    დ) შიდა აუდიტის სამსახური – 4 (ოთხი) სტაჟიორი – სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 7 მაისიდან 2012 წლის პირველ სექტემბრამდე.
    ე) პერსონალის მართვის დეპარტამენტი - 1 (ერთი) სტაჟიორი - სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის პირველი ივნისიდან 2012 წლის პირველ სექტემბრამდე;
    ვ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 5 (ხუთი) სტაჟიორი - სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 7 მაისიდან 2012 წლის 7 აგვისტომდე;
    ზ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური -  2 (ორი) სტაჟიორი - სტაჟირების პერიოდი განისაზღვროს 2012 წლის 15 მაისიდან 2012 წლის 15 ივლისამდე.

 4. კონკურსში მონაწილე პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო
მოთხოვნებსა და უნარ-ჩვევებს:
ა) სასურველია უცხო ენის (ინგლისური, რუსული, ფრანგული, გერმანული) ცოდნა;
    ბ) პროფესიული კომუნიკაციის უნარი;
    გ) ურთიერთობების დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა და მოწესრიგებულობა;
    დ) მაღალი პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა, აქტიურობა, ენერგიულობა,
    ე) დისციპლინირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.

5. სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტაჟიორობის კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) წერილობითი განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი 1);
ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (საცხოვრებელი მისამართის ჩანაწერით);
გ) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა - ცნობა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან;
დ) რეკომენდაცია;
ე) ორი ფოტოსურათი (3X4);
ვ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ;

6. კონკურსი გამოცხადდეს 2012 წლის 20 აპრილიდან. დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2012 წლის  20 აპრილიდან 2012 წლის პირველ მაისამდე.
7.კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდება სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე (სტაჟიორთა კონკურსში პრიორიტეტი მიენიჭებათ უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს). იდენტიფიცირებული კანდიდატები გაივლიან შესარჩევ ზეპირ გასაუბრებას.
8. სააპლიკაციო პაკეტების საფუძველზე შერჩეული კანდიდატების ზეპირი გასაუბრება შედგება 2012 წლის მაისის თვეში და იდენტიფიცირებულ კანდიდატებს ეცნობებათ ელ-ფოსტით.
9. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა სრულყოფილი სააპლიკაციო პაკეტი უნდა წარმოადგინოს კომისიის სამდივნოში, არაუგვიანეს, 2012 წლის 20 აპრილიდან პირველ მაისამდე  (მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, უნივერსიტეტის პირველი კორპ. ოთახი #117, პერსონალის მართვის დეპარტამენტი) ან /დასკანერებული ვერსია/  გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: nino.maruashvili@tsu.ge,  eka.gambashidze@tsu.ge .
10. ინფორმაცია ,,ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში სტაჟიორთა შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ " განთავსდეს - www.hr.com.ge.
11. ბრძანება განთავსდეს თსუ–ს ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                      დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება