2013-10-24
ბრძანება №:129/02-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის შექმნისა და ცენტრის სტრატეგიის შემუშავების მიზნით კოორდინატორის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ” ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-16-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თეა გერგედავას 2013 წლის 15 ოქტომბრის №32442/02 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრის შექნისა და ცენტრის სტრატეგიის შემუშავების მიზნით კოორდინატორის შესარჩევად გამოცხადდეს კონკურსი.
2. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პირს, ვისაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება (არანაკლებ მაგისტრის დიპლომი, უპირატესობა ენიჭება სოციალურ მეცნიერებას).
3. აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა) მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება უმაღლესი განათლების სისტემაში;
ბ)  სტუდენტთან მუშაობის გამოცდილება;
გ) მენეჯერული და ადმინისტრაციული უნარ-ჩვევები;
დ) მონაცემთა დამუშავებისა და ბაზებთან მუშაობის უნარ-ჩვევები;
ე) გამოცდილება საპროექტო განაცხადებისა და ანგარიშების მომზადებაში;
ვ) საგანმანათლებლო სექტორის და განსაკუთრებით სტუდენტთა კარიერული  განვითარების სპეციფიკური ცოდნა;
ზ) ინტერკულტურული კომპეტენციების ფლობა;
თ) დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
ი) სამუშაო ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა, სასურველია საერთაშორისო სერთიფიკატი ( უცხო ენის ფლობის კომპონენტები შემოწმდება);
კ) დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.
4. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტებს მოეთხოვებათ შემდეგი საბუთების წარმოდგენა:
ა) დეტალური რეზიუმე ქართულ ენაზე EuroPass ფორმატში (დოკუმენტის .pdf ვერსია);
ბ) არანაკლებ მაგისტრის ხარისხის (ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) პროფესიული კვალიფიკაციის ამსახველი ორი სარეკომენდაციო  წერილი ყოფილი ან/და მიმდინარე დამსაქმებლისაგან;,
ე) კარიერული განვითარების ცენტრის კონცეფცია (ქართულ ენაზე), რომელიც ასახავს განათლების და სამუშაო გამოცდილების შესაბამისობას გამოცხდებული კონკურსის მოთხოვნებთან (დოკუმენტის ტიპი  – MS Word, მანძილი სტრიქონებს შორის – 1.0, ფონტის ზომა - 12, ფონტის ტიპი  - Sylfaen, ტექსტის მოცულობა – არაუმეტეს 5 გვერდისა);
5. კომისიის მიერ შერჩეულ აპლიკანტს დაევალება:
ა) კარიერული განვითარების ცენტრის საქმიანობის დაგეგმვა და მენეჯმენტი;
ბ) კარიერული განვითარების ცენტრის სტრატეგიის ჩამოყალიბება;
გ) კარიერული განვითარების ცენტრის სამართავად საჭირო რესურსების მოძიება;
დ) საგრანტო განაცხადების მომზადება და პროექტების განხორციელება;
ე) პოტენციურ დამსაქმებლებთან ურთიერთობა;
ვ) სტუდენტთა კარიერული განათლების მოდულის ან/და კურსის ადმინისტრირება უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად.
ზ) კარიერული განათლებისა და კომპეტენციების საჭიროებების შეფასება უნივერსიტეტის მოთხოვნების შესაბამისად;
თ) კარიერული განათლების სერვისებისა და პროგრამების განხორციელების მონიტორინგი და ხარისხის უზრუნველყოფა;
ი) საქმიანი კომუნიკაცია (წერილობითი და ზეპირი) უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან და დონორებთან;
კ) სტუდენტთა კონსულტაცია ცენტრის კომპეტენციის ფარგლებში.
6. კონკურსში მონაწლეობის მსურველი აპლიკანტების შერჩევა განხორციელდეს სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე, საკონკურსო კომისიის მიერ;
7. იდენტიფიცირებული კანდიდატები წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლიან ზეპირ გასაუბრებას, ნოემბრის თვეში (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ)  და გასაუბრების შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ პირადად;
8. შრომითი ხელშეკრულების ვადა განისაზღვროს 13 თვე, გახანგრძლივების პრესპექტივით (გამოსაცდელი პერიოდი 3 თვე);
9. სამუშაო პერიოდი განისაზღვროს -  2013 წლის პირველი დეკემბრიდან;
10. შერჩეული აპლიკანტის შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვა პირობები განისაზღვროს შრომითი ხელშეკრულებით.
11. კომისია შეიქმნას, არაუგვიანეს, 2013 წლის 18 ნოემბრისა “კარიერული განვითარების ცენტრის” კოორდინატორის შერჩევის მიზნით და დამტკიცდეს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით კომისიის მუშაობის წესი.
12. საბუთების მიღება იწარმოებს 2013 წლის 25 ოქტომბრიდან 2013 წლის 8 ნოემბრის ჩათვლით 18:00 საათამდე მისამართზე:  vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიუთითოს „კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორი”.
13. ბრძანება "კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორის” შერჩევის შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე -  www.tsu.ge-ზე.
14. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელძღვანელი                                                                     დ. ჩომახიძე   

« უკან დაბრუნება