დადგენილება №43/2014 - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ
დადგენილება №41/2014 - “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

დადგენილება №103/2014 - „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დადგენილება №103/2014
30 სექტემბერი, 2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 მარტის #619/01-04 ბრძანებით ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტს თეა ჯუღელს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო თეა ჯუღელის დარეგისტრირება მე-5 და მე-6 დამატებით სემესტრში, რის უფლებასაც არ იძლეოდა ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, ,,ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 4 სემესტრისა.’’ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 მარტის №619/01-04 ბრძანებით, ვინაიდან თეა ჯუღელი დარეგისტრირებული იყო მე-5 და მე-6 სემესტრებში, აღნიშნული სემესტრების ფარგლებში მიღწეული შედეგების შენარჩუნების მიზნით, მიჩნეული იქნა, რომ თეა ჯუღელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (კონკრეტულ შემთხვევაში - ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) მიერ გამოცემული მე-5 და მე-6 დამატებით სემესტრებში რეგისტრაციის უფლების მიმნიჭებელი აქტებისა და ამ აქტების შედეგად მის მიერ განვლილ სემესტრებში მიღწეული სწავლის შედეგების მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა. დასახელებული აქტები არ ეწინააღმდეგებოდა ნორმატიულ აქტებს, თუმცა არღვევდა ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების მე-18 მუხლის მე-7 პუნქტს, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დაშვებულ ოდენობაზე მეტი სემესტრების გამოყენების ფაქტს, რასაც უნდა გამოეწვია და გამოიწვია კიდეც თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. ხსენებულის გათვალისწინებით, დოქტორანტ თეა ჯუღელს სტატუსი შეუწყდა რექტორის 2013 წლის 25 მარტის ბრძანებით, მაგრამ არა სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან, არამედ 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან. ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 25 მარტის №275/02-03 ბრძანებით 2013 წლის 20 მარტიდან იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან - თეა ჯუღელთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, ხოლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 აპრილის №59/2013 დადგენილებით ცვლილება შევიდა ამავე საბჭოს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ 2012 წლის 01 მარტის №14/2012 დადგენილებაში და ამოღებული იქნა თეა ჯუღელის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პუნქტი, რაც არჩევის გაუქმებას უტოლდება. 
ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტები სადავოდ გახადა თეა ჯუღელმა და სასამართლოს წესით მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით. ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, არ იყო გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, სასამართლოს მიერ, უნივერსიტეტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა-შესწავლა და ახალი აქტების გამოცემა. როგორც მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, პალატა ეთანხმება, რომ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ძირითადი ექვსი და დამატებითი ოთხი სემესტრის ამოწურვა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია, თუმცა, ვინაიდან უნივერსიტეტმა თეა ჯუღელს მისცა უფლება დარეგისტრირებულიყო მე-5 და მე-6 დამატებით სემესტრებში და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში მიუთითა, რომ თეა ჯუღელს ჰქონდა კანონიერი ნდობა, საჭიროა ადმინისტრაციულმა ორგანომ - უნივერსიტეტმა ხელახლა იმსჯელოს კანონიერი ნდობის საკითხზე და მის გამომრიცხავ გარემოებებზე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ასევე, მიუთითა, რომ დოქტორანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საჭიროა არსებობდეს სადისერტაციო საბჭოს თანხმობა. სასამართლოს მიერ უნივერსიტეტს დაევალა სტუდენტის სტატუსის შეჩერების ხუთწლიანი ვადის გავრცელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მსჯელობა და სტატუსის შეწყვეტა/არშეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შეიკრიბა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო და იმსჯელა თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხზე. აღნიშნული საბჭოს 2014 წლის პირველი მაისის #1 სხდომის ოქმის თანახმად, კენჭისყრის საფუძველზე, (დამსწრე - 31 წევრი, სტატუსის შეწყვეტის მომხრე - 28, თავი შეიკავა - 3) თეა ჯუღელს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და ამოირიცხა იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურიდან. სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმში საუბარია ასევე კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარმოებებზე. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კანონიერი ნდობა, როგორც იურიდიული კატეგორია და სამართლებრივი კონსტრუქცია, კეთილსინდისიერების იმ პრინციპს ეფუძნება, რომელიც არა მხოლოდ კერძო სამართლის მონაწილე სუბიექტებისათვის არის დამახასიათებელი, არამედ საჯარო სამართლის და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების - ადმინისტრაციული სამართლის არსის აღქმის საფუძვლად არის მიჩნეული. მხარეთა შორის კეთილსინდისიერი ურთიერთობა არის დეტერმინანტი თავად კანონიერი ნდობის უფლების გამოყენება-არგამოყენებისა. საჯარო ურთიერთობაში ჩართული ერთ-ერთი მხარის მიერ ამ პრინციპის უგულებელყოფა იწვევს კანონიერი ნდობის უფლებაზე დაყრდნობის განეიტრალებას, არარსებობას, რადგან მხარე, რომელიც ბოროტად იყენებს ამ უფლებას ვერ და არ შეიძლება იყოს კანონიერი ნდობის უფლების მატარებელი სუბიექტი. აღნიშნულ შემთხვევაში, უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ თეა ჯუღელი ვერ ისარგებლებდა იმ „შეღავათით“, რაც მისთვის არასწორად დამატებით სემესტრებში დარეგისტრირებასთან არის დაკავშირებული. სტუდენტი, დოქტორანტი ზედმიწევნით უნდა იცნობდეს დოქტორანტურის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც მოქმედებს იმ უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობს. გარდა ამისა, თეა ჯუღელი წლების განმავლობაში იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სწორედ სასწავლო პროცესის დარგში. მისი საქმიანობაც პირდაპირ, თუ არაპირდაპირ ამ სფეროს უკავშირდებოდა. იგი, როგორც ფაკულტეტის საბჭოს წევრი, თავად იყო ჩართული მრავალი მსგავსი საკითხის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. შესაბამისად, მისი მხრიდან კანონიერი ნდობის უფლებაზე დაყრდნობა არც იურიდიულად და, მითუმეტეს, არც ეთიკურად არის გამართლებული.
ზემოხსენებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანება თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ და, თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, აკადემიური საბჭო ვალდებულია იმსჯელოს თეა ჯუღელის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის საკითხთან დაკავშირებით. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების მსჯელობის ერთადერთ საგანს წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო აკადემიური თანამდებობა განხილვის თემა არ ყოფილა და იგი ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ  მიჩნეულ იქნა როგორც თანმდევი შედეგი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა, ამასთან, ვინაიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის იმ პერიოდის რედაქციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ასისტენტ-პროფესორად შეიძლებოდა არჩეული ყოფილიყო დოქტორი, ან დოქტორანტი (დღეს მოქმედი კანონმდებლობა კი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს დოქტორის აკადემიური ხარისხის ფლობას) დოქტორანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო, ცალსახა საფუძველი იყო და არის. ხსენებული კანონით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებისათვის მინიმალური მოთხოვნა იყო დოქტორანტობა (,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში), თუმცა, აღნიშნული ნორმა არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს დოქტორანტის სტატუსის ფლობა საჭიროა მხოლოდ თანამდებობაზე ასარჩევად და არა ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ამდენად, თეა ჯუღელისათვის დოქტორანტის სტატუსის დაკარგვას ავტომატურად უნდა გამოეწვია და გამოიწვია კიდეც ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. გარდა ამისა, აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტს მისი ისტორიული მნიშვნელობიდან, საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული დანიშნულებიდან გამომდინარე, მოეთხოვება ახალგაზრდა თაობის მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადება. ეს მიზანი შეუძლებელია მიღწეული იყოს იმ პირობებში, როდესაც თავად სწავლების, ანუ სტუდენტთა მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელი იქნება. მართალია, ყოველივე ეს კონკრეტულ შეფასებაზეა დამოკიდებული და განზოგადებულად ამის თქმა რთულია, თუმცა ერთი რამ აუცილებელად არის გასათვალისწინებელი: ნებისმიერი უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჰყავდეს კვალიფიციური პედაგოგი, რათა ამ უკანასკნელმა, ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში, იმ მიზნის განხორციელება შეძლოს, რასაც საუნივერსიტეტო სწავლება ჰქვია. ეს იდეა კი განუხორციელებელი იქნება იმ ვითარებაში, როდესაც პედაგოგი თავად ვერ ახერხებს დადგენილ დროში უმაღლესი იურიდიული განათლების ბოლო საფეხურის დასრულებას და ვერ ხდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. დღევანდელი კანონმდებლობა (მიუხედავად იმისა, რომ იგი წარსულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს და უკუძალა არ ექნება) პირდაპირ მიუთითებს იმ მოთხოვნაზე, რომ ასისტენტ-პროფესორი, ანუ სწავლების პროცესში ჩართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის წარმომადგენელი, აუცილებლად აკადემიური ხარისხის მფლობელი პირი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამით ხაზგასმულია პედაგოგისადმი წაყენებული კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, რომლის არსებობაც მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების საწინდარია. შესაბამისად, უნივერსიტეტის დოქტორანტობა, როგორც ყველაზე მინიმალური სტანდარტი ხარისხიანი განათლების მიცემისა, იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად და ამ თანამდებობის შესანარჩუნებლად. 
 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 31-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის (საქმე №3ბ/1004-13) განჩინების, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 2014 წლის პირველი მაისის №1 სხდომის ოქმის, უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №9 სხდომის ოქმის, თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 26.09.2014, №33438/02 წერილის და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №27 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილება ძალაში შედის დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი