ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს                                                                         
14.07.2014, №73/2014 დადგენილებით                                                                                

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№23/2013 , 18.02.2013დადგენილებით
დადგენილება №17/2012
  13 მარტი, 2012


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ აკადემიური საბჭოს რეგლამენტი (დანართი №1).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2006 წლის 30 ოქტომბრის №4 დადგენილება;
ბ) „სსიპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბლანკების ფორმის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 28 მარტის №28/2011დადგენილება.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი







დანართი №1


არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“

აკადემიური საბჭოს რეგლამენტი



მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ (შემდგომში – უნივერსიტეტი) აკადემიური საბჭოს რეგლამენტი უნივერსიტეტის წესდების საფუძველზე, განსაზღვრავს აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების განხორციელების წესს, პროცედურას.
2. აკადემიური საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სხვა აქტების შესაბამისად.
3. აკადემიურ საბჭოს აქვს შემდეგი სახის ბლანკები:
ა) აკადემიური საბჭოს დადგენილების ბლანკი (დანართი №1);
ბ) აკადემიური საბჭოს საქმისწარმოების ბლანკი (დანართი №2);
4. აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ აქტებზე გამოიყენება უნივერსიტეტის ბეჭედი. 5.აკადემიური საბჭოს ადგილსამყოფელია უნივერსიტეტის I კორპუსი (ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).


მუხლი 2. აკადემიური საბჭოს მართვის პრინციპები

აკადემიური საბჭო მართვას ახორციელებს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) მიღებული გადაწყვეტილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ყველა დაინტერესებული პირისათვის;
ბ) აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა აკადემიური თავისუფლება;
გ) თანასწორი მოპყრობა განურჩევლად პირის ეთნიკური კუთვნილებისა, სქესის, სოციალური წარმოშობისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა და სხვა;
დ) არჩევნების სამართლიანობა და გამჭვირვალობა, კონკურსის საჯაროობა.


მუხლი 3. აკადემიური საბჭოს სტატუსი

1. აკადემიური საბჭო არის უნივერსიტეტის კოლეგიური, აკადემიური (საგანმანათლებლო – სამეცნიერო) საქმიანობის მართვის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც არჩეულია თავისუფალი და თანასწორი საარჩევნო პრინციპების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის დაცვით.
2. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა სრული ან ასოცირებული პროფესორი. აკადემიური საბჭოს წევრად არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უკავია ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა.
3. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 4 წლით.
4. საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ვაკანტურ ადგილზე შესაძლებელია ჩატარდეს არჩევნები. ვაკანტურ ადგილზე პირი აირჩევა მოქმედი აკადემიური საბჭოს დარჩენილი უფლებამოსილების ვადით.


მუხლი 4. აკადემიური საბჭოს შემადგენლობა

1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში არიან: აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე – რექტორი და აკადემიური საბჭოს წევრები.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობა განისაზღვრება 12 წევრით. თითოეულ ფაკულტეტს ყავს თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი:
ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – 2 წევრი;
ბ) იურიდიული ფაკულტეტი – 2 წევრი;
გ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
დ) მედიცინის ფაკულტეტი – 2 წევრი;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი;
ვ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 2 წევრი.
3. აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილება წყდება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში.


მუხლი 5. აკადემიური საბჭოს უფლებამოსილება

1. უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად:
ა) ამტკიცებს უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
ბ) ფაკულტეტის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს, ფაკულტეტების განვითარების სტრატეგიულ გეგმას;
გ) ხელს უწყობს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრაციას, სასწავლო გეგმებისა და პროგრამების, სამეცნიერო კვლევების პროგრამების შექმნას, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობასა და მობილობას;
დ) აცხადებს რექტორისა და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევნებს;
ე) აქვეყნებს განცხადებას რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ, ადგენს საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს და რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას;
ვ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარეს, უნივერსიტეტის ხელმძღვანელს – რექტორს;
ზ) უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოსთან ერთად მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, ასევე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის შემუშავებაში;
თ) მონაწილეობს უნივერსიტეტის წესდების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის კანდიდატურის, უნივერსიტეტის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის კანდიდატურის, უნივერსიტეტის ბიუჯეტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წლიური ანგარიშის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში;
ი) სასწავლო წლის დასაწყისში ამტკიცებს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე, ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების წარდგინებით;
კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე, ფაკულტეტზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, ფაკულტეტის საბჭოების წარდგინებით;
ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით;
მ) ადგენს სხვა აკრედიტებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული უმაღლესი და პროფესიული განათლების კრედიტების აღიარების წესს;
ნ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას;
ო) რექტორს დასანიშნად წარუდგენს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს;
პ) ადგენს აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიან წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ჟ) განსაზღვრავს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესსა და ვადებს;
რ) წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს;
ს) იღებს გადაწყვეტილებას აკადემიური პერსონალის პროფესორთა თანამდებობებზე არჩევისა და შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ;
ტ) მონაწილეობს უნივერსიტეტის სტრუქტურის წარმომადგენლობით საბჭოზე განხილვაში;
უ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინების საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;
ფ) შეიმუშავებს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესს;
ქ) ირჩევს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს;
ღ) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს;
ყ) განსაზღვრავს უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წელს გადაცილებული პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობის წესსა და პირობებს;
შ) რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რექტორის ხელახალ არჩევამდე, მაგრამ არაუმეტეს 6 თვის ვადით, ნიშნავს რექტორის მოვალეობის შემსრულებელს;
ჩ) აქვეყნებს განცხადებას დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ და ფაკულტეტის საბჭოს წარუდგენს კანდიდატურებს ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე ასარჩევად;
ც) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულებისა და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შექმნისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ძ) ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს საქმიანობისა და თავმჯდომარის არჩევის წესს;
წ) განსაზღვრავს პროფესორის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრულ ოდენობას;
ჭ) ამტკიცებს სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესს;
ხ) დადგენილებით იღებს ფაკულტეტების, დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების და სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. ფაკულტეტის დებულებას აკადემიურ საბჭოს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭო;
ჯ) ამტკიცებს ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო სტრუქტურის მოწყობის ერთიან მოდელს;
ჰ) იღებს უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;
ჰ1) უფლებამოსილია, რექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, რექტორისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების, ან/და რექტორისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, აკადემიური საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. რექტორი ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას;
ჰ2) ქმნის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიებს, ამტკიცებს მათ შემადგენლობასა და კომისიის მუშაობის შედეგებს;
ჰ3) წესდებით გათვალისწინებული წესით განსაზღვრავს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობას;
ჰ4) უნივერსიტეტის წესდებით გათვალისწინებული და სხვა გადაუდებელი საკითხების გადაწყვეტის მიზნით, უფლებამოსილია საბჭოს წევრებისაგან, ხმათა უმრავლესობით, შექმნას დროებითი კომისიები. კომისია ამზადებს საკითხს და განსახილველად გამოაქვს აკადემიური საბჭოს სხდომაზე;
ჰ5) უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს ექსპერტი;
ჰ6) აწესებს უნივერსიტეტის მედლებს, ჯილდოებსა და პრემიებს, ამტკიცებს მათი მიღების პირობებსა და წესს.
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღება დაკავშირებულია ფინანსურ და ეკონომიკურ საკითხებთან, მის მისაღებად აუცილებელია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფინანსური და სამართლებრივი დასაბუთების არსებობა.
3. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს სხდომაზე მოიწვიოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მოუსმინოს მას.


მუხლი 6. აკადემიური საბჭოს აქტები

1. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია მიიღოს დადგენილება, განცხადება, წარდგინება, რომელსაც ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე.
2. აკადემიური საბჭოს დადგენილება მიიღება ამ რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ი“, „კ“, „ლ“, „მ“, „ნ“, „ო“, „პ“, „ჟ“, „რ“, „ს“, „უ“, „ფ“, „ქ“, „ღ“, „ყ“, „შ“, „ჩ“, „ც“, „ძ“, „წ“, „ჭ“, „ხ“, „ჯ“, „ჰ“, „ჰ1“, „ჰ2“, „ჰ3“, „ჰ4“, „ჰ6“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, ასევე რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის უფროსის არჩევის/გათავისუფლებისა და ამ რეგლამენტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის საკითხებზე.
3. აკადემიური საბჭო წარდგინებით მიმართავს წარმომადგენლობით საბჭოს იმ საკითხებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით საჭიროებს წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცებას.
4. აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს მიიღოს განცხადება ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.


მუხლი 7. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფა

1. აკადემიური საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატი.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ და საინფორმაციო მომსახურებას უზრუნველყოფს რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატი.
3. რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატს ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი, რომელსაც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს აკადემიური საბჭო წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობით.


მუხლი 8. აკადემიური საბჭოს სხდომები

1. აკადემიურ საბჭოს თავმჯდომარეობს უნივერსიტეტის რექტორი.
2. აკადემიური საბჭო, როგორც წესი, იკრიბება ორ კვირაში ერთხელ ან საჭიროებისამებრ. აკადემიური საბჭოს სხდომა მოიწვევა რექტორის ინიციატივით ან აკადემიური საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ის მიერ.
3. რექტორის, როგორც აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილებათა განხორციელების დროებით შეუძლებლობის შემთხვევაში აკადემიური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს საბჭოს უხუცესი წევრი, რაც განისაზღვრება აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.
4. სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია სხდომის მიმდინარეობა გარკვეული დროით შეაჩეროს ან საერთოდ შეწყვიტოს თუ დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები აქტუალური აღარ არის ან ამოწურულია.
5. სხდომა შესვენებების ჩათვლით გრძელდება არაუმეტეს 4 საათისა. სხდომის მიმდინარეობა შეიძლება გაგრძელდეს დამსწრე წევრთა 2/3-ის თანხმობით.


მუხლი 9. დღის წესრიგი

1. რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატი, აკადემიური საბჭოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით, ადგენს სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხას, რომელსაც წინასწარ გადასცემს აკადემიური საბჭოს წევრებს.
2. აკადემიური საბჭოს წევრები უფლებამოსილნი არიან დღის წესრიგის პროექტში დამატებით შეიტანონ განსახილველი საკითხი, რის შესახებაც რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატს უნდა ეცნობოს სხდომის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
3. აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე სხდომის დაწყებისთანავე წარადგენს დღის წესრიგის პროექტს, რომელსაც საბჭო ამტკიცებს დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით.


მუხლი 10. გადაწყვეტილების მიღება

1. აკადემიური საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. აკადემიური საბჭოს წევრის სამეცნიერო-შემოქმედებით შვებულებაში ან მივლინებაში ყოფნისას აკადემიური საბჭო უფლებამოსილია სხდომაზე მისი ჩართვა და კენჭისყრაში მონაწილეობა განახორციელოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იყოს აკადემიური საბჭოს წევრის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი და შესაძლებელი იყოს მისი ხმის იდენტიფიცირება. (№23/2013, 18.02.2013)
2. აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.
3. აკადემიური საბჭოს წევრს არა აქვს ხმის მიცემისაგან თავის შეკავების უფლება.


მუხლი 11. ხმის მიცემა

1. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აკადემიური საბჭოს სხდომაზე კენჭისყრა არის ღია. კენჭისყრა ტარდება ხელის აწევით.
2. აკადემიური საბჭოს წევრთა საერთო რაოდენობის 1/4-ს უფლება აქვს მოითხოვოს ფარული კენჭისყრა. კენჭისყრა იქნება ფარული, თუ მას მხარი დაუჭირა დამსწრე წევრთა უმრავლესობამ.
3. კენჭისყრის პროცედურის მიმდინარეობისას იკრძალება აკადემიური საბჭოს წევრის მიერ სხდომათა დარბაზის დატოვება.
4. ფარული კენჭისყრა ტარდება ბიულეტენების მეშვეობით. ბიულეტენების ფორმას ადგენს აკადემიური საბჭო. ბიულეტენები ერთმანეთისაგან არ უნდა განსხვავდებოდეს.
5. ბიულეტენის შევსებისას აკადემიური საბჭოს წევრი გადახაზავს მისთვის არასასურველი კანდიდატის გვარს და დატოვებს მხოლოდ იმ კანდიდატის გვარს, რომელსაც მხარს უჭერს. თუ ბიულეტენში მხოლოდ ერთი გვარია შეტანილი, მისთვის ხმის მიცემა გამოიხატება გვარის შემოხაზვით, ხოლო მიუცემლობა მისი გადახაზვით. ანალოგიური წესის დაცვით ტარდება კენჭისყრა სხვა სახის გადაწყვეტილებების მისაღებადაც.
6. მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესის დარღვევით შევსებული ბიულეტენი ბათილად ითვლება.


მუხლი 12. ოქმის წარმოება

1. აკადემიური საბჭოს თითოეული სხდომის შესახებ ოქმს აწარმოებს რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის უფროსი.
2. ოქმს ხელს აწერს აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე და რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის უფროსი.
3. ყველა სხდომაზე დგება სხდომის ოქმი, რომელშიც უნდა მიეთითოს:
ა) სხდომის თარიღი, დრო და ადგილი;
ბ) სხდომის თავმჯდომარის, წევრების, ასევე მოწვეულ პირთა ვინაობა;
გ) დღის წესრიგი;
დ) სიტყვით გამომსვლელთა ტექსტის შინაარსი;
ე) კენჭისყრის შედეგები;
ვ) მიღებული გადაწყვეტილება.
4. განსახილველ საკითხზე წერილობითი განმარტებები დაერთვება ოქმს დანართის სახით.


მუხლი 13. რეგლამენტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის წესი


აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მიღება და მასში ცვლილებების შეტანა ხორციელდება აკადემიური საბჭოს დადგენილების მიღებისათვის განსაზღვრული წესით.


მუხლი 14. გარდამავალი დებულებები

აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №73/2011 დადგენილებით დანიშნული აკადემიური საბჭოს მდივანი ამ რეგლამენტის მიხედვით ჩაითვალოს რექტორისა და აკადემიური საბჭოს აპარატის უფროსად.