დადგენილება №147/2010
29 დეკემბერი 2010



ზოგიერთი კატეგორიის პერსონალთან შრომითი ურთიერთობის დარეგულირების შესახებ

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიერთების გზით რეორგანიზაციისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ლიკვიდაციის წარმოების დაწყების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების საფუძველზე განხორციელდა სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (ტექსტში შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“) მიერთების გზით და დაიწყო შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ ლიკვიდაცია. უნივერსიტეტი ჩაითვალა ხსენებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამონაცვლედ.

უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი და მე-8 მუხლის პირველი პუნქტების თანახმად, წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის მართვის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს, ამავე კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის ,,ნ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე წარმოადგენს რა, უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად, პერსონალის სამსახურში მიღების წესის დამდგენ ორგანოს, მოქმედებს რა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების მე-2 და მე-12 პუნქტების (რომელთა საფუძველზეც უნივერსიტეტი წარმოადგენს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების უფლებამონაცვლეს) და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული დამსაქმებლის უფლებამოსილებებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის,   38-ე მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 38-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 15 ნოემბრის №346 დადგენილების მე-6 და მე-8 პუნქტების, ,,შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის" ლიკვიდაციისა და ლიკვიდატორის დანიშვნის შესახებ“ სსიპ - საწარმოთა მართვის სააგენტოს 2010 წლის 21 დეკემბრის №1-3/1118 ბრძანების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული უნივერსიტეტის წესდების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის,  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1.    შეუწყდეთ სტატუსი და შრომითი ურთიერთობა 2011 წლის 1 იანვრიდან,  ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და სასწავლო პროცესის წარმართვის მიზნით მოწვეულ პედაგოგებს;

2.    სასწავლო პროცესის უწყვეტად, მოქმედ კანონმდებლობასა და სტანდარტებთან შესაბამისობაში წარმართვისა და სტუდენტთა ინტერესების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“ იმ აკადემიურ პერსონალთან, ვისაც მიმდინარე სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გააჩნია არსებული საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული შესასრულებელი ვალდებულება, გაგრძელდეს შრომითი ურთიერთობა, მათ მიერ ზემოხსენებული ვალდებულებების სრულ ამოწურვამდე;

3.    დაევალოს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს, წარმოადგინონ წინადადებები, ფაკულტეტზე არსებული  აკადემიური თანამდებებობების ვაკანსიების შევსების მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კონკურსის გამოცხადებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის სტუდენტური კონტინგენტის ზრდის პროპორციულად;

4.    დაევალოს უნივერსიტეტის შესაბამის ფაკულტეტებს, წარმოადგინონ წინადადებები, 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, სასწავლო პროცესის კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან წარმართვის უზრუნველყოფის მიზნით, აკადემიური თანამდებებობის ვაკანსიების შევსებისათვის ჩასატარებელი კონკურსის შედეგების დამტკიცებამდე, სახელშეკრულებო საწყისებზე, მოწვეული სპეციალისტების სახით მისაღები პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის და კანდიდატების განსაზღვრის თაობაზე, უნივერსიტეტის სტუდენტური კონტინგენტის ზრდის პროპორციულად;

5.    შეუწყდეთ შრომითი ურთიერთობა 2011 წლის 1 იანვრიდან, ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს;

6.    დაევალოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს განსაზღვროს იმ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის რაოდენობა, რომელიც  საჭიროა, ყოფილი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და შპს ,,საქართველოს ეკონომიკისა და სამართლის სასწავლო უნივერსიტეტის“  შენობებში მიმდინარე სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვის უზრუნველყოფისა და მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სათანადოდ ფუნქციონირების, აგრეთვე მატერიალური ფასეულობების, საფინანსო და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის, სტუდენტთა პირადი საქმეების უნივერსიტეტზე გადმოცემის პროცედურების განხორციელებისათვის, შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. 

7.    ყოფილი სსიპ - თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალსა და მოწვეულ პედაგოგებს, აგრეთვე ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს რომლებსაც შეუწყდათ სტატუსი და შრომითი ურთიერთობა, მიეცეთ 1 (ერთი) თვის შრომის ანაზღაურება;

8.    წინამდებარე დადგენილება გადაეცეს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად;

9.    წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ დამტკიცების შემდეგ.



ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი