ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

2007 წლის 9 ივლისის

დადგენილება N36

სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის დამტკიცების  შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,

დამტკიცდეს ინსრტუქცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის შესახებ ( დანართი 1).

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი


სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქცია

 

მუხლი 1. ზოდაგი დებულებანი
1. სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქცია (შემდგომში – ინსტრუქცია) განსაზღვრავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტების მიერ სადოქტორო პროგრამის წარდგენის წესებს;
2. თსუ ფაკულტეტების მიერ დოქტორანტურაში მიღება ცხადდება კონკრეტულ სადოქტორო პროგრამებზე.

მუხლი 2. სადოქტორო პროგრამა
1. ფაკულტეტი დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს კონკრეტულ სადოქტორო პროგრამებზე.
2. სადოქტორო პროგრამა ადგენს მეცნიერების ამა თუ იმ დარგში დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვების პირობებს.
3. სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი ნაწილისაგან და სრულდება სადისერტაციო ნაშრომის შესრულებით.
4. სადოქტორო პროგრამაში ჩართულ დოქტორანტს ჰყავს სამეცნიერო ხელმძღვანელი და აქვს კონკრეტული კვლევითი პროექტი, რომელიც მიესადაგება შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამის პრობლემატიკას/სფეროს.
5. სადოქტორო პროგრამაში ერთიანდებიან დოქტორანტები კვლევით ჯგუფებად, ჩართულნი არიან თანხმლებ სასწავლო პროგრამასა და სწავლების პროცესში. თითოეული დოქტორანტი უზრუნველყოფილია ხელმძღვანელით.

მუხლი 3 . სადოქტორო პროგრამის სახეები
1. სადოქტორო პროგრამა შეიძლება დაემთხვეს ზოგადი დისციპლინის დასახელებას.
2. სადოქტორო პროგრამა შეიძლება იყოს სუბდისციპლინარული ან თემატური, რომელიც მიზნად ისახავს დისციპლინის ცალკეული პრობლემური სფეროს გამოკვლევას.
3. სადოქტორო პროგრამა შეიძლება, ერთი დისციპლინის ფარგლებში თავსდებოდეს ან იყოს ინტერდისციპლინარული/მულტიდისციპლინარული.
4. სადოქტორო პროგრამები შეიძლება, გაერთიანდეს სადოქტორო სკოლებში, ინტერდისციპლინარულ ცენტრებში და ა. შ.
5. თუ დოქტორანტობის კანდიდატის მიერ შემოთავაზებული თემა არ თავსდება უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული სადოქტორო პროგრამების ფარგლებში, ფაკულტეტს შეუძლია, მიიღოს დოქტორანტი ინდივიდუალური პროგრამით, თუკი არის შესაძლებელი, უკვე შექმნილი სადოქტორო პროგრამებიდან შეირჩეს კანდიდატისათვის შესაფერისი კურსები.
6. ინდივიდუალური პროგრამით ჩარიცხული დოქტორანტი ისევე, როგორც თემატური სადოქტორო პროგრამის მონაწილე დოქტორანტი, ჩართულია სასწავლო პროცესში (გარდა გარდამავალი დებულებით მიღებული დოქტორანტებისა, რომლებსაც არ ეხება სასწავლო კომპონენტი).
7. ინდივიდუალური პროგრამით მიღება შეიძლება, განხორციელდეს იმ მაძიებლებისა და ასპირანტებისთვის, რომელთა მიმართულებები გაუქმებულია და/ან რომლებზეც ვრცელდება „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შესახებ დადგენილების“ გარდამავალი დებულებები.

მუხლი 4. სადოქტორო პროგრამის წარდგენა

1. სადოქტორო პროგრამა განიხილება ფაკულტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ინსტიტუტი, დეპარტამენტი, მიმართულება და ა. შ.) სხდომაზე ან შესაბამისი პროფილის მქონე აკადემიური პერსონალის (მოწვეული პედაგოგების) მიერ. გადაწყვეტილება მიიღება სხდომის მონაწილეთა ხმათა უბრალო უმრავლესობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით განხილული პროგრამის შეჯერებული ვარიანტი განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ამოწმებს პროგრამის შესაბამისობას სადოქტორო პროგრამის მომზადების ინსტრუქციასა და ფაკულტეტის სადოქტორო დებულებასთან. ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს თსუ ხარისხის მართვის სამსახურთან შეთანხმებით.
4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დადებითი დასკვნის შემთხვევაში პროგრამა განსახილველად გადაეცემა ფაკულტეტის საბჭოს.
5. ფაკულტეტის საბჭო განიხილავს პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს.

მუხლი 5. სადოქტორო პროგრამის რეკვიზიტები
წარმოდგენილი სადოქტორო პროგრამა უნდა შეიცავდეს:

• სადოქტორო პროგრამის სახელწოდებას, რომელი სამეცნიერო თემის/პრობლემის/სფეროს ირგვლივ ერთიანდება ესა თუ ის პროგრამა.
• მისანიჭებელ აკადემიურ ხარისხს (ქართულად და ინგლისურად).
• პროგრამის საკვალიფიკაციო დახასიათებას: რას ისახავს პროგრამა მიზნად, რა არის სავარაუდო საკვლევი პრობლემები, კითხვები და რა არის მოსალოდნელი შედეგი: პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულის დარგობრივი კვალიფიკაცია, ცოდნა, კომპეტენციები, უნარ-ჩვევები; დასაქმების სფეროები: მიუთითეთ, სად შეეძლება მუშაობა აღნიშნული სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს.
• ინფორმაციას სადოქტორო პროგრამის სტრუქტურის შესახებ: ცალკეული კურსების, მოდულების, ლექციების სერიების, სემინარების, სამუშაო ჯგუფების, საგნების ჩამონათვალისგან, კრედიტების განაწილების შესახებ ინფორმაციისგან.
• პროგრამაზე ჩარიცხვისთვის აუცილებელ განსაკუთრებულ წინაპირობებს.
• დოქტორანტების რაოდენობას: რამდენი დოქტორანტის მიღება არის შესაძლებელი ადამიანური და მატერიალური რესურსებიდან გამომდინარე.
• სამეცნიერო კვლევის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღწერას.
• პროგრამაში მონაწილე პროფესორების/დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მოწვეული პირების ჩამონათვალს და ბიოგრაფიული მონაცემებს, პროგრამის ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელების ბიოგრაფიული მონაცემებს (cv);
• შეთანხმებებს კვლევით ან სხვა დაწესებულებებთან, რომლებიც მონაწილეობენ დაგეგმილი სადოქტორო პროგრამის შესრულებაში.

მუხლი 6. სასწავლო გეგმა
სასწავლო გეგმა შედგება:
ა) დოქტორანტების კოლოკვიუმისგან. კოლოკვიუმზე დოქტორანტი წარდგება მოხსენებით სადისერტაციო ნაშრომის მიმდინარეობის შესახებ და მონაწილეობს დისკუსიაში.
ბ) დარგობრივი კურსებისგან შემდგარი სავალდებულო ან სავალდებულო-არჩევითი მოდულისგან. კურსები ამგვარ მოდულში არის არჩევითი. ცალკეული კურსი ეხება სპეციფიკურ თემას. დოქტორანტი ამ მოდულიდან ირჩევს მისი კვლევისთვის ყველაზე მეტად შესაფერის კურსებს.
გ)კვლევის მეთოდების და ხერხების სავალდებულო საუნივერსიტეტო/საფაკულტეტო მოდულისგან. სავალდებულო მოდულის საგნები უზრუნველყოფს დოქტორანტს მეთოდური საფუძვლებით დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობისთვის მის მიერ არჩეულ სფეროში და აძლევს მას წარმოდგენას მთლიანად დარგში კვლევის მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, დოქტორანტს უნივერსიტეტი შესთავაზებს ტრანსფერირებადი უნარების განმავითარებელ მოდულს, რომელიც იქნება არჩევითი. ეს საგნები შემოთავაზებული იქნება საუნივერსიტეტო დონეზე.
დ) სწავლების თანამედროვე მეთოდების სავალდებულო საუნივერსიტეტო კურსისა და პრაქტიკისგან.
ე) სხვა კომპონენტების აღწერისაგან.

მუხლი 7. სადოქტორო პროგრამის წარმოდგენისა და დამტკიცების ვადები:
1. სადოქტორო პროგრამები ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურს უნდა წარედგინოს 2007 წლის 10 სექტემბრამდე.
2. ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახური დადებითი შეფასების მქონე სადოქტორო პროგრამებს წარუდგენს ფაკულტეტის საბჭოს.
3. სადოქტორო პროგრამებს აკადემიური საბჭო ამტკიცებს 2007 წლის 24 სექტემბრამდე.
4. სადოქტორო პროგრამებზე მიღება ცხადდება 25 სექტემბრიდან. საბუთების მიღება იწარმოებს შესაბამის ფაკულტეტებზე 2007 წლის 8-19 ოქტომბერს.

მუხლი 8. გამოცდა უცხო ენაში
1. უცხო ენის გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას ახორციელებს თსუ–ს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილება 2007 წლის 25–28 სექტემბერს.
2. უცხო ენის B2 დონის სერტიფიკატის მფლობელები, ასევე ის კონკურსანტები, რომელთაც გავლილი აქვთ გერმანულ, ინგლისურ ან ფრანგულენოვანი მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის კურსი, წარადგენენ შესაბამის მოწმობას ფაკულტეტებზე.

მუხლი 9. ინსტრუქციის მიღების და გაუქმების უფლებამოსილება
1. ინსტრუქციას იღებს თსუ–ს აკადემიური საბჭო.
2. აკადემიური საბჭო უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილებები და დამატებები ინსტრუქციაში ან გააუქმოს იგი.