ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

25.06.07

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა N 30

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის თანახმად,
დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება ( დანართი N1).
საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

დანართი 1

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება


1. თავი 1. ზოგადი დებულებები

1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტის (ტექსტში შემდგომ „ფაკულტეტი“) სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს საქართველოს კანონის "უმაღლესი განათლების შესახებ" და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ტექსტში შემდგომ „თსუ“) აკადემიური საბჭოს დადგენილების „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის შეს ახებ“ შესაბამისად.
2. 1.2. დოქტორანტურა წარმოადგენს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურს, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობას. დოქტორანტურის მთავარი მიზანია პროფესიული მოღვაწეობის შესაბამისი სფეროების მაღალკვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადება, რომლებსაც შესწევთ უნარი: შექმნან ახალი ცოდნა, კრიტიკულად გაანალიზონ დაგროვილი სამეცნიერო გამოცდილება და მიღებული სამეცნიერო შედეგები გაავრცელონ პუბლიკაციების მეშვეობით, ასევე სასწავლო პროცესში და პრაქტიკაში მათი დანერგვის გზით და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას შემდეგი მიმართულებებით:

• პოლიტიკური მეცნიერება;
• ჟურნალისტიკა;
• საერთაშორისო ურთიერთობები;
• საზოგადოებრივი გეოგრაფია;
• სოციალური სამუშაო;
• სოციოლოგია;
• ფსიქოლოგია;

თავი 2. დოქტორანტურის პროგრამა და კომპონენტები

მუხლი 2.1. სადოქტორო პროგრამა

სადოქტორო პროგრამას იღებს ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ აკადემიერ საბჭოს. სადოქტორო პროგრამა შეიძლება წარმოდგენილ იქნას თსუ ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტის მიერ.

მუხლი 2.2. დოქტორანტურის კომპონენტები

2.2.1. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტებს. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3, დანარჩენი 2/3 ეთმობა კვლევას. დოქტორანტმა უნდა შეასრულოს 180 კრედიტი: სადისერტაციო თემის შესრულება და დაცვა ფასდება 120 კრედიტით, დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტი - 60 კრედიტით, მათ შორის: სპეციფიური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული - 40 კრედიტით, კვლევის მეთოდები და მეთოდოლოგია - 10 კრედიტით, შესაბამისი დარგის სწავლების კურსი და პედაგოგიური პრაქტიკა - 10 კრედიტით.

2.2.2. დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და მასში შედის:

• სპეციფიური დარგობრივი კურსებისგან შემდგარი მოდული, რომელიც გულისხმობს სადისერტაციო თემიდან გამომდინარე სპეციალური და მომიჯნავე საგნის გაღრმავებულ შესწავლას და მთავრდება გამოცდით;
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელი საფაკულტეტო მოდული, რომელიც გულისხმობს კვლევის მეთოდოლოგიისა და მეთოდების შესწავლას, რაც ასევე მთავრდება გამოცდით;
• სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსი, რასაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში (პროფესორის ხელმძღვანელობით ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარება). ამ კომპონენტის დასრულების შემდეგ დოქტორანტი ფასდება იმ პროფესორის მიერ, რომელიც ხელმძღვანელობას უწევდა წარმოდგენილ კურსს;
• დოქტორანტი თვითონ ირჩევს იმ სასწავლო კურსებს, რომლებიც მოცემულია დოქტორანტურის პროგრამაში.

2.2.3. დოქტორანტურის კვლევითი კომპონენტი მოიცავს:

• დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, ასევე სამეცნიერო სტატიების პუბლიკაციას, რომლებიც უნდა ასახავდეს თეორიულ ან/და ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და წვლილი შეჰქონდეს მეცნიერების განვითარებაში;
• კოლოკვიუმს, რომელიც წარმოადგენს დოქტორანტის კვლევის შედეგების პრეზენტაციას, დოქტორანტის საქმიანობის სფეროში ახალი სამეცნიერო მიღწევების, პრობლემების, ლიტერატურის შეფასება-განხილვას, რასაც მოყვება სამეცნიერო დისკუსია. დოქტორანტი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც გააკეთოს კოლოკვიუმზე პრეზენტაცია. თითოეული პრეზენტაცია ფასდება სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ. კოლოკვიუმის შეფასების წესს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
• დისერტაციის დაცვას ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას.

მუხლი 2.3. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა

დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულების და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.

მუხლი 2.4. დოქტორანტურაში ჩაბარების ვადები.

დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის და/ან გაზაფხულის სემესტრებისთვის.

მუხლი 2.5. დოქტორანტურის ხანგრძლივობა

დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.


თავი 3. დოქტორანტურაში მიღების წესი


მუხლი 3.1. დოქტორანტურაში მიღების წინაპირობები

3.1.1. დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.1.2. დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს ”საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ” 50-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
3.1.3. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებაზე სადისერტაციო საბჭოს დებულებით დადგენილი წესით. დოქტორანტს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
3.1.4. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნა.
3.1.5. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
3.1.6. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადგენილებით და სადოქტორო პროგრამებით შეიძლება დადგენილ იქნეს დამატებითი მოთხოვნები.
3.1.7. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტურაში კანდიდატის დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება თსუ სასწავლო დეპარტამენტს.
3.1.8. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი ჩარიცხვიდან მაქსიმუმ ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

მუხლი 3.2. განაცხადი

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველს წერილობითი განაცხადი შეაქვს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

• განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
• სარეკომენდაციო წერილი;
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
• ჩარიცხვის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ სადოქტორო პროგრამის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის ზოგად დახასიათებას;
• განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში

. მუხლი 3.3. დოქტორანტის ხელმძღვანელი

3.3.1. დისერტაციის ხელმძღვანელი არის ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს წევრი, რომელსაც ამტკიცებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დისერტაციის თანახელმძღვანელი შეიძლება იყოს ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს სხვა წევრი ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელიც არ არის ფაკულტეტის სადისერ¬ტაციო საბჭოს წევრი.
3.3.2. სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
3.3.3. ერთი პროფესორი ერთდროულად შეიძლება იყოს არაუმეტეს 5 დოქტორანტის ხელმძღვანელი.
3.3.4. დისერტაციის ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
3.3.5. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს ხელმძღვანელობაზე, ამის შესახებ სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განცხადება უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.
3.3.6 სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ თსუ-ში დაკავებული აკადემიური თანამდებობის დატოვება არ იწვევს დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე უარის თქმას, თუ თანამდებობის დატოვების შემდეგ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში მისი მოწვევის შესახებ. ამ შემთხვევაში თსუ, დოქტორანტის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის ხელი მოეწერება ახალ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეების ვალდებულებების გარდა განისაზღვრება ხელმძღვანელის შრომის ანაზღაურების პირობები.

მუხლი 3.4. უნივერსიტეტის მოვალეობა დოქტორანტის წინაშე

თსუ უზრუნველყოფს:

• დოქტორანტის კვლევისათვის საჭირო მატერიალურ პირობებს (კომპიუტერი, ინტერნეტ-კავშირი, ბიბლიოთეკა და ა.შ.) და სათანადო სამეცნიერო გარემოს (პროფესიონალ მკვლევარებთან ურთიერთობის შესაძლებლობას);
• დოქტორანტის მონაწილეობას თსუ სასწავლო პროცესში.

მუხლი 3.5. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა

ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:


• პლაგიატის ან მონაცემების გაყალბების დადასტურების შემთხვევაში;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას;
• ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

თავი 4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო


მუხლი 4.1. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო

4.1.1 ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო (ტექსტში “სადისერტაციო საბჭო”) შედგება ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.
4.1.2. სადისერტაციო საბჭო თავის უფლებამოსილებას განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის, თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებების, ამ დებულების და სადისერტაციო საბჭოს დებულების საფუძველზე. ფაკულტეტის საბჭო იღებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და მას დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ აკადემიური საბჭოს.
4.1.3. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სადისერტაციო საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომის დამსწრე წევრთა უმრავლესობით, გარდა 4.1.4 და 4.1.5 მუხლებში აღნიშნული შემთხვევებისა.
4.1.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო თავისი შემადგენლობიდან ფარული კენჭიყრით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს 2 წლის ვადით. თავმჯდომარის არჩევამდე სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
4.1.5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის წარდგინებით სადისერტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საბჭოს მდივანს.
4.1.6. საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
4.1.7. საბჭოს სხდომებს იწვევს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე. სადისერტაციო საბჭოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/5-ის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს საბჭოს რიგგარეშე სხდომა.

თავი 5. დისერტაციის წარდგენა და დაცვა;

დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

მუხლი 5.1. დისერტაცია

5.1.1. დისერტაცია წარმოადგენს დოქტორანტის დამოუკიდებელი კვლევის საფუძველზე შექმნილ სამეცნიერო ნაშრომს, რომელსაც საფუძვლად უდევს მოპოვებული ახალი ცოდნა და, რომელიც მოწოდებულია წვლილი შეიტანოს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში. თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევისას.
5.1.2. სადისერტაციო ნაშრომის ზომას, ფორმატს და სტილს განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

მუხლი 5.2. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება

ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახორციელებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

მუხლი 5.3. დისერტაციის ენა


დისერტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი უცხო ენაზე შესრულება. ამ შემთხვევაში დისერტანტს მოეთხოვება სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს დისერტაციის შემოკლებული ქართულენოვანი ვერსია (არანაკლებ დისერტაციის მოცულობის ნახევრისა).

მუხლი 5.4. დისერტაციის წარდგენა

5.4.1. დოქტორანტი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადასცემს დისერტაციის 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარს. უცხოელი რეცენზენტის არსებობის შემთხვევაში, დოქტორანტმა უნდა წარმოადგინოს სადისერტაციო ნაშრომის ელექტრონული უცხოენოვანი ვერსია. დისერტაციის უცხოენოვანი ვერსიის მოცულობას განსაზღვრავს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. დისერტაციის ქართულენოვანი და უცხოენოვანი ვერსია განთავსდება ფაკულტეტის ვებ-გვერდზე, ხოლო უცხოენოვანი ვერსია სარეცენზიოდ ეგზავნება დისერტანტის უცხოელ შემფასებელს.
5.4.2. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა სადისერტაციო საბჭოს წარუდგინოს წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
5.4.3. დოქტორანტმა უნდა წარადგინოს ცნობა დოქტორანტურის სასწავლო კომპონენტის წარმატებით დამთავრების შესახებ.
5.4.4. დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტს უნდა ჰქონდეს:
ა) დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) მინიმუმ 3 სამეცნიერო პუბლიკაცია (მათ შორის ორ პუბლიკაციას გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება, ხოლო მინიმუმ ერთი პუბლიკაცია ქვეყნდება ქართულენოვან სამეცნიერო გამოცემაში) ან
ბ) დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული (ან მიღებული გამოსაქვეყნებლად) მინიმუმ 2 სამეცნიერო პუბლიკაცია (მათ შორის ერთს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება, ხოლო მინიმუმ ერთი პუბლიკაცია ქვეყნდება ქართულენოვან სამეცნიერო გამოცემაში) და წარმოდგენილ დისერტაციაზე რეცენზია, რომელსაც წერს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებელი.
5.4.5. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს შეუძლია შემოიღოს დისერეტაციის წარდგენისა და დაცვის პროცედურასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები.

მუხლი 5.5. დისერტაციის შემფასებლები და დისერტაციის დაცვაზე დაშვების პირობები

5.5.1. ყოველ დისერტაციას აფასებს ფაკულტეტის სადისტერტაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული მინიმუმ ორი შემფასებელი. დისერტაციის შეფასება წერილობითი სახით ეგზავნება ან გადაეცემა ფაკულტეტის სადისტერტაციო საბჭოს. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანლის მოთხოვნით ერთი შემფასებელი შეიძლება იყოს უცხოეთის რომელიმე სასწავლო ან სამეცნიერო დაწესებულების მოქმედი ან გადამდგარი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის მქონე პირი.
5.5.2. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ მათთვის დისერტაციის გადაცემიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში.
5.5.3. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ.
5.5.4. თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი ურაყოფითად შეაფასებს დისერტაციას, დისერტაცია დაცვაზე დაშვებული არ იქნება. დისერტაციის დაცვაზე არდაშვების შემთხვევაში სადოქტორო საბჭოს გადაწყვეტილებით დოქტორანტს უფლება ეძლევა, დამატებით იმუშაოს დისერტაციაზე და მისი შესწორებული ვერსია სადისტერტაციო საბჭოს ხელახლა წარუდგინოს არაუადრეს 1 წლისა.
5.5.5. ტექნიკური ხასიათის შენიშვნების არსებობის შემთხვევაში დასაშვებია დისერტაციის დაცვაზე დაშვება ამ შენიშვნების აღმოფხვრის დათქმით.
5.5.6. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც დაკავშირებულია დისერტაციის დაცვაზე დაშვების და შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. დისერტაციის დაცვა არ შეიძლება დაინიშნოს შეტყობინებიდან არაუადრეს 30 დღისა. სადისერტაციო საბჭო ვალდებულია დოქტორანტს გადასცეს შემფასებლების დასკვნების ასლები.
5.5.7. დისერტაციასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს მის დისერტაციასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას.

მუხლი 5.6. სადისერტაციო კომისია

5.6.1. დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭო ქმნის სადისერტაციო კომისიას. სადისერტაციო კომისია იქმნება დისერტაციის დაცვამდე არაუადრეს 30 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ ცნობილი გახდა, რომ კომისიის რომელიმე წევრს საპატიო მიზეზის გამო არ შეუძლია დისერტაციის დაცვაზე დასწრება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე უფლებამოსილია შეცვალოს ის საბჭოს სხვა წევრით.
5.6.2. სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ სფეროს სულ მცირე ხუთი წარმომადგენლისაგან, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია. სადისერტაციო კომისიის წევრთა ნახევარს მაინც შეადგენენ სადისერტაციო საბჭოს წევრები. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი, რომელიც არა არის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წევრი.
5.6.3. დისერტაციის ხელმძღვანელი და თემის შემფასებლები არ არიან სადისერტაციო კომისიის წევრები, თუმცა მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ კომისიის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით.
5.6.4. კომისიის თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის მოცემული დისერტაციის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5.6.5. სადისერტაციო კომისია უფლებამოსილია გაეცნოს დისერტაციაზე შემოსულ წერილობით გამოხმაურებებს.

მუხლი 5.7. დისერტაციის დაცვა

5.7.1. დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას – პრეზენტაციას.
5.7.2. მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო კამათი. შემფასებლები დეტალურად განიხილავენ დისერტაციას, წარმოაჩენენ მის ძლიერ და სუსტ მხარეებს და დისერტანტთან სადისკუსიოდ გამოაქვთ საკითხები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს საჯარო დაცვაზე. სადისერტაციო კომისია დისკუსიისა და განხილვის საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას.
5.7.3. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
5.7.4. დისერტაციის დაცვის რეგლამენტი განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

მუხლი 5.8 დისერტაციის შეფასება

5.8.1 დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებს ადგენს სადისერტაციო საბჭო.
5.8.2. დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე. დისერტაციისა და დაცვის შეფასებების საფუძველზე საგამოცდო კომისია იღებს საბოლოო შეფასებას.
5.8.3. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემის მიხედვით:

  • summa cum laude - ფრიადი
  • magna cum laude - ძალიან კარგი
  • cum laude - კარგი
  • bene - საშუალო
  • rite - დამაკმაყოფილებელი
  • insufficienter - არადამაკმაყოფილებელი
  • sub omni canone - სრულიად არადამაკმაყოფილებელი

5.8.4. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუკი მას საგამოცდო კომისიის უმრავლესობა აფასებს „არადამაკმაყოფილებლით“ ან “სრულიად არადამაკმაყოფილებლით”. ხმათა გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
5.8.5. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
5.8.6 თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 1 თვის განმავლობაში.
5.8.7 დისერტაციის განხილვისა და შეფასების დამატებითი მოთხოვნები განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს დებულებით.

მუხლი 5.9. დისერტაციის გამოქვეყნება

5.9.1. დაცვის შემდეგ დისერტაცია უნდა გამოქვეყნდეს ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. დისერტაციის ბეჭდური ვერსია უნდა გამოიცეს თსუ-ს გამომცემლობის მიერ, ხოლო ელექტრონული ვერსია უნდა განთავსდეს ფაკულტეტის ვებ-გვერდზე. ფაკულტეტი ვალდებულია უზრუნველყოს დისერტაციის გამოქვეყნების ტექნიკური მხარის მოგვარება.
5.9.2. აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა არ გაიცემა დისერტაციის ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით გამოქვეყნებამდე.

მუხლი 5.10. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი

5.10.1. დისერტაციის დაცვის და გამოქვეყნების შემდეგ დოქტორანტს გადაეცემა ფილოსოფიის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს ფილოსოფიის დოქტორად.
5.10.2. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. დიპლომს ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. დიპლომის ასლი ინახება თსუ არქივში.
5.10.3. თუ დისერტაცია მომზადდება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში და დაცვა განხორციელდა თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ამ შემთხვევაში, მოწმობა უნდა შეიცავდეს მითითებას, თუ რომელი უნივერსიტეტები მონაწილეობდნენ აღნიშნულ პროგრამაში.

მუხლი 5.11 ბათილობა

სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა და აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის არგაცემის ან ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.

თავი 6. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამები

მუხლი 6.1. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის სტატუსი

6.1.1. შესაძლებელია აკადემიური ხარისხის ერთობლივი მინიჭება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში. ამ დებულებით უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამაში იგულისხმება ორ ან რამდენიმე უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული სადოქტორო პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეა თსუ, კერძოდ კი პოლიტიკურ და სოციალური მეცნიერებათა ფაკულტეტი.
6.1.2. სადოქტორო პროგრამის განხორციელება წესრიგდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სხვა უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შექმნის შესახებ.

მუხლი 6.2. განცხადება უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ

6.2.1 უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის არსებობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკამაყოფილებდეს ამ პროგრამის ფარგლებში მონაწილე უნივერსიტეტების დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
6.2.2 განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

მუხლი 6.3. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმები
უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფორმებია:

• ერთობლივი ხარისხის მინიჭება;
• ერთობლივი სწავლების ორგანიზება;
• თანახელმძღვანელების არსებობა.

მუხლი 6.4. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის დისერტაციის ხელმძღვანელი / თანახელმძღვანელები

6.4.1. უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში დისარტაციას ხელმძღვანლად ინიშნება ამ პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი ან თანახელმძღვანელებად ინიშნებიან თითო პროფესორი ორივე უნივერსიტეტიდან.
6.4.3 დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად აუცილებელია, დოქტორანტის თანახელმძღვანელებმა სადისერტაციო საბჭოს წარუდგინონ წერილობითი დასკვნა იმის თაობაზე, რომ ისისნი გაეცნენ დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე წარსადგენად.
6.4.3. თუ უნივერსიტეტთაშორისი სადოქტორო პროგრამის ფარგლებში განხორციელებული დისერტაციის დაცვა დანიშნულია თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოზე დისერტაციის საქმის წარმოება და დისერტაციის დაცვის პროცედურა წარიმართება ამ დებულებით.

თავი 7. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭება

მუხლი 7.1 საპატიო დოქტორის წოდება
7.1.1. სოციალურ მეცნიერებათა სფეროში განსაკუთრებული სამეცნიერო დამსახურების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს საპატიო დოქტორის – დოცტორ ჰონორის ცაუსა (Dr.h.c.) - აკადემიური ხარისხი.
7.1.2. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

თავი 8. გარდამავალი დებულებები

მუხლი 8.1. გარდამავალი დებულებები
8.1.1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით განსაზღვრული წესით.
8.1.2 თსუ დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისგან. მათი დოქტორანტურაში ჩარიცხვა მოხდება ერთ-ერთი ევროპული სამეცნიერო ენის (გერმანული, ინგლისური ან ფრანგული) არანაკლებ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენის შემდეგ. ამ სერტტიფიკასტის წარმოდგენა უნდა მოხდეს დოქტორანტურაში პირველი მიღების გამოცხადების დღიდან არაუმეტეს ორი წლის განმავლობაში. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
8.1.3. თსუ-ს ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ დისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
8.1.4. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც თსუ დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად.

თავი 9. დასკვნითი დებულებები

მუხლი 9.1 დებულების ძალაში შესვლა

ეს დებულება ძალაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.


დანართი 1

ადგილი, თარიღი


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს

ბატონ ----------------------------------------------

0128 თბილისი,
ჭავჭავაძის გამზირი, 3.

განმცხადებლის სახელი, გვარი
მისამართი:
ტელ.:
ელ-ფოსტა:

განცხადება დოქტურანტურაში ჩარიცხვის შესახებ

ბატონო ------------------,

გთხოვთ ჩამრიცხოთ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

ჩემს მიერ შერჩეული თემაა: --------------------------------------------------------
(თემის სახელწოდება)

თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობა განაცხადა პროფესორმა

-----------------------------------------------------;

ვადასტურებ, რომ ვაკმაყოფილებ დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებულ ჩარიცხვის წინაპირობებს და სრულად წარმოგიდგენთ დებულების მე-8 მუხლით გათვალისწინებულ დოკუმენტებს.

პატივისცემით,

სახელი, გვარი

დანართები:

• განმცხადებლის ავტობიოგრაფია,
• ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა,
• მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი,
• ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლეს სასწავლებელში დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე.

 

დანართი 2

 

ადგილი, თარიღი


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს

ბატონ ----------------------------------------------

0128 თბილისი,
ჭავჭავაძის გამზირი, 3.

განმცხადებლის სახელი, გვარი
მისამართი:
ტელ.:
ელ-ფოსტა:

დოქტორანტის ახსნა-განმარტება

 

ბატონო ------------------,

ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი თემა: ---------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------
(თემის სახელწოდება)

პროფესორ --------------------------------------------------------- ხელმძღვანელობით

შევასრულე დამოუკიდებლად და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

ჩემთვის ცნობილია სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების მოთხოვნები და ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს არასწორი მონაცემების წარდგენას.

 

 

პატივისცემით,

სახელი, გვარი