ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.10.2011, №108/2011 დადგენილებით


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

აკადემიური საბჭო

28.05.2007

დ ა დ გ ე ნ ი ლ ე ბ ა №23

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაცის საბჭოს დებულება (დანართი 1)

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის
სადისერტაციო საბჭოს
დებულება



I. ზოგადი დებულებები

1. მიზანი
1.1. ეს დებულება აწესრიგებს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სადოქტორო პროგრამების განხორციელებისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებისათვის აუცილებელ პროცედურას `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის შესაბამისად.
1.2. დოქტორანტურის მიზანია: სადოქტორო პროგრამების საფუძველზე დოქტორანტის ინტელექტუალური ზრდა, აკადემიური და კვლევითი რესურსების დაახლოება, ქვეყანაში სამეცნიერო მუშაობის გააქტიურება და ხარისხის ამაღლება, დოქტორანტის ინტეგრაცია საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში.

2. დოქტორანტურა
2.1. დოქტორანტურა არის უმაღლესი აკადემიური განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრების მომზადებას და მთავრდება ფილოსოფიის დოქტორის – Ph.D. აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2.2. დოქტორანტურა მოიცავს სასწავლო და კვლევით კომპონენტს.
2.3. დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში.
2.4. დოქტორი – უმაღლესი აკადემიური ხარისხია, რომელიც დოქტორანტურის კურსდამთავრებულს ენიჭება დისერტაციის დაცვის შემდეგ.

II. დოქტორანტურაში მიღების წესი

3. დოქტორანტურაში სწავლის უფლება
3.1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს მაგისტრს, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
3.2. `უმაღლესი განათლების შესახებ~ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად, დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს უცხოეთის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებულს.

4. დოქტორანტურაში მიღების პირობები
4.1. დოქტორანტობის კანდიდატი წარმოადგენს განაცხადს და გადის გასაუბრებას სადისერტაციო საბჭოს მიერ დადგენილი კომისიის წინაშე.
4.2. დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი უცხო ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ ჩ1 დონეზე ცოდნა.
4.3. დოქტორანტობის კანდიდატი, თუ მას ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და ქართული მისი მშობლიური ენა არ არის, წარმოადგენს ქართული ენის ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.
4.4. ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს დოქტორანტად ჩარიცხვის შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. გადაწყვეტილება ეცნობება უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.
4.5. უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი, ჩარიცხვიდან ორ თვეში ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

5. განაცხადი
დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის დოქტორანტობის კანდიდატი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარადგენს განაცხადს, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
• ავტობიოგრაფია CV;
• დიპლომის დამოწმებული ასლი;
• უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
• სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.

6. სამეცნიერო ხელმძღვანელი
6.1. ფაკულტეტი უზრუნველყოფს დოქტორანტს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს.
დოქტორანტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სამეცნიერო ხელმძღვანელის შერჩევაში.
6.2.სამეცნიერო ხელმძღვანელს უნდა ჰქონდეს დოქტორანტის სადისერტაციო თემის პრობლემატიკაზე სამეცნიერო კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები.
6.3. სამეცნიერო ხელმძღვანელს შეუძლია უხელმძღვანელოს ერთდროულად არა უმეტეს სამი დოქტორანტისა, რაც აისახება მის სალექციო და კვლევით დატვირთვაში.
6.4. სამეცნიერო ხელმძღვანელი კონტროლს უწევს დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმის შესრულებას.
6.5. იმ შემთხვევაში, თუ სამეცნიერო ხელმძღვანელი უარს ამბობს სწავლის ნებისმიერ ეტაპზე დოქტორანტის ხელმძღვანელობაზე, იგი ვალდებულია ამის შესახებ დასაბუთებული განცხადება წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს.

III. დოქტორანტურაში სწავლა

7. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა და ჩაბარების ვადები
7.1. დოქტორანტს მოეთხოვება კურიკულუმის ელემენტების შესრულება, რაც იძლევა ფუნდამენტური კონცეფციების ცოდნას და უნარ-ჩვევების განვითარებას.
7.2. დოქტორანტმა სწავლის და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტისა. დოქტორანტურის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 5 წელი.
7.3. დოქტორანტურაში სასწავლო კომპონენტი შეადგენს კრედიტების საერთო რაოდენობის 1/3 (60 კრედიტი), დანარჩენი 2/3 (120 კრედიტი) ეთმობა კვლევას.
7.4. დოქტორანტურაში მიღება ცხადდება შემოდგომის სემესტრისათვის.

8. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები
8.1. დოქტორანტურის სასწავლო და კვლევითი კომპონენტები გულისხმობს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას.
8.2. სადოქტორო პროგრამის კურიკულუმს შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
კურიკულუმი მოიცავს:
• სპეციფიკური დარგობრივი კურსებისაგან შემდგარ მოდულს;
• ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელ საფაკულტეტო მოდულს ან ცალკეულ კურსებს (კვლევის მეთოდებსა და ხერხებს);
• სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსს, რომელსაც მოსდევს დოქტორანტის ჩართვა სწავლების პროცესში.
შემოთავაზებულ მოდულებში დოქტორანტს შეუძლია აირჩიოს საკვლევი თემის შესაბამისი კურსები.
8.3. დოქტორანტის კვლევის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით. ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. ინდივიდუალურ გეგმაში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა და კვლევის გრაფიკი.

9. დოქტორანტის კოლოკვიუმი
9.1. დოქტორანტურაში სწავლის აუცილებელი ნაწილია დოქტორანტის კოლოკვიუმი. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა.
9.2. დოქტორანტი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მაინც წარდგეს კოლოკვიუმზე მოხსენებით.

10. დოქტორანტის სტატუსის შეწყვეტა
ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორანტს შეიძლება დოქტორანტის სტატუსი შეუწყდეს:

• პლაგიატობის ან მონაცემების გაყალბების დადასტურებისას;
• უნივერსიტეტს, დოქტორანტსა და სამეცნიერო ხელმძღვანელს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობისას.

IV. სადისერტაციო საბჭო

11. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო, რომელიც იქმნება ფაკულტეტზე.
12. სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა სრული და ასოცირებული პროფესორისაგან.
13. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები, უნივერსიტეტის წესდებით დადგენილი წესით;
14. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს, ფარული კენჭისყრით, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ერთი და იგივე თავმჯდომარე ზედიზედ შესაძლებელია არჩეულ იქნეს 2-ჯერ. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი;
15. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სხდომაზე არყოფნის შემთხვევაში, საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სხდომის თავმჯდომარეს.

17. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები
17.1. სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სადისერტაციო საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა 2/3. გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით;
17.2. სადისერტაციო საბჭოს ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი;
17.3. სადისერტაციო საბჭო:

• იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში მიღების, სადისერტაციო თემისა და ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ;
• ნიშნავს შემფასებლებს და განსაზღვრავს დისერტაციის დაცვის თარიღს;
• განსაზღვრავს სადისერტაციო ნაშრომის ზღვრულ მოცულობას, სავარაუდო ფორმატს და სხვა ტექნიკურ მონაცემებს;
• ამტკიცებს სადისერტაციო კომისიას;
• სადისერტაციო კომისიის დასკვნის საფუძველზე ანიჭებს დოქტორის აკადემიურ ხარისხს;

18. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე:
• იწვევს და უძღვება სადისერტაციო საბჭოს სხდომებს სემესტრში ერთხელ მაინც;
• საბჭოს შემადგენლობიდან განსაზღვრავს სადისერტაციო კომისიას;
• უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის კოლოკვიუმების ორგანიზებას ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით;
• უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებას უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.

19. სადისერტაციო საბჭოს მდივანი
19.1. სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.
19.2. მდივანი უზრუნველყოფს სადისერტაციო საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას:
• აწარმოებს სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმებს, უნივერსიტეტში საქმის წარმოების ერთიანი წესების შესაბამისად;
• ეხმარება თავმჯდომარეს ორგანიზაციული საკითხების მოგვარებაში;
• ხელმძღვანელობს საბჭოს არქივსა და საქმის წარმოებას;
• კონსულტაციას უწევს და ეხმარება დოქტორანტებს დისერტაციის დაცვამდე და დაცვის შემდგომ სათანადო დოკუმენტაციის მომზადებაში.

V. დისერტაცია და მისი დაცვის პროცედურა

20. დისერტაცია
20.1. დისერტაცია უნდა ასახავდეს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს, ახასიათებდეს მეცნიერული სიახლე და წვლილი შეჰქონდეს დარგის განვითარებაში. იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტი კვლევით ჯგუფშია ჩართული, ნათლად უნდა ჩანდეს მისი წვლილი კვლევაში.
20.2. დისერტაცია შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე. სხვა ენაზე დისერტაციის შესრულების საკითხს წყვეტს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
სადისერტაციო ნაშრომის ზღვრული მოცულობა - 180-200 გვ (არაუმეტეს 400 000 ასო-ნიშანი)., დასკვნა – 10-12 გვ.; ნაშრომს თან უნდა ერთვოდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი; ფურცლის ზომა - A/4; ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს 12-იანი შრიფტით, შრიფტის სახეობა – Aცადნუსხ-ი; სტრიქონებს შორის მანძილი – 1,5; გვერდის საზღვრები: მარცხნიდან 3 სმ., მარჯვნიდან – 1 სმ., ზემოდან – 2,5 სმ., ქვემოდან – 2,5 სმ.

21. დისერტაციის წარდგენა
21.1. დოქტორანტი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს დისერტაციის ბეჭდურ (4 აკინძულ ეგზემპლარს) და ელექტრონულ ვერსიებს.
21.2. დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ ნაშრომი მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
21.3. დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელი სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს სადისერტაციო ნაშრომის საჯარო განხილვისათვის მზადყოფნის შესახებ დასკვნას.
21.4 დისერტაციის დაცვამდე, დისერტანტს დისერტაციის თემაზე გამოქვეყნებული უნდა ჰქონდეს მინიმუმ სამი სამეცნიერო პუბლიკაცია, რეცენზირებად ჟურნალებში, რომელთაგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო ექსპერტიზა. სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაცვის პროცესში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე უცხოელი შემფასებლის ჩართვისას, დისერტანტს მოეთხოვება ორი სტატიის გამოქვეყნება, მათ შორის ერთის - საერთაშორისო ექსპერტიზა. ექსპერტიზას უზრუნველყოფს უნივერსიტეტი.
21.5. რეცენზირებადი ჟურნალების ნუსხას ადგენს სადისერტაციო საბჭო.

22. დისერტაციის წინასწარი შეფასება
22.1. დისერტაციის წარდგენის შემდეგ, სადისერტაციო საბჭო დისერტაციის შესაფასებლად გამოყოფს მინიმუმ ორ გარე შემფასებელს.
22.2. დისერტაციის შეფასება წარმოებს შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ შემფასებლების ნახევარზე მეტი უარყოფითად შეაფასებს დისერტაციას, იგი დაცვაზე არ დაიშვება.
22.3. ორი შემფასებლიდან ერთის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, სადისერტაციო საბჭო 10 დღის ვადაში გამოყოფს მესამე გარე შემფასებელს.
22.4. შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა. მესამე შემფასებლის დანიშვნის შემთხვევაში, მას ნაშრომის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
22.5. დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების, ან დაცვაზე უარის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში, დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების პირობით.
22.6. შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის დისერტაციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
22.7. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იქნეს დაცვის თარიღი.
შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს დაცვისათვის მოსამზადებლად ეძლევა არანაკლებ 1 თვისა. დოქტორანტს უფლება აქვს გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
22.8. დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფითი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები ინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია გაეცნოს ამ დოკუმენტებს.

23. სადისერტაციო კომისია
23.1. სადისერტაციო საბჭო დისერტაციის დაცვის წინ ქმნის სადისერტაციო კომისიას.
23.2. კომისია შედგება მინიმუმ ხუთი წევრისაგან (ზოგადად, კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კენტი რიცხვით), რომელთაც აქვთ ხმის მიცემის უფლება.
23.3. ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ კომისიაში სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება.

24. დისერტაციის დაცვა
24.1. დისერტაციის დაცვა არის საჯარო.
24.2. დაცვის ენა არის ქართული, თუ სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
24.3. დაცვის პროცესი ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ ნაშრომის პრეზენტაციას, მეცნიერულ დისკუსიას და სადისერტაციო კომისიის დასკვნას.
24.4. სადისერტაციო საბჭოს მიერ თითოეული კომისიისათვის ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს არა უმეტეს ორი დაცვისა.

25. დისერტაციის შეფასება
25.1. დისერტაციის შეფასების კრიტერიუმებია:

• საკვლევი თემის აქტუალობა;
• კვლევის მეთოდების გამოყენების სათანადო დონე; კვლევის საგანთან და ობიექტთან მათი შესაბამისობა;
• მეცნიერების მოცემული დარგის განვითარებაში დისერტანტის მიერ შეტანილი წვლილი;
• მიღებული შედეგების პრაქტიკული რეალიზაციის შესაძლებლობების დასაბუთება;

25.2. დისერტაციის დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის დახურულ სხდომაზე ღია კენჭისყრით, რაზეც დგება ოქმი.
25.3. დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუ მას სადისერტაციო კომისიის უმრავლესობა უარყოფითად აფასებს. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ხმას, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობს სადისერტაციო კომისიას.
25.4 დისერტაციის შეფასებისას ხელმძღვანელის და გარეშემფასებლების შეფასება განისაზღვრება 2/3-ით, კომისიისა – 1/3-ით.

25.4. საბოლოო შეფასება ხდება შემდეგი სისტემით:

summa cum laude – ფრიადი;

magna cum laude – ძალიან კარგი;

cum laude – კარგი;

bene – საშუალო;

rite – დამაკმაყოფილებელი;

insufficienter - არადამაკმაყოფილებელი;

sub omni canone – სრულიად არადამაკმაყოფილებელი;

25.5. სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე, დოქტორანტს კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, ოქმიდან ამონარიდის სახით, აცნობს ზეპირად.
25.6. სადისერტაციო კომისიის მიერ, დისერტაციის უარყოფითად შეფასების შემთხვევაში, განმეორებითი დაცვა დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში.
25.7. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ, სადისერტაციო საბჭოს წარედგინება შედეგის გამოცხადებიდან ერთი თვის განმავლობაში.

26. ხარისხის მინიჭება
26.1. დოქტორანტს აკადემიურ ხარისხს ანიჭებს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო.
26.2. დიპლომი გაიცემა დისერტაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაუგვიანეს ერთი თვისა.
26.3. დიპლომი შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. დიპლომს ხელს აწერს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ფაკულტეტის დეკანი, უნივერსიტეტის რექტორი და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით.
26.4. დიპლომის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.

27. დისერტაციის გამოქვეყნება
დოქტორანტი ვალდებულია დისერტაციის დაცვის შემდეგ, სამი თვის ვადაში, გამოაქვეყნოს დისერტაცია ბეჭდური ან ელექტრონული ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, მასზე არ გაიცემა დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

28. დოქტორის აკადემიური ხარისხის ბათილობა
დოქტორის აკადემიური ხარისხი, ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დოქტორს ჩამოერთმევა აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის, სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენის შემთხვევაში.

VI. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით

29. შეთანხმება სადოქტორო პროგრამების განხორციელებაზე
სადოქტორო პროგრამის განხორციელება, პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით, წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.

30. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ
30.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წინაპირობებს.
30.2. განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად, უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.

31. დოქტორანტის ხელმძღვანელი
31.1. პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში, დისერტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. აუცილებელია ორივე ხელმძღვანელის დასკვნა და დისერტაციის დაცვაზე ერთ-ერთის დასწრება მაინც.
31.2. თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.

32. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს გასცემს ის უნივერსიტეტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა პარტნიორი უნივერსიტეტების მითითებით.

33. დისერტაციის წარმოდგენისა და დაცვის ენა
დისერტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულად და პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

VII. დაფინანსება


34. დოქტორანტის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო გრანტის, საუნივერსიტეტო დაფინანსების, სტიპენდიების, ქველმოქმედების და თვითდაფინანსების ფორმით.

VIII. გარდამავალი დებულებები


35. დოქტორის აკადემიური ხარისხის მისაღებად თსუ-ს ყველა მაძიებელმა და ასპირანტმა უნდა ჩააბაროს დოქტორანტურაში მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით.
36. უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩარიცხული ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც მინიმუმის საგნები აქვთ ჩაბარებული ან/და აპრობაცია აქვთ გავლილი, თავისუფლდებიან მინიმალური სტანდარტით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისაგან. დისერტაციის წარდგენა და დაცვა ხორციელდება მინიმალური სტანდარტით დადგენილი წესით. გამოქვეყნებული სამი სტატიიდან - ორმა უნდა გაიაროს საერთაშორისო რეცენზირება.
37. უნივერსიტეტის ის ასპირანტები და მაძიებლები, რომელთაც შესრულებული აქვთ ამ დებულებით გათვალისწინებული კვლევითი კომპონენტი და არა აქვთ ჩაბარებული მინიმუმის გამოცდები, სასწავლო კომპონენტით განსაზღვრული კრედიტების დაგროვების შემდეგ Dდისერტაციას წარადგენენ და დაიცავენ ამ დებულებით დადგენილი წესით.
38. იმ კვლევითი ინსტიტუტების ასპირანტები, რომლებთანაც უნივერსიტეტს დადებული აქვს ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის 35-ე მუხლის შესაბამისად.




დანართი 1
ადგილი, თარიღი

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს,
ბატონ/ქალბატონ _______________________

0128 თბილისი,
უნივერსიტეტის ქ. 1.

განმცხადებელი ____________________________
(სახელი, გვარი)

მისამართი __________________________________________

ტელ.:
ელ-ფოსტა:

განცხადება დოქტორანტურაში მიღების შესახებ

ბატონ/ქალბატონ _______________________ ,

გთხოვთ მიმიღოთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურაში.

ჩემს მიერ შერჩეული თემაა _______________________________________________________
(თემის სახელწოდება)

თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობა განაცხადა პროფესორმა _______________________________
(სახელი, გვარი)

ვადასტურებ, რომ ვაკმაყოფილებ დოქტორანტურის დებულებით გათვალისწინებულ მიღების პირობებს და სრულად წარმოგიდგენთ დებულების მე-5 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებს.

პატივისცემით, ____________________________
(სახელი, გვარი)

 

დანართები:
ავტობიოგრაფია CV;
დიპლომის დამოწმებული ასლი;
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი, ასლთან ერთად;
სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობა.