2011-09-30

საერთაშორისო მათემატიკური ინტერნეტ ოლიმპიადის სუპერფინალის შედეგები

2011 წლის 18 - 23 სექტემბერს არიელის (ისრაელი) უნივერსიტეტში გაიმართა  საერთაშორისო მათემატიკური ინტერნეტ ოლიმპიადის სუპერფინალი, სადაც მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 18 გუნდი. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადას საფუძველი ჩაეყარა 2008 წელს არიელის უნივერსიტეტის თაოსნობით და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტენმა უკვე შეძლეს ინდივიდუალური თუ გუნდური ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მოპოვება. 

წელს საქართველოს სახელით ისრაელში გაემგზავრა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტების გუნდი ნიკა სალიას, ბექა ერგემლიძის, ალექსანდრე ლომაძის, მიხეილ მებონიას და შოთა გარუჩავას შემადგენლობით. ამ სტუდენტებმა წარმატებით განვლეს ინტერნეტ ოლიმპიადის ფინალური ეტაპი მაისის თვეში და ოქროსა და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს. 

არიელში ჩვენმა სტუდენტებმა  ოთხი ბრინჯაოს მედალი და ერთი საპატიო სიგელი დაიმახურეს ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, ხოლო გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს გუნდმა მე-5 ადგილი დაიკავა.

მსგავს ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება ეხმარება ახალგაზრდებს ცოდნის გაღრმავებაში, გამოცდილების შესაძენასა და მომავალ კოლეგებთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან კონტაქტების დამყარებაში.

Print

« იხ. ყველა სიახლე