2011-04-04

ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებში მონაწილეთათვის!

თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამნეტის განცხადება სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსებთან დაკავშირებით.

თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ამა წლის 11 და 18 მარტს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა გამოყენებითი და ფუნდამენტური კვლევებისთვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსები. კონკურსების პირობები და განაცხადის ფორმები განთავსებულია ფონდის ელექტრონულ გვერდზე www.rustaveli.org.ge

ფონდში პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 2011 წლის 18 მარტიდან 27 აპრილის 18 სთ-მდე. ელექტრონულად დარეგისტრირებული პროექტებისათვის „პროექტის წარმომდგენი იურიდიული და ფიზიკური პირების ერთობლივი განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ“ ფონდში წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2 მაისის 18 საათისა.


პროექტებისთვის, რომლებიც წარდგენილნი იქნებიან ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით, როგორ წამყვანი ორგანიზაცია, აუცილებელია, ეს პროექტები წინასწარ დარეგისტრირდნენ თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში. ამასთან დაკავშირებით, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელებმა, არაუგვიანეს ამა წლის 21 აპრილისა (22-25 აპრილი სააღდგომო დღესასწაულებთან დაკავშირებით არასამუშაო დღეებია), უნდა წარმოადგინონ:
  1. პროექტის განაცხადის ფორმა, პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანლის, ძირითადი შემსრულებლების და თანამონაწილე  ორგანიზაციის ხელმძღვანლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერებით;
  2. პროექტის ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებული იქნება წამყვანი ორგანიზაციისთვის განკუთვნილი ზედნადები ხარჯი, ფონდიდან მოთხოვნილი თანხის 10%;
  3. გამოყენებითი სამეცნიერო კვლევებისთვის, პროექტის საანგარიშო პერიოდში ჩატარებულის სამუშაოს მოსალოდნელი შუალედური შედეგები/თვლადი ინდიკატორები ეტაპების მიხედვით;
  4. პროექტის შესრულებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობის დამადასტურებლად შესაბამისი ფაკულტეტის დეკანის ან საუნივერსიტეტო ინსტიტუტის დირექტორის ხელმოწერით დამოწმებული პროექტის განაცხადის ფორმის ასლი.

აღნიშნული ინფორმაცია დაგვეხმარება საკონკურსოდ წარდგენილი პროექტი იყოს ტექნიკურად გამართული, რათა იგი არ მოიხსნას ფონდის მიერ კონკურსის შესარჩევ ეტაპზე ტექნიკური ხარვეზის არსებობის გამო. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროექტის ბიუჯეტის ზუსტი შედგენა, რაც წინა წლების პრაქტიკიდან გამომდინარე ხშირად იყო პროექტის დაწუნების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.

ჩვენი დეპარტამენტი მზად არის გაგიწიოთ კონსულტაციები და დაგეხმაროთ პროექტის ფორმების ტექნიკური თვალსაზრისით გამართულად შევსებაში.

დამატებითი კონსულტაციებისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტში (თსუ II კორპუსი, ოთახი 131, ტელ.:22-24-73, ელ.ფოსტა: sciencerd@tsu.ge)

Print

« იხ. ყველა სიახლე